ავტორი:

"იმღერეთ ჩემი სიმღერები, რომ ცოცხალი ვიყო..." - როგორი დედა იყო ინოლა გურგულია და რატომ სურდა, ია შუღლიაშვილი მსახიობი გამხდარიყო

"იმღერეთ ჩემი სიმღერები, რომ ცოცხალი ვიყო..." - როგორი დედა იყო ინოლა გურგულია და რატომ სურდა, ია შუღლიაშვილი მსახიობი გამხდარიყო

"პირველად იყო სიმღერა, გალობა მრავალხმიანი და სიმღერისთვის შეიქმნა ადამიანი" - ეს ინოლა გურგულიას ცნობილი სიმღერის ცნობილი ფრაზაა... და თვითონაც სწორედ სიმღერისთვის, სიკეთისთვის და სიყვარულისთვის მოვიდა ამქვეყნად. ასე იცხოვრა, შექმნა და შთამომავლობას დაუტოვა თავისი უკვდავი ნამუშევრები, რომელიც ყველას ძალიან გვიყვარს...

სამწუხაროა, რომ ამ ნიჭიერი კომპოზიტორის, ავტორ-შემსრულებლის, პედაგოგის ცხოვრება არც ისე ხანგრძლივი აღმოჩნდა, ამ ქვეყნიდან ახალგაზრდა, 48 წლის ასაკში წავიდა... მისი მუსიკა ყველა თაობის ადამიანისთვის ახლობელი და თბილია.

მსახიობი ია შუღლიაშვილი AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში, დედას, ინოლა გურგულიას იხსენებს. მისთვის ასეთი დედის შვილობა საამაყოა, დიდი ბედნიერებაა და ამასთან, დიდი პასუხისმგებლობაც.

- 10 წლის ვიყავი, დედა რომ გარდაიცვალა, მიუხედავად ჩემი პატარა ასაკისა, მისი ცხოვრებიდან ბევრი რამ მახსოვს... ინოლაც და მამაც ყველაფერს აკეთებდნენ, რომ სამყარო შემოქმედებითად და შინაარსიანად შეგვეგრძნო...

დედა პროფესიით უცხო ენების (ინგლისურის განხრით) სპეციალისტი იყო, უცხო ენათა ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, იქ ლექტორად მუშაობდა... მუსიკალური ათწლედი ჰქონდა დამთავრებული და მცდელობაც ჰქონდა, კონსერვატორიაში ჩაებარებინა, მაგრამ, როგორც ჩანს, უცხო ენებმა გადაწონა...

მუსიკა ბავშვობიდან უყვარდა, ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდა ქმნიდა სიმღერებს. მისი ძირითადი ნამუშევრები ალბათ, 17 წლის ასაკიდანაა შექმნილი - თანდაყოლილი, ღმერთისგან ნაჩუქარი ნიჭი თავისას აკეთებდა... მუზა რომ ეწვეოდა, მის რეალიზებას ინსტრუმენტთან, როიალთან მაშინვე აკეთებდა. მუზა კი შეიძლებოდა ყველგან სწვეოდა, სადაც არ უნდა ყოფილიყო.

- მის შემოქმედებაში ღიმილიანი სევდაც იგრძნობა...

- ბევრი რამაა შეწყმული, მაგრამ მისი ნამუშევრები რატომღაც ღიმილნარევ სევდას უფრო მოიცავს... არადა, ცხოვრებაში ლაღი, მხიარული, ღიმილით სავსე ადამიანი იყო. მისი ამ ხასიათის ზუსტად გამოვლენა, მე და ჩემმა ძმამ მისი ხსოვნისადმი მიძღვნილ ვერც ერთ საღამოზე ვერ შევძელით, სევდა მაინც თან სდევს ხოლმე. როგორც ჩანს, შიგნიდან ბევრ ტკივილს და დარდს ატარებდა. ალბათ უნდოდა, სამყარო უკეთესი ყოფილიყო, რასაც ჩვენც გვასწავლიდა...

დედის გარდაცვალების შემდეგ, მის მეგობრებს რომ ვეკითხებოდი, ყველა ინოლას მხიარულ ხასიათს, იუმორს უსვამდა ხაზს, სულ სხვა მხარეს მიხატავდნენ, შემოქმედებაში კი, სხვა შტრიხებია. თუმცა პოეზიით სავსე მუდმივად იყო...

- განსაკუთრებული შემოქმედია, ავტორ-შემსრულებელი, არავის ჰგავს... თვითონ წერს ლექსს, მუსიკას, თვითონ ასრულებს და მსმენელთან თავისი საოცარი ხმით მოაქვს...

- კი, იმ თაობისთვის მართლაც ერთადერთი ავტორ-შემსრულებელი იყო, რომელიც ამ ყველაფერს თვითონ ქმნიდა და ასრულებდა. ამიტომაც იყო გამორჩეული.

მერე და მერე კი წამოვიდნენ ავტორ-შემსრულებლები, მაგრამ იმ დროისთვის პირველი იყო, რადგანაც თავის სამყაროს თვითონ გულახდილად, გულწრფელად ერთი პიროვნება აკეთებდა და გადმოსცემდა... იყო ნაღდი, ყველასთვის მისაღები. ხმაც განსხვავებული, თავისებური ჰქონდა და სიტყვების, ბგერების გამოთქმის განსაკუთრებული თვისებაც.

სასიამოვნოა, რომ დღეს მომღერლები ცდილობენ, რეპერტუარში ბევრი თუ არა, ინოლას ერთი სიმღერა მაინც ჰქონდეთ, რაც სასიხარულოა. ვფიქრობ, ეს მასაც ძალიან გაუხარდებოდა. მაშინდელი თაობის მუსიკოსებს, ვისაც უთხოვია, უარი არავისთვის უთქვამს. უხაროდა, როცა მის სიმღერებს მღეროდნენ...

- ვისაუბროთ ინოლაზე, როგორც დედაზე...

- ძალიან დაკავებული ადამიანი იყო. სულ მუშაობდა, დღე ინსტიტუტში იყო, აბიტურიენტებიც ჰყავდა, მერე ტელევიზიაში მიდიოდა. მაშინ უცხოელები რომ ჩამოდიოდნენ, მათთვის მოწყობილ შეხვედრებზეც სულ იწვევდნენ...

შაბათ-კვირა კი მისთვის შვილების, ანუ ჩვენი დღე იყო. იმ პერიოდში ხდებოდა განვლილი სამუშაო დღეების ანაზღაურება... სულ ერთად ვიყავით, ხან სახლში, ხან - ბუნებაში. ლისის ტბაზე, არმაზში უყვარდა ყოფნა, იქ საყვარელი ადგილები ჰქონდა. ფოთლებს, ყვავილებს ვკრეფდით, ვაგროვებდით - ბუნებაში თავს ლაღად გრძნობდა. იყო ასევე შემეცნებითი მომენტები ბავშვებთან, სიყვარულის გაზიარება, სიმღერების სწავლა და ჩვენი ყველას ერთად იმ სამყაროში ყოფნა, რასაც ინოლა ჰქვია...

ხან ხალხურს ვმღეროდით, ხმებში, ხან თავის სიმღერებს გვასწავლიდა. მის შემოქმედებაში საბავშვო სიმღერები ჩვენი დაბადების შემდეგ გაჩნდა... მოკლედ, ინოლასთან ყველაფერი სიმღერის გარშემო ხდებოდა.

- როგორ ფიქრობთ, ცოცხალი რომ ყოფილიყო, პროფესიულ არჩევანს მოგიწონებდათ?

- დედის არჩეული პროფესია მაქვს... როდესაც ის უკვე აღარ იყო, ნათესავმა ასეთი რამ მითხრა: ინოლა ამბობდა, ია მორცხვი ბავშვია, მსახიობის პროფესია ძალიან დაეხმარება, გახსნის და გზაზე დააყენებსო... კონსერვატორიაში ვაპირებდი ჩაბარებას, ეს ამბავი რომ გავიგე, გადავიფიქრე და თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე...

- სამწუხაროა, რომ ამ ქვეყნიდან ავადმყოფობის გამო, ძალიან ახალგაზრდა წავიდა...

- როგორც ჩანს, იცოდა, რაც სჭირდა, რადგანაც იმ პერიოდისთვის დაწერილი აქვს ანდერძი, რომელიც შევიტანე მისი იუბილისთვის, 1999 წელს გამოცემულ წიგნში - "ინოლა"... ანდერძი სევდისმომგვრელია, უცრემლოდ არ იკითხება, მაგრამ ბევრ რამეს აგვირგვინებს... მიმაჩნია, რომ მხატვრული ღირებულების ნაწარმოებია, სიყვარულის გამოხატულებაა და პატიების თხოვნა, გარშემომყოფი ადამიანების მიმართ, რომ ამხელა ტკივილს გაყენებთო...

ანდერძში მიმართავს ყველას: უახლოეს ადამიანებს, მეგობრებს, მე და ჩემს უმცროს ძმას... მე მეუბნება - "იმღერეთ ჩემი სიმღერები, რომ ცოცხალი ვიყო"

როდესაც მის სიმღერებს ვმღერი, ვგრძნობ, რომ ეს ჩემი მისიაა, სწორედაც ეს უნდა ვაკეთოთ. ასევეა ჩემი ძმაც... შეიძლება, ეს თავს არავის მოვახვიოთ, მაგრამ ჩვენი საქმეა შვილებს, შვილიშვილებს და თაობიდან თაობას გადავცეთ მისი ნამუშევრები... მნიშვნელოვანია, მისმა სახელმა იარსებოს, რომელიც თავისთავად იშვიათია.

- მართლაც სხვა ინოლა არც გამიგია...

- ავტობიოგრაფიასავით აქვს ინოლას დაწერილი და იქ წერს: მისმა ბიძამ აღმოაჩინა სვანეთში ძველი საფლავის ქვა, რომელსაც გარკვევით ეწერა - ინოლა. "ზაფხულის ცხელ დღეს დამარქვეს ეს სახელიო“. მის მერე წამოვიდა ეს სახელი და უკვე ბევრს ჰქვია, მათ შორის, ჩემს ძმიშვილსაც...

- პატარა ბავშვებისთვის როგორი იყო დედის გარეშე გავლილი ცხოვრება?

- ძალიან ტკივილიანია და რაც უფრო ასაკში შევდივარ, ტკივილი იმატებს. ბავშვი ამას ისე ვერ აღიქვამს, რადგანაც დედა მაინც მასთან არის - ასეთი შეგრძნებით ვიყავი სულ, მისი სახელი მავსებდა, თავს ეულად არ ვგრძნობდი... გარდატეხის ასაკში და მერე, წლები რომ მომემატა, სხვანაირად დავფიქრდი, - დედა ჩემ გარშემო სულ კი არსებობს, მაგრამ როგორი დასანანია, გვერდით რომ არ მყავს, მის ფიზიკურ სიახლოვეს რომ ვერ ვგრძნობ, ვერ ველაპარაკები, ტკივილს, ემოციას, სიყვარულს ვერ ვუზიარებ... ეს ძალიან ძნელია...

რომ წამოვიზარდე, მისი სიმღერების, ჩანაწერების მოძიება ტელევიზიაში, რადიოში დავიწყე. ინოლას მეგობრებში, ახლობლებში მასზე არსებულ ინფორმაციას ვაგროვებდი.

- ვინ იყო მისი სამეგობრო წრე?

- მისი მეგობრები საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები იყვნენ, მაგალითად, მსახიობი ირაკლი უჩანეიშვილი, რომელთან ერთადაც ბაღში დადიოდა და შემდეგ უკვე ორ ფილმში აქვთ ნამღერი... მისი სამეგობრო იყო ინსტიტუტის მეგობრები, რომლებიც ერთად მღეროდნენ კიდეც. მოგვიანებით ტრიო "სამაია" ჩამოაყალიბეს - გიული დარახველიძე, მედიკო სიხარულიძე და ინოლა გურგულიას შემადგენლობით.

2019 წელს 90 წლის იუბილე აღვნიშნეთ, საბავშვო სიმღერები გამოვეცით. შემდეგი იუბილე 95 წლისთავი 2024 წელს იქნება და კიდევ გვაქვს საოჯახო არქივში მასალები, რომლებიც გვინდა საზოგადოებამ გაიცნოს...