ავტორი:

"ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მომზადებული რომ არ დახვდა ამას, თორემ იმას ვერ დავაბრალებთ, ვირუსი რატომ გავრცელდა" - ვინ არის პასუხისმგებელი ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებაზე?

"ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მომზადებული რომ არ დახვდა ამას, თორემ იმას ვერ დავაბრალებთ, ვირუსი რატომ გავრცელდა" - ვინ არის პასუხისმგებელი ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებაზე?

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 3697 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაცვლილთა რიცხვი კი დღე-ღამეში 38-ია. დღესდღეობით, ქვეყანაში სულ გამოვლენილი Covid 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 93 092-ს შეადგენს, რაც მცირერიცხოვანი ერისთვის კატასტროფული მაჩვენებელია. დაინფიცირებულთა შორის 5000-მდე მედპერსონალია, რაც კიდევ უფრო ამწვავებს სიტუაციას.

ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველომ კოვიდინფიცირებულების რიცხვით ჩინეთსაც კი გადაუსწრო, სადაც ჯამში კორონავირუსის 88 669 შემთხვევაა დადასტურებული. იმაში, რომ ამ საშინელ გამოწვევას თავს ვერ ვართმევთ, გარკვეულწილად, ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს - ხელისუფლება იქნება, ოპოზიცია, ჯანდაცვის სისტემა თუ საზოგადოება. ფაქტი კი ისაა, რომ სიტუაცია ხელიდან გაქცეულია, ჭირს კრიზისის მართვა, უხილავი მტერი კი თავისას შვრება და არ გვინდობს.

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის აზრით, შექმნილ ვითარებაზე, ყველა შემთხვევაში, ხელისუფლებაა პასუხისმგებელი, რომელიც მიხვდა, რომ არ შეუძლია კრიზისის მართვა, თვალები დახუჭა, სირაქლემას პოზაში ჩადგა და ცდილობს ხელები დაიბანოს.

"ვფიქრობ, რომ კანონშიც წერია და კონსტიტუციითაც განსაზღვრულია, რომ ჩვენ ხელისუფლებას ვქირაობთ იმიტომ, რომ დაიცვას თავისი მოქალაქეების ძირითადი ფუნდამენტური უფლებები - სიცოცხლის უფლება, ჯანმრთელობის უფლება, კეთილდღეობა და ა.შ. ასე რომ, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ვისი პასუხისმგებლობაა შექმნილი სიტუაცია. ვინ და რა რისკ-ფაქტორები ზემოქმედებს ამ ყველაფერზე, ეს ცალკე საკითხია, თუმცა წილი სხვა ფაქტორებისა, შეიძლება ითქვას მინიმალურია, მათ შორის - ოპოზიციის. ოპოზიციის ქმედებებზეც, თქვენ წარმოიდგინეთ, საბოლოო ჯამში, მაინც ხელისუფლებაა პასუხისმგებელი. ოპოზიციის პასუხისმგებლობა სხვა ტიპის პასუხისმგებლობაა. ხელისუფლება თუ თვლის, რომ რაღაც ექსტრემალური ღონისძიებები უნდა გაატაროს, მან უნდა გაატაროს და უზრუნველყოს ამ ღონისძიებების გატარება. ცესკოსთან რომ მივიდნენ, ხომ მიასხეს წყალი? მაგრამ თვითონ ხელისუფლება არ თვლის ასე, არ აცხადებს “ლოქდაუნს” და ამბობს, რომ ცხოვრება მშვენიერია. ანუ ხელისუფლების განწყობაშიც და მოქმედებაშიც არ იგრძნობა ის, რომ ვითარება არის ექსტრემალური. შესაბამისად, ასეთ ვითარებაში რა უნდა მოთხოვო ოპოზიციას?

ვფიქრობ, ხელისუფლება მიხვდა, რომ არ შეუძლია ამ ყველაფრის მართვა და უბრალოდ, თვალები დახუჭა, სირაქლემას პოზაში ჩადგა და ცდილობს ხელები დაიბანოს. მას უხარისხო მცდელობებიც აქვს, რომ ყველაფერი ოპოზიციას დააბრალოს, საერთო გლობალურ პრობლემაზე ჩამოწეროს და ა.შ. ხელისუფლება გვიმალავს მარტივ სტატისტიკას, რომ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით, ჩვენ დღეს ჩემპიონები ვართ - ასეთი რაოდენობის ინფიცირება და ასეთი შემაშფოთებელი სტატისტიკა, რაც დღეს საქართველოშია, მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა, პრაქტიკულად, არსად არის. იქ ბევრგან “ლოქდაუნია”, მათ შორის რეგიონული ჩაკეტვის მექანიზმებია, ჩვენთან ამას არ იყენებენ.

