ავტორი:

ცვლილებები, რომელიც ქვეყანაში პირველი იანვრიდან ამოქმედდა

ცვლილებები, რომელიც ქვეყანაში პირველი იანვრიდან ამოქმედდა

2021 წლის პირველი იანვრიდან ქვეყანაში რამდენიმე ცვლილება ამოქმედდა. კერძოდ, დღეიდან, 2021 წლის 1-ლი იანვრიდან იზრდება ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების ტარიფები.

"თელასის" და "ენერგო-პრო ჯორჯიას" საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3.5 თეთრით იზრდება. ამასთან, რუსთავში, მცხეთასა და თბილისში წყლის ტარიფი იზრდება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსახლეობას ელექტროენერგიაზე ნაზარდი ტარიფი 2021 წლის განმავლობაში სრულად დაუსუბსიდირდება.

კერძოდ, ელექტროენერგიის არსებულ და გაზრდილ ტარიფს შორის სხვაობას მთავრობა სრულად დაასუბსიდირებს 300 კილოვატამდე მოხმარების აბონენტებისთვის. შესაბამისად, 2021 წლის განმავლობაში მოსახლეობა არ იგრძნობს ელექტროენერგიაზე ტარიფის გაძვირებას. ამასთან, წყალმომარაგების ტარიფის იმ ნაწილს, რომელიც ასევე გაიზრდება, სრულად დაასუბსიდირებს სახელმწიფო სოციალურად დაუცველებისთვის.

1 იანვრიდან მასწავლებელთა ნაწილს ხელფასი გაეზრდება. კერძოდ, 2021 წლის იანვრიდან სტატუსის მქონე მასწავლებლებს სახელფასო დანამატი 100 ლარით ეზრდებათ.

2021 წლის 1-ლი იანვრიდან, ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმადაც, შენგენის რეგულაციით გათვალისწინებული დოკუმენტაცია დამატებით საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტზეც შემოწმდება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს საზღვრის გადაკვეთაზე თუ მას ეკრძალება ევროკავშირის/შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანაში შესვლა ან ვერ წარადგენს კანონით გათვალიწინებულ საბუთებს.

ცნობისათვის, უვიზოდ გამგზავრება შესაძლებელია ევროკავშირის/შენგენის ზონის წევრ შემდეგ სახელმწიფოებში:

ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, ფინეთი, ჩეხეთი, ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია, შვედეთი, შვეიცარია, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი და რუმინეთი.

ნებისმიერი ასეთი ვიზიტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში.

1-ლი იანვრიდან კლინიკებისთვის ახალი მოთხოვნების/რეგულაციების ამოქმედება იგეგმება. სექტორისთვის განსაზღვრულია ახალი პირობები, რომელიც დაწესებულებებს ავალდებულებს ახალ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს ინფრასტრუქტურა, მატერიალურ-ტექნიკური მხარე თუ ადამიანური რესურსები.

"პატრიარქისთვის ამ ეტაპისთვის კორონავირუსზე ტესტის ჩატარება არ იგეგმება" - რა ინფორმაციას ავრცელებს საპატრიარქო

კერძო სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები "ბასლეინებში" მოძრაობისას არ დაჯარიმდებიან - რა განცხადებას ავრცელებს თბილისის მერია?

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 22 პაციენტი გარდაიცვალა