ავტორი:

"მე და სხვა მოსამართლეები ბედნიერი ვიქნებით, რომ მალე ნაზიბროლა ჯანეზაშვილი საბჭოს წევრი აღარ იქნება" - დიმიტრი გვრიტიშვილი

"მე და სხვა მოსამართლეები ბედნიერი ვიქნებით, რომ მალე ნაზიბროლა ჯანეზაშვილი საბჭოს წევრი აღარ იქნება" - დიმიტრი გვრიტიშვილი

საბედნიეროდ, მე, როგორც მოსამართლე და სხვა მოსამართლეებიც ბედნიერი ვიქნებით იმით, რომ სულ მალე ნაზიბროლა ჯანეზაშვილი საბჭოს წევრი აღარ იქნება, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვით, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის, ლევან გზირიშვილის შვილი, ალექსანდრე გზირიშვილი მოსამართლის თანამდებობაზე შესაძლოა, ნეპოტიზმის წესით განმწესდეს.

დიმიტრი გვრიტიშვილი ჯანეზაშვილის ამ განაცხადებას დაუსაბუთებელს უწოდებს. მისი თქმით, „ჯანეზაშვილი მისი მოღვაწეობის მანძილზე სასამართლოს დისკრედიტაციას, ინდივიდუალური მოსამართლების ღირსებისა და რეპუტაციის შელახვას ცდილობდა. გვრიტიშვილი მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაშიც იგივე კამპანიის გაგრძელება ხდება.

მოსამართლე წევრი არ გამორიცხავს, რომ ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთოს.

„გუშინ ჩვენ ვიხილეთ ბულინგის კლასიკური მგალითი, როდესაც იუსტიციის საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ცდილობდა მოსამართლეობის ახალგაზრდა კანდიდატის (ალექსანდრე გზირიშვილის) დამცირებას მისი ღირსებისა და მისი ოჯახის წევრების შეურაცხყოფით, რაც საბედნიეროდ, არ გამოუვიდა. ამ ადამიანმა ეთიკურად და ადეკვატურად გაართვა თავი თავდასხმებს. რაც შეეხება შინაარსობრივ მხარეს, როდესაც ქალბატონი ჯანეზაშვილი ცდილობს ნეპოტიზმის ფაქტის დამტკიცებას გზირიშვილთან მიმართებაში, მან არამხოლოდ უნდა მიუთითოს უდაო ფაქტზე, რომ ალექსანდრე გზირიშვილი ლევან გზირიშვილის შვილია, არამედ დამატებით აუცილებლად უნდა დაამტკიცოს ისიც, რომ ალექსანდრე გზირიშვილი არის უღირსი, არასათანადო კვალიფიკაციის მქონე იმისათვის, რომ დააკმაყოფილოს კანონის მოთხოვნები და განმწესდეს მოსამართლედ. როგორც ვიცი, ნაზი ჯანეზაშვილმა აღიარა, რომ კვალიფიკაციის გამოსავლენად სამართლებრივი შეკითხვები არც კი დასვა და შემოიფარგლა მხოლოდ ოჯახური ურთიერთობების კვლევით, რაც ყველასთვის ცხადია. ამიტომ, ნეპოტიზმზე საუბარი აბსოლუტურად დაუსაბუთებელია. ეს არის კიდევ ერთი გამოხტომა საბჭოს არამოსამართლე წევრის. საბედნიეროდ, მე, როგორც მოსამართლე, სხვა მოსამართლეებიც ბედნიერნი ვიქნებით იმით, რომ სულ მალე ნაზიბროლა ჯანეზაშვილი საბჭოს წევრი აღარ იქნება“, - აცხადებს გვრიტიშვილი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, ალექსანდრე გზირიშვილი მოსამართლის თანამდებობაზე შესაძლოა, მამის, ლევან გზირიშვილის „კლანთან" კავშირის მეშვეობით განწესდეს.

როგორც ნაზი ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოსამართლის თანამდებობაზე ორი კონკურსია გამოცხადებული. პირველ კონკურსზე 41, ხოლო მეორეზე 3 ვაკანსიაა. ჯანეზაშვილი ამბობს, რომ ალექსანდრე გზირიშვილს განაცხადი მოსამართლის თანამდებობაზე განწესების შესახებ ყველგან შეტანილი აქვს.

ნაზი ჯანეზაშვილი განმარტავს, რომ ალექსანდრე გზირიშვილის კომპეტენციასთან მიმართებით პრობლემა არ არის, რადგან უკვე ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა, ისწავლა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში და აქვს შესაბამისი განათლება, თუმცა პრობლემაა ის, რომ სასამართლო სისტემაში კონკურენცია არ არსებობს. მისი თქმით, აქედან გამომდინარე, ალექსანდრე გზირიშვილი მოსამართლის თანამდებობაზე შესაძლოა განწესდეს მამის, ლევან გზირიშვილის „კლანთან" კავშირის მეშვეობით. როგორც ჯანეზაშვილი აცხადებს, საბოლოო ჯამში დანიშნება თუ არა ალექსანდრე გზირიშვილი მოსამართლის თანამდებობაზე, ჯერ არაფერი იცის, თუმცა იმედევნებს, რომ ამ საკითხთან მიმართებით საზოგადოების ყურადღების გამახვილება გარკვეულ პასუხისმგებლობას გააღვიძებს კონკრეტულ ადამიანებში.

„ალექსანდრე გზირიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამართულ სხდომაზე გასაუბრებაზე გუშინ გავიდა და სავარაუდოდ, ის მოსამართლე გახდება. რა არის აქ პრობლემა - ლევან გზირიშვილის ხმას და მხარდაჭერას „კლანისთვის" ძალიან ბევრ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.

მათ შორის, ყველაზე თვალსაჩინო იყო უზენაესი სასამართლოს კანდიდატურების პირველი ეტაპი, კონკურსის შედეგად წარდგენილი კანდიდატები, სადაც სახალხო დამცველმაც თქვა, რომ ჩანდა შეთანხმებულები იყვნენ საბჭოს წევრები, როდესაც მხარი დაუჭირეს ამა თუ იმ კანდიდატს წარდგენაზე. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ლევან გზირიშვილმა მთელი 4 წელი გამოიყენა იმისათვის, რომ მხარი დაეჭირა „კლანისთვის" თუნდაც იმ სიჩუმით, რომლითაც ის გამოირჩეოდა. შედეგად, 4 წლის თავზე, როდესაც ივნისში ვადა გვეწურება არამოსამართლე წევრების ძალიან დიდ ნაწილს, ის ბენეფიტად იღებს უკვე სავარაუდოდ თავისი შვილის მოსამართლის თანამდებობას. მოგვიანებით ის ალბათ უვადო მოსამართლეც გახდება. საუბარია ხანგრძლივ სარგებელზე, მისი შვილი შეიძლება 2053 წლამდე გახდეს მოსამართლე თუ ის უვადოდ დაინიშნება თანამდებობაზე, რასაც ვფიქრობ, არაფერი შეუშლის ხელს. პარლამენტის მიერ არჩეულ წევრებს ივნისში ეწურებათ უფლებამოსილების ვადა, მათ შორის მეც და ეს არის ერთგვარი დემონსტრაციული მესიჯი „კლანის" მხრიდან მომავალი არამოსამართლე წევრების მიმართ. ანუ, თუ ისინი იქნებიან „კლანის" მხარდამჭერები, ჩუმად და ლოიალურები „კლანის" მიმართ, მოსამართლე „კლანის" მხრიდან სარგებელს მიიღებენ. სარგებელი შეიძლება იყოს თანამდებობა და სხვა რამეც. ამიტომ, გზირიშვილის შემთხვევა არის ნეპოტიზმის კლასიკური მაგალითი, რომელსაც ვფიქრობ, ჩვენი კანონმდებლობიდან და საერთაშორისო სტანდარტებიდან გამომდინარე თავისუფლად შეიძლება ეწოდოს კორუფციაც კი. ასევე, ეს არის შემთხვევა იმისა, თუ როგორ იღებს სრულიად უცხო ადამიანი სისტემიდან სარგებელს, რომელსაც არანაირი გავლენები არ ჰქონდა "კლანთან " მიმართებაში", - აცხადებს ჯანეზაშვილი.

მარნეულში 23 წლის ბიჭი მოკლეს - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

"ბიჭი შეყვარებულთან მიდიოდა... თურმე ეგონა ზურგში მუშტი დაარტყეს, არადა, დანა დაურტყამს" - 21 წლის ბიჭს ქუჩაში სრულიად უცხო ადამიანი დაესხა თავს: რა მოხდა გლდანში?

ზუგდიდში 60 წლის ქალი დააყაჩაღეს, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ - რას აცხადებენ შსს-ში