ავტორი:

რით განსხვავდება AstraZeneca-ს ვაქცინა სხვა ვაქცინებისგან და აქვს თუ არა ვაქცინაციის შიშს რეალური საფუძველი? - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტებები

რით განსხვავდება AstraZeneca-ს ვაქცინა სხვა ვაქცინებისგან და აქვს თუ არა ვაქცინაციის შიშს რეალური საფუძველი? - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტებები

მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინების უმეტესობა, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ შეიქმნა, კვლევების ნაწილის ჩატარების შედეგად საგანგებო გამოყენებისთვის მიიღეს, მოსახლეობაში მაინც არსებობს იმუნიზაციის მიმართ შიში. თუ არ გავითვალისწინებთ შეთქმულების თეორიებს, მაგალითად, ჩიპების შეყვანის თაობაზე, არსებობს თუ არა რეალური საფუძველი, რომ კორონავირუსის ვაქცინების და კონკრეტულად, Oxford-AstraZeneca-ს, Pfizerისა და Moderna-ს ვაქცინების გვეშინოდეს?

AMBEBI.GE-სთან ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ვაქცინების მოქმედებას მიმოიხილავს და მათ ამ კუთხით აფასებს:

- კორონავირუსის საწინააღმდეგოდ მსოფლიოში 4 ტიპის ვაქცინა იქმნება. ზოგიერთი მათგანი სხვადასხვა კლინიკურ ფაზას გადის, ზოგი პრეკლინიკურ ფაზაშია, ზოგი პირველში, მეორეში თუ მესამეში და ზოგი უკვე აღიარებულია. ძირითადი აღიარება, რასაკვირველია, გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციაა.

ეს 4 ტიპის ვაქცინები, შექმნილი ან შექმნის პროცესში, შემდეგია: ე.წ. მესენჯერული, რნმ-ის ტიპის, ვექტორული ტიპის, ცილოვანი ტიპის და ინაქტივირებული ტიპის ვაქცინები. Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინები პირველ - რნმ-ის ტიპს მიეკუთვნება, Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინა კი მეორე - ვექტორული ტიპის ვაქცინას.

- რას ნიშნავს მესენჯერული ვაქცინა?

- არსებობს ბიოლოგიური წარმონაქმნი, ინფორმაციის მატარებელი ნუკლეოტიდური ერთობა, რომელსაც მესენჯერული რნმ (mRNA) ეწოდება, ამ მესენჯერულ რნმ-ს გადააქვს ინფორმაცია ამა თუ იმ ცილის სინთეზის შესახებ, ანუ ჩვენ რასაც „ჩავწერთ“, რომელი ცილის სინთეზი შეეძლება მესენჯერულ რნმ-ს, ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, სწორედ იმის სინთეზს შეძლებს. ასე რომ, Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინაში ინფორმაციაა ამ შემთხვევაში, კორონავირუსის Spike ცილის შესახებ და მასში თავად ვირუსის არანაირი ნაწილაკი არ შედის. მესენჯერული რნმ ცხიმოვან გარსშია გახვეული, რაც იმისთვისაა საჭირო, რომ უცებ არ დაიშალოს - ადამიანს ისეთი ფერმენტი აქვს, რაც რნმ-ს სწრაფად ანადგურებს და რათა ამისგან დაცული იყოს და მუშაობის პროცესი რამდენიმე დღე გაგრძელდეს, ცხიმოვან გარსშია გახვეული.

