მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სი"-ში შეჭრილი პირი ფეისბუქ-ლაივში რამდენიმე წამით ჩაერთო. როგორც აღმოჩნდა, ის ლევან ზურაბიშვილია.
"აზრზე ხარ? ჩხუბი უნდაო. ცრუ მანქანა მაგას ქვია მეტი კი არაფერი" - აღნიშნა მან ვიდეომიმართვისას.
კომენტარებში ახლობლები უწერენ, რომ პოლიციას ჩაბარდეს.
ცნობისთვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სის“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმა განხორციელდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის ინფორმაციით, წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 9 პირია მძევლად აყვანილი.
"პოლიცია მობილიზებულია თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ოფისთან. პირველადი ინფორმაციით ოფისში შეიარაღებული პირი არის შეჭრილი.
თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, თავი შეიკავონ როგორც უშუალოდ შემთხვევის ადგილზე მიმდინარე მოვლენების ტირაჟირებისგან, ასევე, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ყაჩაღობას ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის სამართლის კოდექსის 236-ე და 179-ე მუხლებით დაიწყო" - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.