ავტორი:

"ოცნების" ხელისუფლების რომელი ყოფილი მაღალჩინოსნების პოლიტიკაში დაბრუნებას შეიძლება ჰქონდეს პერსპექტივა - ვინ რატომ წავიდა და რატომ შეიძლება დაბრუნდეს?

"ოცნების" ხელისუფლების რომელი ყოფილი მაღალჩინოსნების პოლიტიკაში დაბრუნებას შეიძლება ჰქონდეს პერსპექტივა - ვინ რატომ წავიდა და რატომ შეიძლება დაბრუნდეს?

პოლიტიკაში მეორედ მოსვლა საქართველოში გარკვეულ ტრენდად იქცა და იმისათვის, რომ დაბრუნდე, ჯერ უნდა წახვიდე. მმართველობის განმავლობაში "ქართული ოცნება" არაერთმა წამყვანმა პოლიტიკურმა ფიგურამ დატოვა, რომლების წასვლაც დიდწილად ბიძინა ივანიშვილის უკმაყოფილებას უკავშირდებოდა ხოლმე.

"ოცნების" რომელი ყოფილი მაღალჩინოსნების პოლიტიკაში დაბრუნებას შეიძლება ჰქონდეს პერსპექტივა, ვის აქვს წარმატების შანსი?

  • გიორგი გახარია

"ქართული ოცნების“ ყველაზე რეიტინგულმა ფიგურამ გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა 2021 წლის 18 თებერვალს, ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეს გადაწყვიტა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თავად განაცხადა. როგორც მან განმარტა, ეს ნაბიჯი გუნდთან შეუთანხმებლობის გამო გადადგა და რომ ეს გადაწყვეტილება “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეს უკავშირდებოდა.

"სამწუხაროდ, ჩემს გუნდთან ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ამ საკითხზე, მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან. მჯერა და მინდა მჯეროდეს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას, რამეთუ დარწმუნებული ვარ იმაში, რომ პოლარიზაცია და დაპირისპირება ჩვენს შორის არის ყველაზე დიდი რისკი ჩვენი ქვეყნისთვის, მისი ეკონომიკური განვითარებისა და ყველა სახის კრიზისის გამკლავებისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მანამდე ბევრს ლაპარაკობდნენ გახარია-კობახიძეს შორის არსებულ დაპირისპირებაზე და გამოითქვა მოსაზრებები, რომ გიორგი გახარიამ, ვიდრე მას ახალ პროვოკაციას მოუწყობდნენ და მორიგი "შავი საქმისთვის“ გამოიყენებდნენ, ჭკუა იხმარა და პოლიტიკიდან დროზე გაასწრო. ერთ-ერთი ვერსიით კი, ის ახორციელებს ქვეყანაში მესამე ძალის გაჩენის ბიძინა ივანიშვილისეულ პროექტს.

გადადგომიდან ერთი თვის შემდეგ, გიორგი გახარია კამერების წინ გამოჩნდა და პოლიტიკაში მეორედ მოსვლა დააანონსა:

"არსად წასვლას არ ვაპირებ, არც პოლიტიკიდან წავალ. რეალურად, გეგმებს მივყვებით და მალე ყველა კითხვას პასუხი გაეცემა", - განაცხადა მან.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ მართალია, გახარია პერსპექტიული პოლიტიკოსია, მაგრამ ის დამოუკიდებლად ვერ შეძლებს გახდეს მესამე ცენტრი:

"გახარიას თუ პრეტენზია აქვს შექმნას მესამე ცენტრი, აუცილებელია, თავისი პოლიტიკური კაპიტალი გაზარდოს, რაც თავისთავად ვერ გაიზრდება. გახარია-კალაძე-კვირიკაშვილი თუ ტრიუმვირატს შექმნიან, ეს იქნება დანარჩენი ორი პოლიტიკური ძალის სერიოზული, თანაზომადი პოლიტიკური ძალა. სამივეს ცალ-ცალკე აქვს პოლიტიკური კაპიტალი და, რაც მთავარია, მათი ელექტორატი არის ურთიერთთავსებადი. ასეთი პოლიტიკური ძალის ჩამოსაყალიბებლად, ამ შემთხვევაში, მათ ივანიშვილის არც პოლიტიკური კაპიტალი დასჭირდებათ და არც - ფინანსური“.

  • გიორგი კვირიკაშვილი

გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2015 წლის დეკემბრიდან იკავებდა, 2018 წლის13 ივნისს გადადგა. ამის მიზეზად მან ფუნდამენტურ საკითხებზე პარტიის ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან განსხვავებული მოსაზრებები და პოზიციები დაასახელა.

როგორც კვირიკაშვილი ამბობდა, იყო რიგი ფუნდამენტური საკითხები, რაზეც პარტია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდა.

"ჩემსა და მმართველ გუნდს შორის გამოიკვეთა გარკვეული მიმართულებებით აზრთა სხვადასხვაობა. კონკრეტულად ლაპარაკი იყო ჩემი მეთაურობით მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით. მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებულად იყო რიგი ფუნდამენტური საკითხებისა, რომელშიც პარტიის თავმჯდომარესთან მქონდა განსხვავებული მოსაზრებები“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობის დატოვებამდე.

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა კვირიკაშვილის გადადგომის მიზეზი თავისებურად ახსნა და თქვა, რომ "კვირიკაშვილს აღარ შეეძლო მართვა, მეთოდები, რომელსაც ის იყენებდა, არ იყო ეფექტიანი. მისმა მართვის მეთოდმა განაპირობა ის, რომ გუნდი დაშლის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, კვირიკაშვილი ვერ ახერხებდა გუნდურ მმართველობას, რაც აუცილებელია ზოგადად გუნდურ მართვაში. კვირიკაშვილის მართვის მეთოდი იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომ გუნდს დაეტყო, რომ დაშლას იწყებდა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2015 წლის 30 დეკემბრიდან 2018 წლის 13 ივნისამდე იყო. მანამდე იგი 2012-2015 წლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ხოლო 2015 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს ხელმძღვანელობდა. ამასთანავე, ის 2013 წლის ივლისიდან - 2015 წლის დეკემბრამდე იყო საქართველოს ვიცე-პრემიერი. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში მომხდარ თითქმის ყველა მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენას კვირიკაშვილი ეხმიანება და თავის მოსაზრებას ძირითადად სოციალურ ქსელებში გამოთქვამს. მისი გადადგომიდან მოყოლებული მუდმივად იყო ლაპარაკი, რომ ის დაუბრუნდებოდა პოლიტიკურ ასპარეზს, დღემდე გამოითქმის მოსაზრებები, რომ ექსპრემიერი საკმაოდ დაახლოებულია ბიზნესმენსა და "ლელოს" დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძესთან, რაც თავის დროზე ბიძინა ივანიშვილის უკმაყოფილების მიზეზი გახდა.

  • ირაკლი ალასანია

”თავისუფალი დემოკრატების” ყოფილმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, გაგანია არჩევნების დროს, გორში საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და მას შემდეგ პოლიტიკაში აღარ გამოჩენილა. "მივიღე გადაწყვეტილება, რომ შევაჩერო ჩემი კამპანია, რადგან ჩვენი შეთავაზებების შესრულებას სჭირდება გუნდი, რომელსაც უნდა ემუშავა პარლამენტში. სამწუხაროდ, ამის შესაძლებლობა არ მოგვეცა. ვერ ვხედავ შესაძლებლობას, რომ აქტიურად მოვახდინო გავლენა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მივიღე გადაწვეტილება დროებით გავიდე პოლიტიკიდან“. ასე დაემშვიდობა პოლიტიკას, თუმცა შეუმჩნეველი არავის დარჩენია, რომ ალასანიაც ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირებას ემსხვერპლა.

ივანიშვილმა ალასანია თავდაპირველად ვიცე-პრემიერობიდან მოხსნა, შემდეგ კი იყო შეტევა ე.წ. "კაბელების საქმით. როგორც იმხანად ამბობდნენ, 2014 წელს ალასანიას დაკავებაც კი იყო დაგეგმილი.

"როდესაც კაბელების საქმე დაიწყო, აშკარა შეიქნა, რომ სამიზნე ირაკლი ალასანია იყო. ამ ამბავს დიდი რეზონანსი მოჰყვა, მით უმეტეს, კრიმინალური ამ საქმეში არაფერი იყო, ამიტომ ვეღარ გაბედა ივანიშვილმა მისი დაკავება. ივანიშვილს მისი თავდაცვის მინისტრობიდან გაშვებაც უნდოდა, მაგრამ ამაზეც შეიკავა თავი“, - ამბობს ალასანიას ერთ-ერთი თანაგუნდელი ნინო გოგუაძე. პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ის აშშ-ში გაემგზავრა და საკონსულტაციო კომპანიის SPConsulting-ის უფროსი პარტნიორი გახდა.

ირაკლი ალასანიამ 2009 წელს დააფუძნა პარტია "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები". 2012 წლის დასაწყისში ის კოალიცია "ქართულ ოცნებას" შეუერთდა, ამავე წლის 25 ოქტომბრიდან 2014 წლის 4 ნოემბრამდე კი საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყო. 2006 წელს ირაკლი ალასანია იყო საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერო-ში. ამ თანამდებობიდან ის 2008 წლის 4 დეკემბერს გადადგა.

"ირაკლი ალასანიას აშშ-ს პოლიტიკურ ისტებლიშმენტში ძალიან სერიოზული საკომუნიკაციო წრე აქვს, საქართველოში კი პოლიტიკური პროცესის გადახალისების აუცილებლობაზე ლაპარაკობენ, არ არის გამორიცხული გარკვეული ამერიკული წრეებიდან აქცენტები სამომავლოდ ამ ადამიანზეც გაკეთდეს“, - გვეუბნება ალასანიას პოლიტიკურ პერსპექტივაზე ექსპერტი მამუკა არეშიძე.