მოხვდება რა მესენჯერული რნმ ადამიანის ორგანიზმში, ადამიანის უჯრედის შემადგენელი ნაწილის, იმ ორგანოების დახმარებით, რომელთაც რიბოსომები ეწოდებათ, დაიწყებს ცილის - სწორედ კორონავირუსის Spike ცილის აწყობას. მას დამოუკიდებლად დაავადების გამოწვევა არ შეუძლია, მაგრამ მთავარი იმუნიტეტის აღმძვრელია, ანუ იმუნოგენობა ბუნებრივად კორონავირუსში ყველაზე მეტად ამ ცილას აქვს. შესაბამისად, როცა ცილის სინთეზი გარკვეულ ზღურბლს მიაღწევს, იმის გამო, რომ S-ცილა ჩვენი არაა და სრულიად უცხო, კორონავირუსის კუთვნილებაა, Spike ცილების მიმართ იწყება მთელი იმუნოლოგიური კასკადი - აქტიურდება სპეციფიკური უჯრედები, ანუ ანტიგენის მაპრეზენტირებელი, წარმდგენი უჯრედები, სინთეზირებულ S-ცილებს ჩვენსავე ორგანიზმში გადაყლაპავს და იმუნურ სისტემას წარუდგენს, როგორც, ასე ვთქვათ, ლანგარზე დადებულს და ეტყვის: „აი, მობრძანდით, მე ეს დავიჭირე, შემოვიდა უცხო“. შედეგად, იწყება მთელი არმიის, ანუ ჯარისკაცების მობილიზება - სწორედ ამას ჰქვია ანტისხეულების წარმოქმნა. ასე რომ, როდესაც ჩვენს ორგანიზმში უკვე ცილაა წარმოქმნილი, მერე დაპატიმრებულია ანტიგენ-მაპრეზენტირებელი უჯრედების მიერ, ანტისხეულები აქტიურდება და ადამიანს განმეორებითი ინფექციისგან იცავს.

ბოლომდე დადგენილი არ არის ინფექციის გადატანის და მსუბუქად მიმდინარეობის ნიშნები, მაგრამ მთავარია, ის იცავს მძიმე დაავადებისგან, გართულებისგან, ჰოსპიტალიზაციისგან და სიკვდილისგან, რაც კორონავირუსთანაა ასოცირებული.

- რით განსხვავდება AstraZeneca-ს ვაქცინა ამ ორი ვაქცინისგან? ამ ვაქცინით აცრის მიმართ შიშის ერთ-ერთი ფაქტორი იყო ე.წ. შიმპანზეს გენი, რასაც ის შეიცავს - რა არის ეს და არის თუ არა საშიში?

- მეორე ტიპის, ვექტორული ტიპის ვაქცინები თავისი შინაარსობრივი მექანიზმით იმავენაირად მოქმედებს, როგორც რნმ მესენჯერული ვაქცინები, ანუ არც მათში არაა თვითონ პათოგენი, კორონავირუსი წარმოდგენილი. თუმცა იმის გამო, რომ ჩვენმა ორგანიზმმა აქაც შეძლოს ინფორმაციის მიღება, თუ როგორ ასინთეზიროს S-ცილა, ეს ინფორმაცია ვექტორულ ვაქცინაში გადამტანადაა აღებული, მარტივად რომ ვთქვათ, კონვერტად, სადაც წერილი უნდა ჩაიდოს, - ეს კონვერტი კი ადენოვირუსია.

Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინის შემთხვევაში ადენოვირუსად აღებულია შიმპანზეს ადენოვირუსი, ის, რომელიც შიმპანზეებში იწვევს გაციების დაავადებას; ხოლო რუსული ვაქცინების შემთხვევაში ადამიანის ადენოვირუსია აღებული. რატომ აქვს ამას დიდი მნიშვნელობა? თუ ადამიანის ადენოვირუსებია ისეთ საზოგადოებაში, სადაც ისინი ბუნებრივადაც ცირკულირებენ წლების განმავლობაში, დიდი რაოდენობით სხვა უწყინარ ადენოვირუსებზე ანტისხეულები გვექნება. ამ ტიპის, ადამიანის ადენოვირუსის ვაქცინა რომ გამიკეთდეს, უკვე შეიძლება, მზა ანტისხეულებმა ისინი ისე ამოიცნონ და დაბლოკონ, რომ საერთოდ ვერ მოხდეს Spike ცილის სინთეზი. შესაბამისად, Oxford-ის ჯგუფმა უფრო გამართლებულად ჩათვალა, რომ ორგანიზმში კონვერტად გამოეყენებინათ შიმპანზეს ადენოვირუსი, რადგან მაიმუნები არ ვართ და მისი საწინააღმდეგო ანტისხეულები წლების განმავლობაში ორგანიზმში ვერ გვექნება, ვინაიდან ისინი ჩვენში დაავადებას არ იწვევენ. მათ შიმპანზის დნმ-ის შემცველი ადენოვირუსის გენი დაჭრეს ისე, რომ გამრავლების და დაავადების გამომწვევი უნარი მას წაართვეს, ამოაჭრეს. სანაცვლოდ, იმ ნაწილში ჩაამატეს დნმ-ის ის მონაკვეთი, რომელშიც წერია ინფორმაცია, როგორ მოხდეს ჩვენს ორგანიზმში შემოსვლისას კორონავირუსის S-ცილის სინთეზი - ესაა მთელი მექანიზმი. ამიტომ, ამ ვაქცინის გაკეთებისას შემოდის ადენოვირუსი, რომელიც კონვერტის ფუნქციას ასრულებს, ის იშლება რამდენიმე საათის შემდეგ, მაგრამ დნმ-ის რეპლიკაცია და რიბოსომებზე ცილის სინთეზი ადამიანის ორგანიზმში უკვე დაწყებულია.

რაც შეეხება შიშებს, ერთადერთი მეცნიერული დაპირისპირება, რაც არსებობს, შემდეგია - სკეპტიკური აზრია, ადამიანის გენომში ადენოვირუსული დნმ გარკვეულწილად ისეთ ადგილში არ ჩაერთოს, რომ მერე სიმსივნური დაავადებების რისკი გამოიწვიოს. ამაზე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა: ჩვენ ყოველწლიურად, ყოველ თვე, ყოველი ათწლეულის განმავლობაში მილიონობით და ასეულობით ინეფქციური აგენტი გვიტევს, მათ შორის უწყინარი კორონავირუსის შტამები, რომლებიც უბრალო გაცივებას იწვევს, რინოვირუსები, გრიპის ვირუსები, ჰერპეს ვირუსები, ადენოვირუსები და ა.შ. ამიტომ, ვირუსის შეყრის შემთხვევაში პოტენციური რისკია, რომ მან თავისი რნმ და დნმ დამიტოვოს და სიმსივნისკენ გადავგვარდე. შესაბამისად, გინდ ვირუსი შემხვედრია და გინდ ინექციით გამიკეთებია - ალბათობა იმისა, რომ ადენოვირუსი, რომელიც ფლაკონშია, დნმ-ში ჩამესახლება, ზუსტად იგივეა, რაც მაშინ, როცა ბუნებრივად ვხდები ავად. ასე რომ, აპელირება, რომ ეს სამომავლოდ რაღაცის რისკს გაზრდის, აბსოლუტურად არამეცნიერულად დასაბუთებულია, თორემ ბრიტანეთის და აშშ-ის მარეგულირებელი ამ კომპანიებს იდეის განხორციელების უფლებასაც არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა, იდეა იქვე ჩაკვდებოდა. ეს დისკუსია აზრს მოკლებულია - უჭკვიანესი ხალხი, პლანეტის ყველაზე აღიარებული ებრაელები სულელები აღმოჩნდნენ და თავისი მოსახლეობის უკვე 50-60% აცრეს და ჩვენ, ბრძენი ქართველები ვზივართ ახლა და ველოდებით, ვაქცინამ რამე არ დაგვიშავოს?! ეს სრული ნონსენსია.

- ამბობენ, რომ Astrazeneca-ს ვაქცინა ძველი მეთოდით იქნა შემუშავებული და ამიტომ მას დანარჩენ ორთან შედარებით ნაკლები ეფექტიანობა ახასიათებს. ამაზე რას იტყვით - რნმ-ის მეთოდი უფრო ახალი და უკეთესია?

- რნმ-ის მეთოდი ახალია, მსგავსი ტიპის ვაქცინა არასდროს ყოფილა. 2005 წელს გახდა ცნობილი, რომ მესენჯერული რნმ შეიძლება, გამოიყენო და მას ნებისმიერი ცილის სინთეზი დაავალო, თუ გჭირდება - ის იყოს, როგორც ინფორმაციის გადამტანი. შესაბამისად, კვლევები მიმდინარეობდა, თუმცა მეტ-ნაკლებად, ინფექციების საწინააღმდეგო ვაქცინები უკვე არსებობდა, ასეთი პანდემია რომ არ ყოფილიყო. ამიტომ, კომპანიები, როგორც BionTech, ისე Moderna ძირითადად ონკოლოგიურ ვაქცინებზე, ჰერპესის ვირუსზე და ციტომეგალო ვირუსზე მუშაობდნენ. მაგრამ უცებ, როცა საკითხი დადგა, რომ პანდემიაა და თავზარი დაატყდა მსოფლიოს, კაცობრიობა დაიკეტა და ეკონომიკა გაჩერდა, ამაზე მუშაობა დაიწყეს - აშშ-ის ფედერალურმა სამსახურმა 10 მილიარდი დოლარი გამოჰყო. მეცნიერთა ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ ყველაზე მაგარი იქნება არა ტრადიციულ მეთოდებზე აქცენტის გაკეთება, არამედ ამაზე, რომელსაც სწრაფი წარმოება, მუტაციის შემთხვევაში სწრაფი შეცვლა შეუძლია - ასეთ კომპანიებს მისცეს მილიარდობით დოლარი, თითოეულს საჩუქრად მილიარდნახევარი, ორი მილიარდი მისცეს, წინასწარ, ყოველგვარი გარანტიების გარეშე. ეს იყო სწორედ მეცნიერული აზრის გამარჯვება. ჩვენ რომ დავლოდებოდით ტრადიციულ მეთოდს (ამგვარს ჩინეთი აკეთებს) - ვირუსები დახოცე, დაამუშავე, ცხოველების თირკმელზე გაზარდე და ა.შ. - ასეთს წელიწადში 100 მილიონ დოზაზე მეტს ვერ გააკეთებ.

რაც შეეხება AstraZeneca-ს, ჯერ არც ამ პრინციპით შექმნილა ვაქცინები. ადენოვირუსული კონვერტი არსებობდა, მაგრამ ერთადერთი არსებული ვექტორული ვაქცინა ებოლას საწინააღმდეგოა, რომელიც 2020 წლის ზაფხულში დამტკიცდა, მაგრამ ჯერჯერობით მას ეპიდემიოლოგიურ ზონაში, აფრიკაში იყენებენ, კონგოს რესპუბლიკაში, სადაც ებოლაა. ეს არ არის ძველი ვაქცინა, უბრალოდ, ადენოვირუსებზე დაფუძნებული მეცნიერული კვლევები დიდი ხანია, მიდიოდა, ისევე, როგორც მესენჯერულ რნმ-ზე.

- ამ სამი ვაქცინიდან შეგვიძლია, ვისაუბროთ იმ მინუსებზე, რაც თითოეულს აქვს?

- მინუსებზე ერთადერთი შეიძლება ისაუბრო, რომ საყოველთაოდ გამოცდილი და ტრადიციული მეთოდები არაა, შეიძლება, იყოს გაუთვლელი ფაქტორები. მაგალითად, კლინიკური კვლევების დროს, ათი ათასობით ადამიანში კომპანიებმა ალერგიული რეაქციები ვერ დაიჭირეს, რადგან როცა პაციენტებს აგროვებდნენ, ალერგიულებს კვლევებში არ რთავდნენ. მაგრამ როცა ადამიანებმა ვაქცინის გაკეთება დაიწყეს, აღმოჩნდა, რომ ძველი, ტრადიციული ვაქცინები თუ ალერგიულ რეაქციას მილიონიდან ერთ შემთხვევაში იწვევდა, ეს 5 რეაქციას, ანუ 5-ჯერ მეტს იწვევს. ამიტომ, ეს კომპონენტი, რაც კვლევაში ვერ გამოჩნდა, შემდეგ ვიხილეთ.

ცოტა ხნის წინ იყო ჯანდაცვის ორგანიზაციის ძალიან დიდი სამუშაო ჯგუფის ვაქცინების უსაფრთხოებაზე შეხვედრა, ჩვენ ვესწრებოდით - ჟენევიდან ტარდებოდა. ყველა ქვეყანა, რომელიც ერთვებოდა, აღნიშნავდა, რომ თუ ვაქცინასთან კომბინირებული და დაკავშირებული რაიმე გვერდითი მოვლენაა, ის უნდა შეფასდეს ვაქცინის გაკეთებიდან 21 დღეში. უსასრულო ლოდინი აქ არ არსებობს, რადგან მერე ის ვაქცინა უკვე ადამიანის ორგანიზმში აღარაა. ერთადერთი, ალერგიული რეაქციის რისკი ცოტა გაზრდილია, თუმცა პროტოკოლი უკვე შექმნილია და საქართველოში ადამიანებს სიფრთხილით ვცრით, როგორც ევროპისა და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ცრიან.

აძლევენ თუ არა 55 წელს ქვემოთ მყოფ პირებს "ასტრაზენეკას" მეორე დოზით აცრის რეკომენდაციას? - რას აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი

ქუთაისი ცენტრალური ევრაზიის ლიდერთა ალიანსის აკადემიას უმასპინძლებს

საქართველოში "ასტრაზენეკას“ ვაქცინით 55 წელს ზემოთ პირები აიცრებიან