ავტორი:

"მილიონერი ქმარი არ მყავს... მეც ვცდილობ ძველი ტანსაცმელი გავაახლო" - დალი ჩიტალაძე გაზაფხული - ზაფხულის მოდის ტენდენციებზე

"მილიონერი ქმარი არ მყავს... მეც ვცდილობ ძველი ტანსაცმელი გავაახლო" - დალი ჩიტალაძე გაზაფხული - ზაფხულის მოდის ტენდენციებზე

პანდემიამ მოდის სამყაროშიც ბევრი რამ შეცვალა. 2021 წლის გაზაფხული - ზაფხულის მოდის ტენდენციებსა და ხრიკებზე AMBEB.GE-ს მოდის ექსპერტი დალი ჩიტალაძე ესაუბრება:

- ქალბატონო დალი, რა შეცვალა პანდემიამ მოდის სფეროში?

- ლამაზად ჩაცმა ყველას მოგვწონს, განსაკუთრებით გაზაფხულზე, თუმცა რადგან შეზღუდვების გამო, ერთმანეთთან შესახვედრად დრო მხოლოდ დღის განმავლობაში გვაქვს და თანაც ყველაფერი დღის განმავლობაში უნდა მოვასწროთ, საღამოს კაბები დავიწყებას მიეცა და ყველაზე მოდურად ისევ street style (ქუჩის სტილი) იქცა. საქართველოში აქტუალური გახდა სადილად შეხვედრის ტენდენცია და ჩვენი ჩაცმულობაც ამის მიხედვით გადაეწყო. თუ ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალზე არ მიდიხარ, სხვა შემთხვევაში, საღამოს კაბა ყველა დიზაინერმა ამოიღო ხმარებიდან, მაგრამ, ქალბატონებო, საღამოს კაბები შეინახეთ, არ გააჩუქოთ, რადგან აუცილებლად დაგჭირდებათ... ასე რომ, ჩვენი სამოსი უფრო პრაქტიკული გახდა - აქტუალურია სპორტული სტილი, ოღონდ ელეგანტური. სწორედ, ასეთი სამოსი უნდა შევიძინოთ, რადგან თუ სადმე წასვლა და გაპრანჭვა გინდა, გრძელი კაბებით ვერ იფრიალებ. რა თქმა უნდა, თუ სიბრჭყვიალე გინდა, დღისითაც შეიძლება ამის გაკეთება, მაგრამ ძალიან ფრთხილად. პატარა ბრჭყვიალა დეტალი რომ შეურიოთ სამოსს, უკვე სხვა ეფექტს მოახდენს.

-დეტალურად რომ გვითხრათ, წელს რა უნდა გვქონდეს გარდერობში?

- აუცილებელია, გვქონდეს "ოვერსაიზი“ და ნებისმიერი სტილის პიჯაკი, ორეულები ერთ ფერში. ღია ფერის კოსტიუმი - თეთრი, ყვითელი, მწვანე, ცისფერი. ძალიან ახალი და აქტუალურია თეთრის და ცისფერის შეხამება. ასევე, ვარდისფერი და ნეონის ფერი - კოსტიუმები, მაისურები... ერთმანეთთან შეხამებული პასტელური და ნეონის ფერები. ძალიან მოდურია ფერადი ფეხსაცმელი, მაგალითად, ცისფერი ფეხსაცმელი, სპორტული იქნება თუ კლასიკური. მე თუ მკითხავთ, გაზაფხულზე და ზაფხულში თეთრი ყველაზე ლამაზი ფერია. 2000 წელს რომ დაიწყო, წლების განმავლობაში ყველაფერი პასტელური ფერის იყო. ახლა პირიქით არის, რაც შეიძლება მჭახე და ნეონის ფერები უნდა გვეცვას. ასევე დაბრუნდა გასული საუკუნის 80-იანი წლების ტენდენცია. ფერები - მწვანე და ცისფერი, ყვითელი და ვარდისფერი, წითელი და ვარდისფერი, თითქოს ერთად წარმოუდგენელია, მაგრამ ერთმანეთს ძალიან უხდება.

- არ მოგენატრათ სადღესასწაულო, საღამოს კაბების ჩაცმა?