  • გიორგი მარგველაშვილი

როდესაც ბიძინა ივანიშვილი 2013 წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, მის მემკვიდრედ ფილოსოფოსი გიორგი მარგველაშვილი დატოვა, რომლის გაპრეზიდენტებისთვის ძალიან დიდი ძალისხმევაც გასწია, თუმცა მალევე უკვე საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციიდან 122-ე დღეს, ივანიშვილმა გიორგი მარგველაშვილი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა, რასაც შემდგომში თანდათანობით მისი უფლებების მაქსიმალური შეზღუდვაც მოჰყვა.

ივანიშვილმა, პირველი, რაც მარგველაშვილს დაუწუნა, პრეზიდენტის გადაწყვეტილება იყო, რომელიც მის პრეზიდენტის სასახლეში დაბრუნებას უკავშირდებოდა.

”შევახსენებ საზოგადოებას, თუ რატომ და როგორ დაუპირისპირდა პრეზიდენტი პრემიერს. მას უნდოდა ყოფილიყო ლიდერი ამ გუნდის და კონსტიტუციით ამას არ იმსახურებდა. რა უფლებებიც აქვს, ის აქვს", - განაცხადა ივანიშვილმა, რომლის თქმითაც მარგველაშვილი გაანაწყენა იმან, რომ ასოცირების ხელშეკრულებაზე მან კი არა, ღარიბაშვილმა მოაწერა ხელი. მისი მტკიცებით, კონსტიტუციურად ამის უფლება სწორედ ღარიბაშვილს ჰქონდა. "ამის შემდგომ ილტვოდა მუდამ, რომ გაეროში წასულიყო. ეს მთავრობის გადასაწყვეტი იყო და არ გაუშვეს. პრეზიდენტი საოცრად ჯიუტობდა და ძალადობდა პირდაპირ. ამ წელს მაინც წავიდა და შეგვარცხვინა და თავი მოგვჭრა. პირველი პრეცედენტი იყო ეს მსოფლიო ისტორიაში, ორი უმაღლესი დელეგაცია რომ ჩადის ერთ ფორუმზე. აქაც აჩვენა მან, რა და როგორ უღირს,” – ამბობდა მარგველაშვილზე ივანიშვილი.

საბოლოოდ, გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც 5 წლის განმავლობაში იყო საქართველოს პრეზიდენტი, დაგვიბარა, - სხვანაირად, სხვა ფორმით გავაგრძელებ ჩვენი ქვეყნის სამსახურსო და... წავიდა.

დღეს არც იმას გამორიცხავენ, რომ კიდევ ერთი პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი შეიქმნას იმავე გიორგი მარგველაშვილის ხელმძღვანელობით. ეს მოსაზრება მას შემდეგ გაჩნდა საზოგადოებაში, რაც გიორგი მარგველაშვილმა ინტერვიუში ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნის აუცილებლობაზე ილაპარაკა.

იქნება თუ არა დანარჩენი პოლიტიკური ძალების გამაერთიანებელი და შეეცდება თუ არა გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებას და, შესაბამისად, პოლიტიკაში ამ ფორმით დაბრუნებას, პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ასე პასუხობს:

"მარგველაშვილის ინტერვიუთი თუ ვიმსჯელებთ, მან ყურადღება გაამახვილა ახალ პოლიტიკურ ძალებზე და ისინი განიხილა, როგორც სტაბილიზაციის ფაქტორები, რაც მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც დასავლეთისთვის, ისე ქვეყნის შიგნით ამომრჩევლისთვის. დასავლეთის არამკვეთრი პოზიცია, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, განპირობებულია სწორედ იმით, რომ ისინი ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, პოლიტიკური ძალების სახით მასტაბილიზირებელ ფაქტორს ვერ ხედავდნენ. მნიშვნელოვანი ის არის, ვისი სახით დაინახავენ ისინი ამ ფაქტორს - დაინახავენ გახარიას სახით, თუ ისევ მარგველაშვილი გადაწყვეტს, რომ ამ ახალი რეალობიდან გამომდინარე, დანარჩენი პოლიტიკური ძალების გამაერთიანებელი როლი შეასრულოს და ასეთ შემთხვევაში კიდევ ერთი პოლიტიკური ცენტრი ჩამოყალიბდეს. მართლა საინტერესოა, რას იზამს ამ ახალი მოცემულობის გათვალისწინებით მარგველაშვილი - ექნება თუ არა მცდელობა იმ პოლიტიკური პარტიების გაერთიანების (რომლებიც უკვე მონაწილეობდნენ არჩევნებში) და კიდევ ერთი პოლიტიკური სიმძიმის ცენტრის შექმნის“.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე არ უარყოფს, რომ მარგველაშვილს გარკვეული ნიშა აქვს, თუმცა მისი აზრით, მარგველაშვილმა ძალიან დააგვიანა.