თითქმის ერთი თვე გავიდა "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმიდან, თუმცა შსს-ს მიერ იდენტიფიცირებული 32 წლის ბადრი ესებუას კვალს ჯერ ვერ მიაგნეს. თავდამსხმელის ძებნის ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები გრძელდება, თუმცა როდის დასრულდება და რა შედეგით, ჯერჯერობით უცნობია.
გთავაზობთ ამონარიდს, გაზეთ "კვირის პალიტრის“ სტატიიდან:
ლევანი, 45 წლის, ბადრი ესებუას თანასოფლელი:
"თვალის ჭრილზე რომ არაფერი ვთქვათ, ვერც ხმა მივამსგავსეთ. თქვეს, პირში რაღაც ედო, ხმა რომ შეეცვალაო. ვიდეოჩანაწერზე, რომელიც სოცქსელში გავრცელდა (როცა გალდავამ ფული მიუტანა), ზოგმა თქვა, მოთმინებადაკარგული კაცის ხმა ჰქონდა და მაშინ წამით თითქოს გვეცნო მისი ხმის ტემბრიო, მაგრამ მაინც ვერ ვიჯერებთ. მძევლები ამბობენ, საუბრისას რუსულ სიტყვებს ურევდაო. ასეთი რამ ბადრის არ ახასიათებდა, თან ის კაცი უფრო მხარბეჭიანი ჩანს...
ამ საქმემდე სულ რამდენიმე დღის წინ სიმინდის მოტეხაში ეხმარებოდა მეზობლებს. ასეთი რამ რომ ჰქონოდა ჩაფიქრებული, ასე არხეინად ვერ იქნებოდა. ამბობენ, ბანკის შენობა კარგად შესწავლილი ჰქონდაო და ნუთუ ერთი ვიდეოჩანაწერი არ აღმოაჩნდათ, რომ დაედგინათ, ნამდვილად დადიოდა თუ არა იმ ბანკში ხშირად.
მიკვირს, მშობლებზე როგორ არ დარდობს. მამამისმა კი მოუწოდა, ჩაბარდიო, მაგრამ კაცს თვითონაც არ სჯერა, თუ ბადრი ამის ჩამდენია. ამბობს, ნეტავ 2008 წლის ომში დაღუპულიყო, გმირად მაინც დარჩებოდაო. მგონია, რომ ბადრი უფრო თანამზრახველია, ვიდრე საქმის მთავარი გმირი. ვალიც იმდენი არ ჰქონია, რომ ამის გამო ამხელა რისკზე წასულიყო. მამამისს ზუგდიდში საამქრო აქვს, ტრაქტორი ჰყავდათ, მიწები აქვთ... ბიჭები დღედაღამ მუშაობდნენ, მამას ეხმარებოდნენ და როგორმე გაისტუმრებდნენ იმ ვალს". წაიკითხეთ სტატია სრულად