ავტორი:

"გადაიტანა კოვიდი, პნევმონია ისე, რომ არ გაუხდია ეკიპირების ფორმა" - covid-19 -თან მებრძოლი ექიმი, რომელსაც შინ 7 შვილი და ფეხმძიმე მეუღლე ელოდება

"გადაიტანა კოვიდი, პნევმონია ისე, რომ არ გაუხდია ეკიპირების ფორმა" - covid-19 -თან მებრძოლი ექიმი, რომელსაც შინ 7 შვილი და ფეხმძიმე მეუღლე ელოდება

ამას წინათ კიდევ ერთი ფეისბუქმომხმარებლის - ანუკა გულიაშვილის სტატუსმა მიიქცია ჩვენი ყურადღება: " ბევრი იწერება გმირობებზე, კრიტიკაზე, ქაოსზე, სისტემაზე, პრობლემებზე, ადამიანებზე, სისუსტეებზე და სიმამაცეებზე, პირად ემოციებზე და ურთიერთდამოკიდებულებებზე... მე თუ მკითხავთ, ასეთი გარემოებები ადამიანების ფასეულობების ყველაზე კარგი ინდიკატორია... ყველა ვაკეთებთ იმას, რაც შეგვიძლია, რასაც მორალური ღირებულებები, საქმე და გარემოებები გვკარნახობს, მაგრამ ამ ყველაფერში თუ ვინმეა გასახსენებელი, გამოსარჩევი ჩემი მეგობრებიდან, პირველი ეს ბიჭი მიდგას თვალწინ...

რაც ეს პანდემია დაიწყო, ალბათ, კლინიკიდან მხოლოდ კალენდარზე გაწითლებულ დღეებში გადის... გადაიტანა კოვიდი, პნევმონია, სიცხეები ისე, რომ არ გაუხდია თავის თეთრი ეკიპირების ფორმა. მუშაობდა covid-ინფიცირებულებთან. როცა სახლში 7 შვილი და ფეხმძიმე მეუღლე ელოდება. ყველაზე მაგარი მამა, მეუღლე, მეგობარი, ექიმი და უბრალოდ ადამიანია... ასე დინჯად და ჩუმად გაიარა მთელი ეს შვიდი თვე, ვერც კი წარმოიდგენს, რომ ვინმე მასზე დაწერს. მაგრამ უბრალოდ, მომინდა დამეწერა. მეთქვა, რომ სადღაც ჩუმად თქვენთვის ასეთი ადამიანები თავის ცხოვრებას უკან იტოვებენ... წარმატებები და ბევრი ასეთი ადამიანი იდგეს ჩვენს სადარაჯოზე...“

ამ ახალგაზრდა გმირ ექიმზე ანუკას პოსტამდეც ვიცოდი - ცოტა ხნის წინ მასზე საჩხერელმა ექიმმა - თაზო თოდაძემ მიამბო და ინტერვიუს ჩაწერასაც ვაპირებდი, მაგრამ მისმა მეგობარმა ანუკამ პოსტის დაწერა დამასწრო, ამიტომ, სხვასაც რომ არ დაესწრო, საუბარი აღარ გადავდე. ამჯერად საჩხერის საავადმყოფოს ჭიათურელ ექიმს - გიორგი ჩაფიჩაძეს გაგაცნობთ. ვერ წარმოიდგენთ, როგორ მეამაყება, ჩემი დედულეთ-მამულეთის გამორჩეულ ახალგაზრდებზე რომ მიწევს ლაპარაკი, მით უფრო - ექიმებზე, რადგან ჩემი მშობლებიც ექიმები იყვნენ. ცხადია, გიორგის პოვნა არ გამძნელებია, თუმცა შინ რომ დავურეკე, ისეთი ჟრიამული ისმოდა, ჩაწერა მეორე საღამოსთვის გადავდეთ, იმ დროისთვის, როდესაც, ჩემი ვარაუდით, მის 7 შვილს - დავითს, ანასტასიას, ნიკოლოზს, ანდრიას, ნატალიას, ლუკასა და ლაზარეს უკვე მშვიდად ეძინებოდათ.

გიორგი ჩაფიჩაძე:

- ქირურგი ვარ, სამედიცინო უნივერსიტეტი 2003 წელს დავამთავრე და ერთხანს, ჭიათურის საავადმყოფოში ვმუშაობდი, ვიდრე დახურავდნენ. მეოთხე წელია, საჩხერის საავადმყოფოში ვარ და, პარალელურად, ჭიათურის ჯეოჰოსპიტლშიც ვმუშაობ. საჩხერის საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებაში ვიყავი, მაგრამ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების შემდეგ კოვიდგანყოფილებაში გადმოვედი. აქ დამხვდა თაზო თოდაძე და ჩემამდე ამავე განყოფილებაში იყო ლევან ყაველაშვილიც, ჩვენი მეგობარი. ინფექციონისტები არ ვიყავით, მაგრამ საავადმყოფოში ძალიან გამოცდილი ექიმები გვყავს და ისინი იყვნენ ჩვენი მასწავლებლები, მათი დახმარებით და პრაქტიკით ნელ-ნელა ბევრი რამ შევისწავლეთ.