დღემდე არ ვიცით, რა რესურსი გვაქვს ჯანდაცვის სისტემაში, საკმაოდ პრობლემატურად მუშაობს იგივე ცხელი ხაზი, მათ შორის, დაავადებულებსაც უწევთ რიგში დგომა იმისათვის, რომ ელემენტარულად, ტესტი აიღონ, მკურნალობაზე საერთოდ ლაპარაკი არ არის. ხელისუფლებას და ჯანდაცვის სისტემას ძალიან უჭირთ, ვერ მართავენ სიტუაციას. ხელისუფლებამ, როგორც კარგმა კრიზის-მენეჯერმა, მთავარი დივიდენდი პირველ ტალღასთან დაკავშირებით მოიპოვა. ახლა ამ მიმართულებით კატასტროფულ შედეგებს აჩვენებენ.

პანდემია კიდევ უფრო თუ გავრცელდა, ეკონომიკაც უკან მოგვრჩება. კოლაფსი თუ დადგა, ის დადგება ეკონომიკაშიც. ასე რომ, სისულელეა ის არგუმენტი, რომ ეკონომიკა ვერ გაუძლებს და ჩამოინგრევა. შენ თუ თვლი, რომ ადამიანების სიცოცხლის უზრუნველსაყოფად რაღაც ზომების გატარება გჭირდება, მაგრამ არ ატარებ და ეკონომიკური ინტერესებიდან გამოდიხარ, საბოლოო ჯამში, აღარც ცოცხალი ადამიანები გეყოლება და აღარც ეკონომიკა გექნება.

ეს არის აბსოლუტურად მცდარი და დანაშაულებრივი ლოგიკა, სიმართლე გითხრათ, ამას კატეგორიულად არ ვიზიარებ. ჩვენ სისტემურ "ლოქდაუნზე" ხომ არ ვლაპარაკობთ? აქ ლოკალურ ჩაკეტვებზეა საუბარი, არაა აუცილებელი მთელი ქვეყანა გააჩერო ერთბაშად, არამედ შედარებით მძიმე ზონები. მაგალითად, რაჭის ჩაკეტვას ხომ არავინ გთხოვს, მაგრამ სადაც სტატისტიკა მძიმე გაქვს, იქ რაღაც პერიოდი უნდა ჩაკეტო, ანუ რეგიონული პრინციპით იმოქმედო და ეს ახლა კი არა, მაშინ უნდა გაეკეთებინათ, როცა აჭარაში დაიწყო პროცესი. გეოგრაფიულად რომ შევხედოთ, იქიდან წამოვიდა ეს ყველაფერი. აჭარა რომ სათანადო დონეზე ჩაეკეტათ 15 სექტემბრისთვის, როდესაც ტურისტული სეზონი პრაქტიკულად მინავლებული და დასრულებული იყო, შეიძლება ასეთი მძიმე შედეგი არ მიგვეღო. მისი იზოლირება უნდა მომხდარიყო დანარჩენი საქართველოდან, რომ მერე გეოგრაფიულად არ წამოსულიყო ჯერ იმერეთში, შემდეგ - თბილისში, რაც ინტენსიური მიგრაციის ფონზე მოსალოდნელი იყო. ოპოზიციის უპასუხისმგებლობა იმაშია, რომ მიტინგებს აწყობს, ეს გავიგეთ, მაგრამ ესეც ხელისუფლების პრობლემაა - სამართლიანობა თუ არ არის, ხალხი ქუჩაში გამოდის იმიტომ, რომ არსებობს კიდევ სხვა ფასეულობები. არ ვამართლებ პანდემიის დროს მასობრივ თავშეყრას, მით უმეტეს, პირბადეების გარეშე როცა არიან და არ იცავენ სოციალური დისტანცირების წესებს, ეს ოპოზიციის პასუხისმგებლობის ზონაა, მაგრამ მეტწილად - ხელისუფლებისა. ამ ეტაპზე ისეა გაქცეული სიტუაცია, მეტს ვერაფერს ვიტყვი.

უნდა ითქვს, რომ ამ ყველაფერში თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს საზოგადოებას, რომელის ნაწილი დღემდე ვერ აცნობიერებს პანდემიის მთელ სიმძიმეს და თავყრილობებს მაინც მართავს.

ვახტანგ კალოიანი, „ნიუ ჰოსპიტალის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის დირექტორი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ambebi.ge -სთან საუბარში აღნიშნავს, რომ სიტუაცია ცალსახად გაქცეულია, სამედიცინო სისტემა მთლად ვერ არის მზად გამოწვევისთვის და რაოდენობის კონტროლი მხოლოდ შემზღუდავი ღონისძიებების მომატებით არის შესაძლებელი.

"ეს არის შიდა მასიური გავრცელება და ამ ყველაფრის თავიდან აცილება იყო შეუძლებელი, ადრე თუ გვიან, გავრცელება გვექნებოდა. მიუხედავად ჩემი კრიტიკული დამოკიდებულებისა ხელისუფლების მიმართ, მისი პირდაპირ დადანაშაულება იმაში, თუ რატომ გვაქვს ამხელა ციფრები, ჩემი აზრით, მთლად სამართლიანი არ იქნება. ამ მოსალოდნელ რაოდენობაზე დიდი ხნის წინ ვაფრთხილებდით ყველას და ხელისუფლების ბრალი იმაში მდგომარეობს, რომ მთელი სიმძაფრე და რაოდენობა ვერ ჰქონდა პროგნოზირებული და მეორე ტალღას სისტემა მოუმზადებელი დახვდა (ეს გიორგი გახარიამაც აღიარა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე). მათ უზარმაზარი დრო და რესურსი ჰქონდათ და ჩემი აზრით, სერიოზულად არ აღიქვეს, რასთან გვქონდა საქმე.

ჩვენ როცა მოსალოდნელ საფრთხეზე ვლაპარაკობდით, სულ იმას ამბობდნენ - არ იქნება ამდენი, ნუ პანიკობთ, ვირუსი მკვლელი არ არის. კარის ექიმები გამოდიოდნენ ფრაზებით - ვირუსმა გადაირა, ყველაფერი კარგად არის, ვირუსმა სიმძაფრე დაკარგა და ა.შ. ჩემი აზრით, ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა, მომზადებული რომ არ დახვდა ამას, თორემ იმას ხომ ვერ დავაბრალებთ, ვირუსი რატომ გავრცელდა? - ეს ადრე თუ გვიან მოხდებოდა, ამას თავიდან ვერ აიცილებდი და იმის საშუალება, რომ ზომიერად გაავრცელო და მასიურად - არა, ეს რთული შესასრულებელია. სიტუაცია ცალსახად გაექცათ და რაოდენობის კონტროლი შესაძლებელია მხოლოდ შემზღუდავი ღონისძიებების მომატებით.

ეს გადაწყვეტილება ადრეც უნდა ყოფილიყო მიღებული და გარკვეული შეზღუდვების დაწესება ახლაც აუცილებელია, ოღონდ, ამას უნდა ჰქონდეს ძალიან ტარგეტირებული ხასიათი - არ შეიძლება ეს იყოს მასიური, მაგრამ გარკვეული მობილობის დაგდება აუცილებელია იმიტომ, რომ სამწუხაროდ, სამედიცინო სისტემა მთლად ვერ არის მზად გამოწვევისთვის. ელემენტარული რაღაცეები არ არის წესრიგში - ცხელი ხაზს ვერ უკავშირდებიან, სასწრაფო ვერ მიდის ადგილამდე და სხვა, უზარმაზარი პრობლემებია...

ძალიან რთულია ამ კრიზისის მართვა და ჩემი აზრით, ახლა რაღაცა შემზღუდავი ღონისძიება უნდა გაიზარდოს, ცოტა რომ ამოისუნთქოს სისტემამ. ახლა მაინც გაატარონ რაღაცა სახის ღონისძიებები, რომ ოდნავ შერბილდეს სიტუაცია. სხვადასხვა კომპეტენტური ორგანიზაციები ითვლიან ამას და, სავარაუდოდ, პიკი დეკემბრის მეორე ნახევარში იქნება. ეს დამოკიდებულია იმაზე, იქნება თუ არა გარკვეული შეზღუდვები. ასეთი მცირერიცხოვანი ერისთვის ეს რაოდენობა კატასტროფაა, დღეში 40 კაცის გარდაცვალება საშინელებაა.

პასუხისმგებლობა, ცალსახად, ორმხრივია - როგორც ხელისუფლების, ისე - ოპოზიციის. თვითონ არჩევნების ჩატარებაც გარკვეულ რისკებთან იყო დაკავშირებული და ამის პროგნოზირება უნდა მომხდარიყო.

ამწუხაროდ, არ მოხდა და შესაბამისმა ორგანოებმა ამის გაკეთება ვერ შეძლეს. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ორივეს ეკისრება - ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც იმ თვალსაზრისით, რომ ყველა სახის მასიური შეკრება ისევე, როგორც ამ შეკრების ცივი წყლით დაშლა, არის ძალიან ცუდი და სახიფათო. რასაკვირველია, მოსალოდნელია, რომ ამან ინფიცირებულთა რიცხვი გაზარდოს. გამოსავლად ის მიმაჩნია, რომ სისტემური ცვლილებებია სწრაფად გასატარებელი, თვითონ მართვის პრინციპებია შესაცვლელი:

1. უნდა მოხდეს ყველა ალტერნატიული აზრის გათვალისწინება და ვითარების რეალური შეფასება, არა - სირაქლემას პოზაში ყოფნა.

2. უნდა მოხდეს სწორი კომუნიკაცია საზოგადოებასთან.

3. უნდა მოხდეს სამედიცინო სისტემის ძალიან მნიშვნელოვანი გადამზადება, სტანდარტიზაცია, იყოს მუდმივი წრთვნა, მუდმივი ზრუნვა აღჭურვაზე (ჩვენ ისე შევხვდით ამ ეტაპს, რომ სამედიცინო დაწესებულებებს დღესაც არ აქვს გარკვეული აღჭურვილობა. შესაბამისად, ეს ხიფათის ქვეშ აყენებს მოქალაქეებს).

მართალია, თავის დროზე აჭარის დაკეტვა შეამცირებდა რისკებს, თუმცა სრული ჩაკეტვა გადაავადებდა იმ პრობლემას, რასთანაც ახლა გვაქვს საქმე. ჩვენ თუ შესაბამის ნაბიჯებს არ გადავდგამთ, ჩავკეტავთ, მერე გავხსნით და ისევ იმავე პრობლემის წინაშე დავდგებით. ამიტომ სრული ჩაკეტვა გამოსავალი არ არის, თუმცა მობილობის შემცირება აუცილებელია.

სამედიცინო სისტემა ვახსენე და, მან მაშინ დაუშვა შეცდომა, როცა თავის დროზე ჰოსპიტალური საწოლები არ იყო მობილიზებული, არ იყო გაწერილი გეგმა, არ იყო სპეციალისტების მობილიზაციის გეგმა, არც სტანდარტიზებული პროკლინიკური პროცესი, არ იყო კლინიკები აღჭურვილი, შესაბამისად, თუნდაც დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფილი...

5000 სამედიცინო პერსონალი გვყავს ინფიცირებული, 120 ადამიანი მარტო გუშინწინ დაინფიცირდა და ეს არის როგორც აღჭურვის, ისე წვრთნის ბრალი. ამ 8 თვის განმავლობაში სამედიცინო სისტემა რომ მომზადებულიყო, ჩვენ ამ გარდაუვალ ზრდას მომზადებული დავხვდებოდით. ძალიან სერიოზული პრობლემები იყო აღსრულებაში - გადაწყვეტილებების მიღება იყო არასისტემური და არასრულყოფილი და მერე უკვე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებაც არ იყო კარგი. იმავე ნიღბების ტარება - ახლა რომ ასე აქტიურად და აგრესიულად ითხოვენ და სამართლიანადაც ნიღბის ტარებას, რატომ არ შეიძლებოდა იმავეს გაკეთება სექტემბერში? იმავე ბათუმში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი წინააღმდეგი იყო მაგალითად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნის და არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, აჭარის მთავრობამ გახსნა საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმ მოტივით, რომ მოქალაქეებს დახმარებოდა, ამ დროს მობილობა გაიზარდა, რამაც გაზარდა რაოდენობა მოუმზადებელი საწოლების ფონზე. შესაბამისად, გადაწყვეტილებებიც არ ვარგოდა და მერე მისი აღსრულება კიდევ უფრო ცუდი და მძიმე იყო. შედეგიც სახეზეა... ერთი სიტყვით, ვითარება ძალიან რთულია, ძალიან.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

ბოიკოტის მიუხედავად, "ნაციონალებმა", ევროპულმა საქართველომ" და კიდევ 6-მა პარტიამ დაფინანსების თხოვნით ცესკოს მიმართა

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"