ავტორი:

"ღიმილით თუ კითხავდნენ გურიაში მუსლიმს: როის უნდა მოინათლოო..." - როგორ ცხოვრობენ მუსლიმები და მართლმადიდებლები გვერდიგვერდ და რა იწვევს მათ შორის კონფლიქტებს?

"ღიმილით თუ კითხავდნენ გურიაში მუსლიმს: როის უნდა მოინათლოო..." - როგორ ცხოვრობენ მუსლიმები და მართლმადიდებლები გვერდიგვერდ და რა იწვევს მათ შორის კონფლიქტებს?

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში ადგილობრივ მუსლიმ და მართლმადიდებელ თემს შორის დაპირისპირება 12 იანვარს დაიწყო. მუსლიმების თქმით, თემმა სოფელში კერძო სახლი შეიძინა, სადაც სამლოცველო მოაწყვეს, თუმცა, ქრისტიანი მოსახლეობა შეურაცხყოფას აყენებთ და ლოცვაში ხელს უშლით.

სოფელში დაწყებული კონფლიქტის განმუხტვაში ადგილობრივი ხელისუფლება, მაჟორიტარი დეპუტატი, არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველის აპარატი ჩაერთვნენ.

რეალურად, რა გახდა კონფლიქტის მიზეზი და რა იწვევს მსგავს დაპირისპირებებს საქართველოში - AMBEBI.GE ამ საკითხზე სპეციალისტებს ესაუბრა.

"რონდელის ფონდის" მკვლევარი, კავკასიოლოგი ალექსანდრე კვახაძე გვეუბნება, რომ ბუკნარის ინციდენტი იმ ჯაჭვის გაგრძელებაა, რომელიც 2010 წლიდან იღებს სათავეს.

ამ კონკრეტულ ფაქტზე ვერ ვიტყვი, რომ მართული ან ხელოვნურად შექმნილი იყო კონფლიქტი, რადგან ჩვენ წლების განმავლობაში ვადევნებთ თვალს ასეთ დაპირისპირებებს. ეს ძალიან ყოფითი კონფლიქტი ჩანს

ჩემი დაკვირვებით, დაპირისპირებებში ძირითადად ორი მიზეზი იკვეთება: სამლოცველო სახლის ან მეჩეთის მშენებლობის საკითხი და სასაფლაოების თემა. როდესაც მუსლიმი გარდაიცვლება, მათ რელიგია ავალდებულებთ ცალკე, მუსლიმურ სასაფლაოზე დაკრძალონ მიცვალებული. რადგან ცალკე სასაფლაოების მოწყობას ვერ ახერხებენ, დგება არსებულ სასაფლაოებზე მუსლიმური სექტორის გამოყოფის საკითხი, რაზეც ხშირად აწყდებინ წინააღმდეგობას.

ასეთი კონფლიქტები ძირითადად, თემის დონეზე გვარდება, მაგრამ როდესაც ფართო მასშტაბებსაც იღებს, ყოველთვის გვევლინებიან გარე მოთამაშეები, რომლებიც ცეცხლზე ნავთს ასხამენ. ესენი არიან რადიკალურად განწყობილი ქრისტიანების ნაწილი, რომლებიც ამბობენ, რომ ქართულ მიწაზე მეჩეთის აშენება დაუშვებელია და აქეზებენ იქაურ ქრისტიან მოსახლეობას.

ალექსანდრე კვახაძე

მეორეს მხრივ, შუღლის გაღვივებაში მუსლიმი ექსტრემისტებიც მონაწილეობენ. მათშიც არის კონფლიქტი და აზრთა სხვადასხვაობა. არსებობენ ქართველი მუსლიმების გამოხატულად კონსერვატიული ნაწილი, რომლებიც არ ლოცულობენ სხვა ქართველი მუსლიმების გვერდით, რადგან მიაჩნიათ, რომ ისინი მათსავით მკაცრად არ მისდევენ შარიათის წესებს. ხშირად ხდება, რომ სწორედ ეს რადიკალურად განწყობილი ნაწილი ერევა ასეთ კონლიქტებში და განმუხტვის მაგივრად, უფრო იძაბება სიტუაცია" - ამბობს მკვლევარი.