- მოდი, საუბარი იმ მწვავე დღეების გახსენებით დავიწყოთ, კოვიდიანი, ორმხრივი პნევმონიითა და სულისშემხუთველი ეკიპირებით, კოვიდავადმყოფებს რომ მკურნალობდით.

- რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, ტემპერატურა 39 გრადუსი რომ გაქვს და მუშაობ, ამ დროს ფეხზე დგომაც გიჭირს ადამიანს, მაგრამ... ეკიპირება ზღვაში წვეთი იყო, ძირითადი ენერგია პაციენტებთან ურთიერთობას მიჰქონდა და მიაქვს, რადგან ყველა შეშინებულია და ერთდროულად, ვირუსის მკურნალობასთან ერთად, მათი ფსიქოლოგიც ხარ და ფსიქიატრიც. რომ არა აქაური გამოცდილი ექიმების რჩევები, თანადგომა, ჩვენ მარტო ვერაფერს გავხდებოდით. აბა, წარმოიდგინეთ, 50 პაციენტის მართვას ეხუმრებით, როდესაც უმეტესობის მდგომარეობა მძიმეა? საბედნიეროდ, ახლა შედარებით სტაბილურია ვითარება გვაქვს.

- რომელიმე სიტუაციაში უიმედობა გაგიჩნდათ?

- როდესაც ადამიანი მაქსიმალურად ყველაფერს აკეთებ, რაც შეგიძლია, წესით, უიმედობის განცდა არ უნდა გქონდეს. როცა მეტის გაკეთება აღარ შეგიძლია, დანარჩენი ღმერთს უნდა მიანდო. ძალიან რთული იყო, როდესაც ჩვენი ახლობლების მკურნალობა გვიხდებოდა. რამდენიმე მათგანი გარდაიცვალა კიდეც. მაგალითად, ჩვენი კოლეგა, ძალიან საყვარელი ადამიანი დარეჯან დევიძე. იგი, ფაქტობრივად, კოვიდპაციენტების მკურნალობას შეეწირა. მათგან დაინფიცირდა და მისი გადარჩენა ვერ შევძელით, რადგან თანმხლები დაავადებებიც გაურთულდა. იოლი არ არის, ხომ? რასაკვირველია, ითრგუნები, მაგრამ ღმერთი გაძლევს ძალას, რომ წამოდგე და შენი საქმე ისეთივე თავგანწირვით გააგრძელო.

- თქვენც დაინფიცირდით და ავადმყოფები არ მიგიტოვებიათ. ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად როგორ შეძელით სხვების მკურნალობაც და საკუთარი დაავადების დამარცხებაც?

- არ უნდა შეგეშინდეს და სიცოცხლისთვის ბოლომდე უნდა იბრძოლო, მაგრამ... ერთხელ მოდიხარ ამ ქვეყანაზე და თუ საჭიროა, ღმერთი გაგაგრძელებინებს ცხოვრებას. სიკვდილი არ არის ისეთი რამ, ადამიანს მისი რომ შეეშინდეს. ამ შემთხვევაში სულიერი განსაზღვრავს ფიზიკურს. გაგიგიათ გამოთქმა? - სიკვდილი გარბის ისეთი ადამიანისგან, ვისაც სიკვდილის არ ეშინიაო. ამგვარ რამეს მარტო მე კი არ განვიცდი, ძალიან ბევრი შეიგრძნობს. კიდევ რა არის, იცით? ამ დაავადებას - კოვიდს მოდუნება არ უყვარს. მაღალი ტემპერატურა რომ მქონდა, ისე სუსტად ვიყავი, დილით წამოდგომა მიჭირდა, მაგრამ რომ ვიცოდი, პაციენტები მელოდებოდნენ, მუშაობაში ნელ-ნელა ისე ვხურდებოდი, კიდევ უფრო მეტი ძალა მეძლეოდა. ასე იყვნენ დანარჩენებიც, რადგან ჩვენს საავადმყოფოში, ექთნით დაწყებული და ექიმით დამთავრებული, თითქმის ყველამ გადაიტანა კოვიდი. პირველად კოვიდი ინფექციური განყოფილების გამგეს, სოფო ივანიშვილს დაემართა, მაგრამ იმდენად ძლიერად შეხვდა დაავადებას, ფაქტობრივად, პაციენტებს და თანამშრომლების ნაწილს არც გაუგიათ. ჩვენც ასეთი ხალხისგან ვსწავლობთ.

- თქვენ რომ კოვიდი გქონდათ, პაციენტებმა იცოდნენ?

- იცოდნენ. ალბათ, ესეც იმედი იყო მათთვის, ალბათ, ფიქრობდნენ, თუკი ამას კოვიდი აქვს და მაინც მუშაობს, ესე იგი, ჩვენც რაღაც გვეშველებაო. პირიქით, რომ გაეგოთ, ექიმს კოვიდი დაემართა, ცუდად არის და ლოგინად ჩავარდაო, ისინიც შეშინდებოდნენ.

- მოკლედ, ბეწვის ხიდზე გაიარეთ. გიორგი, კლინიკიდან არ გამოდიოდით? იმიტომ ვკითხულობ, რომ თქვენი შემთხვევა ნამდვილად განსაკუთრებულია - შინ 7 შვილი და მერვე ბავშვზე ფეხმძიმე მეუღლე გელოდებოდათ. არ გეშინოდათ, მათი დაინფიცირების? ან როგორ იცავდით მათ კოვიდისგან?

- როგორც კი პირველი სიმპტომები გამომაჩნდა, მკურნალობაც მაშინვე დავიწყე და საავადმყოფოს პერსონალისა და პაციენტების გარდა, სხვა ადამიანებთან ურთიერთობა არ მქონია - ან სამუშაო ოთახში ვიყავი ჩაკეტილი, ან ეკიპირებული გამოვდიოდი ოთახიდან პაციენტებთან. 5 ნოემბერს ვიმორიგევე მიმღებში და, სავარაუდოდ, მაშინ დავინფიცირდით მეც და მიმღების განყოფილების ხელმძღვანელი ნანა კვარაცხელიაც. მას შემდეგ შინ აღარ მივსულვარ.

- ბავშვებს თქვენი ფეხმძიმე მეუღლე მარტო უვლიდა?

- დედაჩემი და ჩემი სიდედრი ეხმარებოდნენ. თუმცა 7 ბავშვის მოვლა მაინც საკმაოდ რთულია. უფროსი 14 წლისაა, უმცროსი - 2-წლინახევრის. სავარაუდოდ, მერვეც ვაჟი იქნება.

- 8 შვილის ყოლა ხუმრობა არ არის. მართლაც გმირი მშობლები ხართ!

- მეუღლე - თამარ ტყემალაძე არის გმირი, ძალიან მარჯვეა, ძალიან უყვარს ბავშვები და მეც ვასაჩუქრებ ხოლმე, როგორც შემიძლია. თანაც მარტო თავის ბავშვებს კი არ ზრდის! ინგლისური ენის პედაგოგია და სხვის ბავშვებზეც ზრუნავს! სხვათა შორის, მართალია, დაინფიცირების შემდეგ შინ აღარ მივდიოდი, მაგრამ კოვიდი დედაჩემსა და ჩემს მეუღლეს მაინც დაემართათ. მაღალი ტემპერატურა 12 დღის განმავლობაში გაუგრძელდათ. ტესტმა ორივეგან უარყოფითი უჩვენა, მაგრამ, ვფიქრობ, მაინც კოვიდი იყო. არის მომენტი, როდესაც კოვიდინფექცია "ა“ კატეგორიიდან "ბ“-ში გადადის და ამ დროს, ხანდახან, ტექსტი მას ვერ აფიქსირებს. ვვარაუდობ, რომ ჩემების ტესტი სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა. მე ვერ ვიქნებოდი მათი ინფექციის წყარო და, ალბათ, სხვისგან გადაედოთ. ჩემს მეუღლეს სუნთქვის უკმარისობაც ჰქონდა და სტაციონარის თერაპიულ განყოფილებაში, ძალიან საიმედო ექიმთან, თიკო ტეფნაძესთან დავაწვინეთ. ახლა შინ არის და თავს კარგად გრძნობს. ვაჟის დაბადებას იანვრის ბოლოს ველოდებით, თუმცა სახელი ჯერ არ შეგვირჩევია. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება, თქვენ კი - ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ.

ავტორი: ირმა ხარშილაძე

ალუაშვილების ოჯახმა კალაძის ნაჩუქარი ბინა გადაიფორმა - პირველი ემოციები და ფოტოები იუსტიციის სახლიდან

ბილაინის მომხმარებლებს მიეცათ ექსკლუზიური წვდომა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მუსიკალურ აპლიკაციაზე - Stingray Music

ბორჯომის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ზურაბ პაპიძე კორონავირუსით გარდაიცვალა