ავტორი:

თალიბებმა ტყვედ ჩავარდნილი 22 ჯარისკაცი დახვრიტეს - რა კადრებს ავრცელებს CNN

თალიბებმა ტყვედ ჩავარდნილი 22 ჯარისკაცი დახვრიტეს - რა კადრებს ავრცელებს CNN

CNN აქვეყნებს ვიდეოს და წერს, რომ მასზე აღბეჭდილია, თუ როგორ დასაჯეს ავღანეთში თალიბებმა სიკვდილით 22 ჯარისკაცი. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ვიდეოში ნაჩვენები ჯარისკაცები ავღანეთის სპეცდანიშნულების რაზმის წევრები იყვნენ.

შემთხვევა 16 ივნისს, ფარიაბის პროვინციაში, ქალაქ დოლათ აბადში, ავღანეთისა და თურქმენეთის საზღვართან ახლოს მოხდა. გამოცემის ცნობით, ქალაქის დასაკავებლად თალიბებსა და სპეცდანიშნულების რაზმის წევრებს შორის სასტიკი ბრძოლა გაიმართა, რა დროსაც, ჯარისკაცებს ტყვიები გაუთავდათ და ისინი თალიბების ალყაში აღმოჩდნენ.

ვიდეოში პუშტურ ენაზე ისმის - "არ ესროლოთ, არ ესროლოთ, გევედრებით, არ ესროლოთ მათ.“

როგორც CNN წერს, ტყვედ ჩავარდნილ ჯარისკაცებს თალიბანი გამოსასყიდის სანაცვლოდ უშვებს ხოლმე, თუმცა როგორც ჩანს, ამჯერად ასე არ მოხდა. მათ იარაღაყრილ ჯარისკაცებს ესროლეს. ვიდეოში ისმის განწირული ყვირილი - "ალლაჰ აკბარ."

აღსანიშნავია, რომ ინციდენტიდან რამდენიმე დღეში თალიბანმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ნათქვამი იყო, რომ ცოცხლად აიყვანეს ტყვეები და ისინი განაიარაღეს.

ვიდეოში არ იყო საუბარი სიკვდილით დასჯაზე. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც მედიაში სიკვდილით დასჯის ამსახველი კადრები გავრცელდა, თალიბანის სპიკერმა ყოველივეს სიყალბე უწოდა და თქვა, რომ სინამდვილეში 22 სამხედრო შეტაკებების დროს დაიღუპა.