ალექსანდრე კვახაძე ისტორიულ რაკურსში განიხილავს საქართველოში განსხვავებული რელიგიური მრწამსის მქონე მოსახლეობის თანაცხოვრების საკითხს და დასძენს, რომ ამ კუთხით სერიოზული გამოწვევები არასოდეს არსებობდა.

კადრი ერთ-ერთი სალოცავიდან, ფოტო: ალექსანდრე კვახაძე

"მას შემდეგ, რაც ოსმალურმა იმპერიამ აჭარა დაიპყრო და იქ ისლამი გავრცელდა, სწორედ ამ დროიდან არიან მუსლიმები აჭარაში და ამდროინდელი მონაცემებით, აჭარის მოსახლეობის ერთი მესამედი მუსლიმია. ზღვის დონიდან რაც უფრო ზევით ავდივართ, მით უფრო იმატებს მუსლიმი მოსახლეობის რიცხვი.

ქობულეთსა და ბათუმში უმეტესობა ქრისტიანები არიან, ხელვაჩაურში 50-50%, შუახევში 70-80% მუსლიმია, ხულოში კი 90% ზე მეტი. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინც მუსლიმად დაასახელა თავი საყოველთაო აღწერისას, ყველა მისდევს წესებს

გარდა ამისა, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში არიან მუსლიმი ეკომიგრანტები. მაგალითად, გურიის მოსახლეობის 15% მუსლიმად ასახელებს თავს და ისინი კარგად არიან შერწყმული ადგილობრივ მოსახლეობასთან. საბჭოთა დროს, როცა რელიგია იდევნებოდა, ასეთი ნიშნით კონფლიქტები თითქმის არ არსებობდა. მას შემდეგ, რაც სსრკ დაიშალა, დაიწყო ასეთი რიტორიკა, რომ ქართველი მხოლოდ ქრისტიანი შეიძლება იყოს, რამაც ხელი შეუწყო მსგავსი კონფლიქტების გაჩენას. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ რაიმე განსაკუთრებული დაპირისპირებები იყო.

ყველაზე მეტი, ღიმილით თუ კითხავდნენ გურიაში მუსლიმებს, "როის უნდა მოინათლო" და სულ ეს იყო

აჭარაში კიდევ უფრო ნაკლებია ასეთი შუღლი, რადგან იქაური მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის უცხო არ არის ეს რელიგია, ისინიც კი, ვინც ახლა ქრისტიანებად არიან მონათლულები, წელიწადში ერთხელ - ბაირამობას მაინც მიდიან დღესასწაულზე და საკლავს კლავენ, რადგან ეს ტრადიცია მათში საუკუნეების განმავლობაშია გამჯდარი. მათ კარგად იციან, რომ მუსლიმმა მეჩეთში უნდა ილოცოს და არავის აქვს უფლება ამაში ხელი შეუშალოს. აქვთ დაწესებული წითელი ხაზები და იციან ერთმანეთთან ურთიერთობა.

ასე რომ, ერთ ქვაბში ყველაფერს ვერ მოვხარშავთ. მაგალითად გურიაში, სოფელ ნასაკირალში სადაც მუსლიმებს მეჩეთი აქვთ, რადგან მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მუსლიმანია, ადგილობრივმა ქრისტიანებმაც გამოთქვეს ეკლესიის მშენებლობის სურვილი, რაშიც მუსლიმანები მხარს უჭერენ. ამით იმის თქმა მინდა, რომ ძალიან ბევრია ასეთი პოზიტიური, ტოლერანტობის მაგალითები, როდესაც მუსლიმანები და ქრისტიანები ერთ სოფელში ჰარმონიულად თანაცხოვრობენ და ერთმანეთს მეჩეთებისა და ეკლესიების მშენებლობაში ეხმარებიან. არაფერს ვამბობ ქრისტიანულ-მუსლიმურ ოჯახებზე" - ამბობს კავკასიოლოგი ალექსანდრე კვახაძე.

ქრისტიანი მასწავლებელი და მუსლიმი მოსწავლე ბუკნარში - მოლაპარაკებების დროს გადაღებულ ფოტოს ნინო წილოსანი ავრცელებს

აღმოსავლეთმცოდნე სანდრო ბაკურაძე AMBEBI.GE-სთან საუბარში ცალსახად მიიჩნევს, რომ მსგავსი დაპირისპირებების უკან, თითქმის ყოველთვის პოლიტიკური მიზეზები დგას.

"ასეთი დაპირისპირებების უკან ძირითადად ექსტრემისტები დგანან, როგორც მუსლიმების, ისე ქრისტიანების მხრიდან. ვიდრე იარსებებს ორმაგი სტანდარტი - ისჯებიან მუსლიმი ექსტრემისტები, მაგრამ არაფერი კეთდება ქრისტიანი ექსტრემისტების მიმართ, მსგავსი კონფლიქტები იქნება.

სანდრო ბაკურაძე. ფოტო: Humans of Tbilisi

საერთოდ, რელიგიური ნიშნით დაპირისპირებები სათავეს ძირითადად, 2010 წლიდან იღებს, რაც საპატრიარქოს გავლენების გაძლიერებას უკავშირდება. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ მას შემდეგ რაც ეკლესია პოლიტიკურ მოთამაშედ მოგვევლინა, ხელისუფლებები თავს იკავებენ მისი, ასე ვთქვათ "განაწყენებისგან", რადგან ეს შემდეგ, არჩევნებში ცუდ შედეგებზე აისახება. სწორედ ამას უკავშირდება ის დაუსჯელობის სინდრომი, რაც მსგავსი ტიპის დაპირისპირებების კუთხით იკვეთება. ასეთი მიდგომა კი პირდაპირ უწყობს ხელს მომავალში რელიგიური ნიშნით კონფლიქტების გაძლიერებას და დისკრიმინაციული ცნობიერების ჩამოყალიბებას.

ჩვენ ხშირად მოგვისმენია ქრისტიან სასულიერო პირების ქადაგებებში არასწორი გზავნილები, დისკრიმინაციულიც კი. ისინი პროპაგანდას უწევენ რიტორიკას, თითქოს სირცხვილია თუ ქართველი ადამიანი ქრისტიანი არ იქნება. ეკლესიის შიგნით არსებული ექსტრემისტული ჯგუფების წინააღმდეგ არანაირი ნაბიჯის გადადგმა არ ხდება. სწორედ ეს ორმაგი სტადარტებია ყველაფრის სათავე.

სწორია, როდესაც ისლამისტური ექსტრემისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ იდგმება ნაბიჯები, მაგრამ საზიანოა, როცა არაფერი კეთდება ქრისტინული ექსტრემისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ. ეს საშიში ტენდენციაა, რაც ხელისუფლებამ სწორი რეაგირებით უნდა აღმოფხვრას. აუცილებელია, ობიექტურად იქნეს ყველა ასეთი ფაქტი გამოძიებული და სათანადოდ დაისაჯონ დამნაშავეები“ - ამბობს AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში აღმოსავლეთმცოდნე სანდრო ბაკურაძე.

მთავარი ფოტო: ნატო გოგელია

საქართველოში კორონავირუსის 110 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - როგორია ბოლო 24 საათის ეპიდვითარება ქვეყანაში

"მედიცინა დედაჩემის გამო ავირჩიე, მეათე კლასში ვიყავი სიმსივნე რომ დაუდგინდა..." - "ფეისბუქზე" პოპულარული ახალგაზრდა ექიმის უცნობი ცხოვრება

თოვლი, ნისლი, მთაში - ზვავსაშიშროება - მომდევნო დღეებში საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს