ავტორი:

"გარანტიას ვაძლევ "ოცნებას", ეს იქნება გლობალური მასშტაბის უსერიოზულესი პოლიტიკური სკანდალი" - ანა დოლიძემ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა

"გარანტიას ვაძლევ "ოცნებას", ეს იქნება გლობალური მასშტაბის უსერიოზულესი პოლიტიკური სკანდალი" - ანა დოლიძემ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა

მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერმა, ანა დოლიძემ, ფარული თვალთვალისა და მიყურადების საქმეზე, პროკურატურაში სარჩელი შეიტანა.

როგორც ანა დოლიძე აცხადებს, მმართველი გუნდი მათთვის საფრთხისშემცველ ყველა ოპონენტზე, ფართომასშტაბიან თვალთვალსა და მიყურადებას აწარმოებს.

ანა დოლიძემ პროკურატურაში სარჩელის შეტანა ტელეგადაცემა "პოსტ-ფაქტუმში" გასული სიუჟეტის შემდეგ გადაწყვიტა. სიუჟეტში შსს-ს ყოფილი თანამშრომელი, ივანე გულაშვილი ყვება, როგორ ავალებდნენ სხვადასხვა პირებზე თვალთვალს. გულაშვილმა შესაბამისი უწყების დავალებით, ფარული მიყურადებისა და მოსმენის მიზნით, სათვალთვალო კამერა პოლიტიკოს ანა დოლიძის საცხოვრებელ სახლშიც დაამონტაჟა.

"თუ ეს გაფრთხილებაა, რომ მე არ უნდა გავაკეთო დამოუკიდებელი ძალა და უნდა შევეშვა პოლიტიკურ საქმიანობას, როგორც ჩანს, ის ხალხი, ვინც ფარული ჩანაწერების დავალებას იძლევა და ახორციელებს, კარგად არ მიცნობს", - განაცხადა მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა. ინფორმაციას მოძრაობა „ხალხისთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ანა დოლიძის თქმით, გავრცელებულ ინტერვიუში რამდენიმე კითხვის ნიშანია, რომელიც საგამოძიებო უწყებებმა აუცილებლად უნდა გამოიძიოს.

„ჩვენების თანახმად, ფარული ჩაწერა 2014 წელს ხორციელდებოდა, თუმცა ამ დროს მე საქართველოში არ ვიყავი. 2015 წლის ივნისში დავბრუნდი ქვეყანაში. მეორე კითხვის ნიშანი ისაა, რომ ჩვენება მიცემულია 2019 წელს, მაშინ, როდესაც მე ვიყავი მთავარი მებრძოლი სასამართლო „კლანის“ წინააღმდეგ და სალომე ზურაბიშვილს მაგიდაზე ედო „კლანის“ მოთხოვნა, ჩემი იუსტიციის საბჭოდან გაწვევასთან დაკავშირებით. ამიტომ, მე ეს მესმის როგორც პოტენციური გაფრთხილება, რათა ჩემნაირ აქტიურ ადამიანს თავი შეეკავებინა პოლიტიკური საქმიანობისგან. მესამე, და ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ სუს-ის ყოფილი თანამშრომელი, ივანე გულაშვილი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ მას აქვს ფაილები ათასობით ადამიანის შესახებ და ამ ათასობით ადამიანიდან მასახელებს მხოლოდ მე. დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ამ თემაზე გამოძიება, რომელსაც აუცილებლად ექნება საერთაშორისო წნეხი, რასაც პირადად ვუზრუნველვყოფ“, - აცხადებს ანა დოლიძე.

პოლიტიკოსი თემას სოციალურ ქსელშიც ეხმაურება და წერს, რომ კითხვებზე პასუხის გაცემა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც მოუწევს.

"სახლში შევარდნა და ფარული კამერების დამონტაჟება არის ლაჩარი კაცების ხელწერა. ირაკლი ღარიბაშვილს აუცილებლად მოუწევს პასუხის გაცემა, რა ტიპის ოპერაციასთან გვაქვს საქმე, რამდენად იყო ის საქმის კურსში, მან უნდა უარყოს ან დაადასტუროს ის, რაზეც სუს-ის თანამშრომელი საუბრობს", - წერს ანა დოლიძე.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ პირადი ცხოვრების უკანონო ხელყოფას გმობს და ანა დოლიძესა და უკანონოდ ფარული მიყურადების ყველა მსხვერპლს მხარდაჭერას უცხადებს. ამასთან დაკავშირებით ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს.

„საია ეხმიანება ტელეკომპანია „მთავარზე“ გადაცემა „პოსტ ფაქტუმში“ გასულ სიუჟეტს. რესპოდენტი ივანე გულაშვილი აღნიშნავს, რომ იგი იყო სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომელი და მაღალი თანამდებობის პირების დავალებით ფარული მიყურადებისთვის ამონტაჟებდა სათვალთვალო მოწყობილობებს საჯარო პირების საცხოვრებელ სახლებსა თუ სხვადასხვა ტექნიკურ მოწყობილობებზე. საია გმობს პირადი ცხოვრების უკანონო ხელყოფას. მხარდაჭერას უცხადებს ანა დოლიძეს და უკანონოდ ფარული მიყუდარების ყველა მსხვერპლს.

ამასთანავე, აღვნიშნავთ, რომ საქართველოში, უახლოეს წარსულში არსებობდა ფარული მიყურადების შედეგად მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნების მძიმე გამოცდილება და შედეგები, აღნიშნული კი მოითხოვს შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან დროულ, მიუკერძოებელ და ეფექტიან გამოძიებას. ამგვარი ხერხებით ბრძოლის ადრესატები უმეტესწილად არიან პოლიტიკოსი და ჟურნალისტი ქალები, რათა პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟისა თუ გამოქვეყნების შემდეგ მოხდეს მათი პოლიტიკური თუ ჟურნალისტური საქმიანობიდან ჩამოშორება.

ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუვალია და დაუშვებელია პირად ცხოვრებაში უკანონოდ ჩარევა, უკანონო ფარული ჩანაწერების გამოყენებით პირთა შანტაჟი და დევნა. აუცილებელია, რომ სახელმწიფო შესაძლო უკანონო ფარული მიყურადების ფაქტებთან დაკავშირებით ახდენდეს მყისიერ რეაგირებას და ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლისამართლებრივი დევნის მექანიზმების გამოყენებით იცავდეს პირთა პირად ცხოვრებას.

შესაბამისად, საია მოუწოდებს შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს გადაცემა“ პოსტ ფაქტუმში“ გასული ინფორმაციის ნამდვილობის და შესაბამისი რეაგირების მიზნით დროულად დაიწყოს გამოძიება. ამასთანავე, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გამოძიების დაწყებასა და მიმდინარეობასთან დაკავშირებით უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პოლიტიკოსის მხარდასაჭერად, განცხადებას ავრცელებს ასევე "ქალთა მოძრაობაც".

"ქალთა მოძრაობა ეხმიანება 21 მარტს ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი, ივანე გულაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ივანე გულაშვილმა ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში მოგვითხრო ქალი პოლიტიკოსის, ანა დოლიძის, შესაძლო ფარული თვალთვალის შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ ანა დოლიძე თავად გამოეხმაურა ინტერვიუს და ადასტურებს ივანე გულაშვილის მიერ აღწერილი ნივთების არსებობსას მის საკუთრებაში მყოფ ბინაში, თუმცა გულაშვილის მიერ გაჟღერებულ თარიღებთან მიმართებით გამოთქვმას გარკვეულ ეჭვებს. ეჭვგარეშეა, რომ ანა დოლიძის მიმართ განხორციელებული შესაძლო თვალთვალი პირდაპირ უკავშირდება მის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ აქტივობას.

სამწუხაროდ, გვახსოვს არაერთი პოლიტიკურად აქტიური ქალის წინააღმდეგ განხორციელებული მორალური ტერორი და საჯარო ცხოვრებიდან განდევნის მცდელობა. აღვნიშნავთ, რომ მსგავსი უკანონო პრაქტიკები ქვეყანაში სისტემურ ძალადობად ჩამოყალიბდა. ქალის პირადი, მათ შორის, სექსუალური ცხოვრებით მანიპულირება, ან მისი გასაჯაროება ქალების პოლიტიკიდან განდევნის, დისკრედიტაციისა და მარგინზალიზაციის ყველაზე სასტიკი მეთოდია.

ჩვენ მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოს დაიწყოს გამოძიება, გამოკითხოს ყველა პირი, რომელიც შესაძლოა შემხებლობაში იყოს ანა დოლიძის მიმართ უკანონო თვალთვალში და გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსი, რათა აღკვეთოს პირადი ცხოვრების კადრების გავრცელება. ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ანა დოლიძეს და მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას შესაბამისი რეაგირებისაკენ", - აღნიშნულია განცხადებაში.

ანა დოლიძეს მხარდაჭერას უცხადებს ასევე კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია.

"„უფლებები საქართველო“ გმობს პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებაში უხეში ჩარევის ფაქტებს.

„უფლებები საქართველო“ ეხმიანება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას პოლიტიკოსების, მათ შორის, ანა დოლიძის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების არსებობაზე.

„უფლებები საქართველო“ უერთდება "ქალთა მოძრაობის" განცხადებას და მოუწოდებს საგამოძიებო უწყებას, გადადგას დროული, ეფექტიანი და ქმედითი ნაბიჯები გაჟღერებული ფაქტების გამოსაძიებლად და აღსაკვეთად, მათ შორის, იმის დასადგენად, თუ ვის მიერ გაიცემოდა ბრძანება პირადი ცხოვრების ამსახველი მონაცემების უკანონოდ მოპოვების, დამუშავების და შენახვის შესახებ.

უახლოეს წარსულში, ქართული საზოგადოება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონოდ გასაჯაროების არაერთი შემთხვევის მომსწრე გახდა. საგანგაშოა, რომ ამგავრი ქმედებების სამიზნეს, ხშირ შემთხვევაში, ქალი პოლიტიკოსების საქმიანობა წარმოადგენდა. ფარული მიყურადების მარეგულირებელი კანონმდებლობის ხარვეზიანობა და სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურისა და მასში შემავალი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს საქმიანობის მიმართ ზედამხედველობის ეფექტიანი მექანიზმების არარსებობა არაერხელ გამხდარა სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკის საგანი. შესაბამისად, კონკრეტული ფაქტების ქმედითი გამოძიების პარალელურად, მნიშვნელოვანია, განახლდეს მსჯელობა შესაბამის ფორმატში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს სიღრმისეული რეფორმის თაობაზე", - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერით გავრცელებულ სიუჟეტს ეხმაურება ასევე საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია.

როგორც ომბუდსმენი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ საუბარია სავარაუდო შემთხვევაზე, მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს დროული და ეფექტიანი რეაგირება, მათ შორის გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყება.

„საქართველოში პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების, თუ გამოქვეყნების მუქარის შემთხვევებს ძირითადად, ქალი პოლიტიკოსების მიმართ აქვს ადგილი და საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში ჩართული ქალების წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლის, მათი გაჩუმების, ჩაგვრის და ძალადობის სისტემურ იარაღად გამოიყენება. ვგმობთ სახელმწიფოს მხრიდან პირადი ცხოვრების უკანონო ხელყოფის პრაქტიკას, სოლიდარობას უცხადებს ყველა მსხვერპლს და სახელმწიფოს დამაჯერებელი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს, “- ამბობს ომბუდსმენი.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ სუს-ის ყოფილი თანამშრომლის ივანე გულაშვილის მიერ შს მინისტრის უკვე ყოფილ მოადგილე, კახა საბანაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების საფუძველზე გამოძიება დაიწყო.

პროკურატურის ცნობით, გამოძიება 22 მარტიდან, ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების შესაძლო დარღვევისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე მიმდინარეობს.

"საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, 2021 წლის 22 მარტს გამოძიება დაიწყო ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების შესაძლო დარღვევისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ტელეკომპანია "მთავარი არხის“ ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილმა თანამშრომლმა ივანე გულაშვილმა შესაბამისი უწყების დავალებით, პოლიტიკოს ანა დოლიძის საცხოვრებელ სახლში ფარული მიყურადებისა და მოსმენის მიზნით სათვალთვალო კამერა დაამონტაჟა.

გარდა ამისა, გულაშვილის განმარტებით, სრულიად საქართველოს მუსილმთა სამმრთველოს ყოფილ შეიხის ვაგიფ აკპეროვის პერსონალურ კომპიუტერში ვირუსული ფაილი ჩაუშვა, რითაც მისი მიყურადება განხორციელდა.

ასევე, მსჯავრდებულის თქმით, მან შესაბამისი უწყების დავალებით, „მთავარი არხის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, გიორგი რურუას ავტომობილს - "პრადოს“ GPS დაუმაგრეს, რითაც მისი გადაადგილების მარშრუტს გაიგებდნენ.

გულაშვილის განცხადებით, 2019 წლის 20 ივნისის ღამეს, შს მინისტრის მოადგილე, კახა საბანაძე მას ხმოვან შეტყობინებებს უგზავნიდა და დავალებებს აძლევდა. მისივე თქმით, საბანაძემ აქციის დარბევის ღამის კადრები პარლამენტის სარდაფიდან, სადაც სერვერი იწერდა ამოაღებინა. ამასთან, გულაშვილის განმარტებით, მას უნდა გაეთიშა პარლამენტის წინ დამონტაჟებული დიდი მონიტორი სპეციალური მოწყობილობით, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათო მიკროტალღურ სხივებს გამოსცემდა. მისივე თქმით, სპეცრაზმს „მოლოტოვის კოქტეილიც“ ჰქონდა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი"

"კოვიდი 41 პირს დაუდასტურდა, 90-ზე მეტი კი - თვითიზოლაციაშია" - სამთავისსა და ქვემოჭალაში სკოლა და საბავშვო ბაღი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა