ავტორი:

როგორ ეხმაურებიან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ქართველები "ფეისბუქზე" - "მოვიგეთ... ამით რუსეთს მოვუგეთ ომი"

როგორ ეხმაურებიან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ქართველები "ფეისბუქზე" - "მოვიგეთ... ამით რუსეთს მოვუგეთ ომი"

2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია - განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა, ასევე რუსეთს პასუხისმგებლობა ეკისრება ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის.

ისტორიულ გამარჯვებას საქართველოში ყველა ზეიმობს. "ფეისბუქზე" ასე ეხმაურებიან ადამიაინს უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას:

ლია მუხაშავრია, იურისტი: "მოვიგეთ ომის საქმე, ამით, ვფიქრობ, ომი მოვიგეთ, თან რუსეთს მოვუგეთ ომი სამართლებრივი, ყველაზე ჰუმანური და ცივილიზებული საშუალებით მოვუგეთ. მინდა პირველ რიგში მივულოცო ჩემს კლიენტებს, ომის მსხვერპლებს, მათ ოჯახებსა და ახლობლებს, იმ ადამიანებს, ვინც სასაზღვრო სოფლებში ცხოვრობს გმირულად და არ კარგავს იმედს. მე თავს ვიხრი ომის გმირების წინაშე, იმ გმირი ადამიანების წინაშე, ვინც დღესაც არ ტოვებს სასაზღვრო სოფლებს და გმირულად აგრძელებს იქ ცხოვრებას თავის შვილებთან, შვილიშვილებთან და ოჯახთან ერთად. მწამს, ჩვენ რუსებს არა მარტო აგვისტოს ომს მოვუგებთ, მოვუგებთ ყველა ბრძოლას და ომს მომავალშიც, ოღონდ არა იარაღით, არამედ ჭკუით, სამართლით და ჰუმანური, ცივილიზებული მეთოდებით. ჩვენ გავიმარჯვეთ, გილოცავთ! მადლობა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ დიდ გამარჯვებაში!"

ირაკლი ტაბლიაშვილი, ტელეწამყვანი: "ვზივარ ახლა და, მართლა ბავშვივით მიხარია ეს პატარა, რეალურად კი დიდი წარმატება-გამარჯვება!.. რომელიც, არც კი ვიცი, რას შემიცვლის სამომავლოდ, მაგრამ, მე თუ არა, ჩემს შვილებს შეუცვლის... შვილებს, რომლებიც წლების შემდეგ ააფრიალებენ სტრასბურგის სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებას და სულ ცხვირში ურტყამენ მომავალ ივანოვ-პეტროვ-პუტინებს, რომლებიც უეჭველად იქნებიან, რადგან უნდათ რომ იყვნენ. ჰოდა, ვზივარ და ვერ ვმშვიდდები - 1801 წელს; 1811 წელს; 1812 წელს; 1832 წელს; სრულად მე-19 საუკუნეში; 1907 წელს; 1921 წელს; 1989 წელს; 1991-92 წლებში; 1992-93 წლებში; 2008 წელს... ამ და სხვა წლებში ეს ბოროტი სახელმწიფო რომ არ ყოფილიყო, ვინ იცის, სად და როგორ ვიქნებოდით ახლა, სულ რომ მაინც გვყოლოდა სერგო ორჯონიკიძეები. ჰოდა, ვზივარ და ვხარობ ამ პატარა, რეალურად კი დიდი გამარჯვებით. დიდება ამ ქვეყანას! დიდება ჩემს ქვეყანას! დიდება ჩემს ტკივილიან ქვეყანას!"

თინათინ ხიდაშელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი: "გამოქვეყნა სტრასბურგმა გადაწყვეტილება! რა თქმა უნდა მოვიგეთ! გადაწყვეტილებაში დადასტურებულია: - რუსეთი კლავს; - რუსეთი აწამებს; - რუსეთი ხელყოფს ადამიანის თავისუფლებას; - რუსეთი ხელყოფს საკუთრების უფლებას, და სხვა. მაგრამ იცით რა არის მთავარი, სტრატსბურგმა ერთმნიშვნელოვნად თქვა რომ ეფექტური კონტროლი 12 აგვისტოს შემდეგ იყო რუსეთის ფედერაციისო. ეს არის ძალიან მნიშვნლეოვანი ჰააგაში მიმდინარე გამოძიებისთვის რადგან იქ იმას გვიმტკიცებენ ჩვენ რა შუაში ვართ ოსებს ედავეთო. ცუდია რომ 8-12 აგვისტო დააიგნორა სტრასბურგმა, მაგრამ მშვენიერი სახელმძღვანელო შექმნა ჰააგის გამოძიებისთვის!"

ბაჩანა შენგელია, ნოტარიუსი: "მთელ საქართველოს ვულოცავ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ მოგებულ საქმეს, ეს უდიდესი წარმატებაა კიდევ ერთხელ მთელმა მსოფლიომ, უკვე ევროპიდან დაინახა, რომ რუსეთი არის არა მარტო ჩვენი, არამედ კაცობრიობის მტერია. ყველა მასთან გარიგებული ან მისი მყვარებელი კი - ქვეყნის მოღალატე.განსაკუთრებული მადლობა ნიკა გვარამიას და თინა ბურჯალიანს, რომლებმაც ლომის წვლილი შეიტანეს ამ საქმის მოგებაში. ასევე ნებისმიერ პირს, რომელმაც მცირედი წვლილი მაინც შეიტანა მართლაც ამ ისტორიულ გამარჯვებაში აქვე იმედი მაქვს, ყველა ის მოღალატე მოიხდის ბოდიშს, ვინც საქართველოს ადანაშაულებდა ომის დაწყებაში და აგრძელებს ამას ამ დრომდე. ბოდიში ახლა, მომავალში კი მათი სამართლებრივი პასუხისმგებლობა აუცილებლად დადგება. ეს ერთი და სხვა მრავალი გამარჯვება წინ"

ნონა წოწორია, ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე: "გილოცავთ უდაოდ მნიშვნელოვან დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში! რამდენიმე დეტალი, რომელიც ამ ეტაპზე შემიძლია გამოვყო გადაწყვეტილებიდან: ოკუპაციის ფაზა - 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ რუსეთი ახორციელებს ეფექტურ კონტროლს და შესაბამისად, პასუხისმგებელია უფლებების დარღვევაზე. რუსეთი ასევე პასუხისმგებელია „სამხრეთ ოსეთის“ ხელისუფლების ქმედებებზე. ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2, მე-3, მე-8, პირველი ოქმის პირველი მუხლის, მე-4 ოქმის მე-2 მუხლის დარღვევევებს, რაც წარმოადგენდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას. ეს ნიშნავს, რომ მრავალრიცხოვან ერთგვაროვან დარღვევებთან ერთად რუსეთის ხელისუფლება ოფიციალურ შემწყნარებლობას ავლენდა დარღვევების მიმართ.

ქართველი სამხედრო ტყვეები დაექვემდებარნენ რუსეთის მხრიდან წამებას (მე-3 მუხლი).ქართველთა სახლების მიზანმიმართულ დანგრევაზე მსჯელობისას სასამართლომ აღნიშნა, რომ ისინი სამიზნედ ეთნიკური კუთვნილების გამო გახდნენ. ეს დასკვნა სასამართლოს 2006 წელს ქართველების კოლექტიური გასახლების საქმეზეც არ დაუდგენია.რუსეთი, რომელიც ეფექტურ კონტროლს ახორციელებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, ხელს უშლის ამ რეგიონებში ქართველების დაბრუნებას. როგორც მინიმუმ, ამას ადგილი ჰქონდა საქმის არსებითად განხილვის დროს, 2018 წლის მაისში. სიტუაცია დღემდე არ შეცვლილა.

8-12 აგვისტოს აქტიური საომარი მოქმედების ფაზა - არ არის რუსეთის ფედერაციის კომპეტენციაში - დავეთანხმებოდი? არა! თუმცა, გასათვალისწინებელია სასამართლოს რესურსების შეზღუდულობა ამ ტიპის საკითხების გადასაწყვეტად; მით უმეტეს სხვა სამხედრო კონფლიქტების გათვალისწინებით. მიუხედავად ამისა, რუსეთის ხელსუფლებას ეკისრებოდა ეფექტური გამოძიების ჩატარების ვალდებულება აქტიური საომარი მოქმედების დროს ჩადენილ სიცოცხლის უფლების (მე-2 მუხლი) დარღვევებზე.

შთამბეჭდავია სასამართლოს ერთსულოვნება გადაწყვეტილებების მიღებისას, რაზეც მიცემულ ხმათა რაოდენობები მიუთითებს. და ბოლოს, გადაწყვეტილება სათანადოდ გამოყენების შემთხვეაში დიდი სარგებლის მომტანი იქნება საქართველოსთვის. მთავარია ეს იარაღი ქვეყანაზე მზრუნველი ხალხის ხელში მოხვდეს.ეს დიდი დასაწყისია, მთავარი ბრძოლები ჯერ კიდევ წინაა!"

გიორგი კეპულაძე, "საზოგადოება და ბანკების" დამფუძნებელი: "ეს მართლა ყველას გამარჯვებაა და ამიტომ, თამამად გილოცავთ მთელ საქართველოს! დიდი მადლობა, იმ ყოფილ და მოქმედ საჯარო მოხელეებს, ვინც საკუთარი წვლილი შეიტანა ამ უდიდეს წარმატებაში!"

გია როინიშვილი, მსახიობი: "საქართველო მსოფლიოს თვალწინ მართალია! საქართველო რუსეთის აგრესიის მსხვერპლია! საქართველო უდანაშაულოა! მადლობა გმირებს! მადლობა თითოეულ ადამიანს ვინც უშუალო წვლილი შეიტანა ამ საქმის სამართლიანად წარმართვისთვის! მადლობა ქართველ ხალხს! ვულოცავ ყველას განურჩევლად პოლიტიკური თუ სხვა განსხვავებისა! ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს! ღმერთმა დალოცოს საქართველო!"