- ძალიან მომენატრა. ცოტა ხნის წინ დაბადების დღე მქონდა, მაგრამ საღამოს კაბა ვერ ჩავიცვი. ვიწრო წრეში გავმართე სადილი და მეცვა შავი, ელეგანტური კაბა. სამკაულითა და ბრჭყვიალა ფეხსაცმლით ჩემი ჩაცმულობა სადღესასწაულოდ ვაქციე. შარშან დაბადების დღე საერთოდ ვერ აღვნიშნე, იმ დროს სრული "ლოქდაუნი" იყო და ძალიან განვიცადე. ვერ ვიტან, როდესაც დაბადების დღეს არ აღვნიშნავ, მოვიწყენ ხოლმე... წლები მემატება, ხომ არ მაკლდება, მაგრამ რაღაცნაირად ძალიან მიხარია ჩემი დღე. მიმაჩნია, რომ ყოველი წლის მატება, დიდი მადლია.

- შინიდან გასვლისას, დიდხანს ფიქრობთ რა ჩაიცვათ, როგორია თქვენი სამზადისი?

- როცა სადმე მივდივარ, წინა დღეს ყოველთვის ჯერ გონებაში ვიწყებ ტანსაცმლის დალაგებას, მერე ჩავიცვამ, გავიხდი - ბევრ დეტალს ვაქცევ ყურადღებას. ჯერ - ლუქი, მერე ქსოვილი ქსოვილთან როგორ იქნება, მაგალითად, აბრეშუმთან რა შემოვიცვა. ხანდახან გგონია, რომ არ არის კარგი შეხამება, მაგრამ ჩაიცვამ და აღმოაჩენ, რომ ერთმანეთს ძალიან უხდება. რამდენიმე წესი მაქვს - ზამთარში აბრეშუმის კაბასთან, ქაშმირის ჟაკეტს ან ლაბადას შემოვიცვამ. მომწონს ქაშმირისა და აბრეშუმის ერთობლიობა. ასევე ბამბის ქსოვილისა და ბეწვის. ქურქის ხმარება უფრო სპორტულ სტილთან მიყვარს, ვიდრე საღამოს კაბაზე, რადგან ერთად ზედმეტად გაპრანჭული გამოდის. შალისა და ბამბის ქსლოვილის ერთობლიობაც ძალიან მიყვარს. ეს ყველაფერი მაშინ იქმნება, როდესაც შენ თვითონ გაქვს სტილის შეგრძნება. მე ხელის შეხებით ვგრძნობ ნაჭრის შემადგენლობას. ზუსტად გეტყვით, რამდენი პროცენტია მასში სინთეტიკა და რამდენი - ბამბა. თანამედროვე ტექნოლოგიაში სულაც არ არის აუცილებელი, ნატურალური ქსოვილი გეცვას. ბრენდებს ისეთი ტექნოლოგია აქვთ, თუნდაც "პრადას" - თვითონ იგონებენ ნაჭრის შემადგენლობას და ქმნიან ქსოვილებს. დიზაინი იწყება ქსოვილიდან. მერე ქსოვილი გკარნახობს, რა მიმართულებით უნდა წახვიდე...

- გაქვთ პერიოდები, როდესაც მოეშვებით და არ აქცევთ ყურადღებას იმას, თუ რა გაცვიათ?

- არასდროს. სახლში, თუნდაც სტუმარს არ ველოდებოდე, მაინც სულ მოწესრიგებული ვარ, მეუღლე და შვილი მყავს, ისინი ხომ მიყურებენ? ზოგჯერ სიზარმაცის დღეებს ვიწყობ. სახლიდან არ გავდივარ. მინდა, რაღაცას ვუყურო, წავიკითხო, ვინებივრო და ორგანიზმმა დაისვენოს. ამ დროს არაფრის ჩაცმა არ მინდა, მაგრამ ლამაზი ხალათი მაინც მაცვია.

- თქვენი ჩაცმის ასეთი სიყვარული საიდან მოდის?

- ჩაცმის სიყვარული ბავშვობიდან მომყვება. დედაჩემს სულ ტანსაცმელს ვთხოვდი და ოჯახში სულ ამაზე მქონდა უსიამოვნება. მე რომ გოგო მყავდეს, ალბათ, ისიც ასე იქნებოდა. ერთადერთი რამ, რასაც მთელი ცხოვრებაა ვნანობ, ის არის, რომ ქალიშვილი არ მყავს. ჩემს ქმარს პირველი ქორწინებიდან ჰყავს ქალიშვილი და შვილიშვილი - ანასტასია, რომელიც ძალიან მიყვარს.

- გემოვნებისა და სტილის შეგრძნების სწავლა რამდენად არის შესაძლებელი?

- გემოვნებით იბადები. ამ ნიჭს გაძლევს ღმერთი და ან გაქვს, ან - არა, მაგრამ სტილის სწავლა, თუ როგორ უნდა ჩავიცვათ, შესაძლებელია. მე მყავს კლიენტები, რომლებიც მეკითხებიან და მათ ჩაცმულობაზე ვზრუნავ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩაცმულობას. პირველი აღქმა არის ვიზუალური - არა ის, თუ რა გაცვია, არამედ როგორ გაცვია... უმთავრესია, როგორ ატარებ ტანსაცმელს. ბრენდს არ აქვს მნიშვნელობა.

- მეორადი ტანსაცმლით სარგებლობთ?

- დიახ და ყველას მოვუწოდებ, ისარგებლონ. მით უმეტეს მეორად ბაზრობებზე, წელს აქტუალური 80-იანი წლების მოდის უამრავი სამოსი შემოდის. მეორადებში უნდა ეძებო, ქექო, თვალი და მიხვედრა სჭირდება, რომ დაინახო. ჩემს მეგობრებს უნდათ, ჩემთან ერთად წამოვიდნენ ხოლმე. მეუბნებიან, - შენ რომ დაინახავ, ჩვენ ისე ვერ ვხედავთო.

- რამდენად მნიშვნელოვანია აქსესუარები?

- ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აქსესუარმა ძველი "ლუქი" შეიძლება, გააახლოს. ამიტომ სულ ვამბობ, რომ მთავარია, ყველა სეზონზე თითო მოდური ფეხსაცმელი და რაიმე აქსესუარის დეტალი შეიძინოთ, თუნდაც, აქტუალური ტრენდული ჩანთა. ალბათ, ჰგონიათ, რომ უამრავ ტანსაცმელს ვყიდულობ, მაგრამ ასე არ არის. მეც ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ, მილიონერი ქმარი არ მყავს და მეც ვცდილობ ძველი ტანსაცმელი გავაახლო. შეიძლება, განსხვავებულად ჩავიცვა, მაგრამ არავისგან განსხვავებული არ ვარ...

- რომელია თქვენი საყვარელი აქსესუარი?

- სახლიდან თავსაბურავის გარეშე არ გავდივარ და ჩანთაშიც სულ მაქვს. ჩემთვის სუნამოც აქსესუარია. სუნამოს გარეშე რომ გავიდე, მგონია, რაღაც დამრჩა.

- დღეს სოციალურ ქსელებში უამრავი მოდის ბლოგერია, რომელთაც ბევრი მიმდევარი ჰყავთ, რა უნდა გაითვალისწინონ მიმდევრებმა, რომ მათი გავლენით სწორად ჩაიცვან?

- არ უნდა მიბაძოთ სხვას, მე არ მიყვარს მიბაძვა და კოპირება. შეიძლება, შთაგონება ავიღო სხვისგან, მაგრამ მაინც ჩემებურად გადავაკეთებ და ისე ჩავიცვამ, როგორც მე მომიხდება. არასდროს მაცვია ყალბი ბრენდი. მირჩევნია, რაღაც შევაკერინო, ვიდრე "ფეიკი" ჩავიცვა. არ არის აუცილებელი, ყველას "შანელი" ან "ჰერმესი" გვეჭიროს. ფრანგი ქალები "შანელის" ნივთებს 40 წლის შემდეგ ყიდულობენ, იმიტომ რომ ეს ბრენდი მათ სტატუსად იქცა, ანუ აჩვენებს იმას, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინონ... ძალიან გამეცინება, პატარა გოგო რომ დავინახო ქუჩაში "შანელის" ჩანთით ხელში, რადგან "შანელმა" ძალიან ბევრი იშრომა ასეთი წარმატებული და ხარისხიანი პროდუქტის შესაქმნელად. ამიტომ შენც უნდა იყო ასეთივე წარმატებული, გქონდეს შესაბამისი სტატუსი და შესაძლებლობა, რომ იყიდო...

- გემოვნებაზე დაობენ?

- რა თქმა უნდა, დაობენ. სილამაზეს ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამს, ამიტომაც დაობენ.

ავტორი: ხათუნა კორთხონჯია

"არ მომცეს უფრო მეტი შვილის გაჩენის უფლება, ფსიქიატრიულში გამომკეტეს... მე უბრალოდ ჩემი ცხოვრების დაბრუნება მსურს" - ბრიტნი სპირსის სიტყვა სასამართლოზე და ბრალდებები მამას

17 ივლისს საქართველოს ლეგენდარული DJ Terrence Parker ეწვევა

"ქართული ხმების" სოლისტი ზურაბ ბაკურაძე რაჭაში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა