ავტორი:

"არ მსურს, ვინმემ ისეთი სიძულვილი გამოსცადოს, როგორიც ჩვენ" - სოციალურ ქსელში ინგლისელი ფეხბურთელების რასისტული შეურაცხყოფის გამო 5 ადამიანი დააკავეს

"არ მსურს, ვინმემ ისეთი სიძულვილი გამოსცადოს, როგორიც ჩვენ" - სოციალურ ქსელში ინგლისელი ფეხბურთელების რასისტული შეურაცხყოფის გამო 5 ადამიანი დააკავეს

სოციალურ ქსელში ინგლისელი ფეხბურთელების მიმართ რასისტული, სიძულვილის შემცველი, შეურაცხმყოფელი კომენტარების დაწერის გამო, სამართალდამცველებმა 5 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ BBC-ი წერს.

ინგლისის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები - მარკუს რაშფორდი, ბუკაიო საკა და ჯეიდონ სანჩო რასისტული გამონათქვამების მთავარი სამიზნე მას შემდეგ გახდნენ, რაც "ევრო 2020"-ის ფინალში 11-მეტრიანი დარტყმები ვერ გამოიყენეს.

პოლიციის განცხადებით, სოციალურ ქსელში შავკანიანი ფეხბურთელების მიმართ "რასისტული კომენატარების ნიაღვარი იყო". დაკავებულები ბრალდებულნი არიან რასიზმის ნიშნით სიძულვილის გაღვივებაში. სამართალდამცველთა თქმით, ამ ადამიანებთანაა დაკავშირებული სიძულვილის შემცველი არაერთი კომენტარი.

პოლიციელები ასევე აცხადებენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს და შესაძლოა, დაკავებულთა რაოდენობა გაიზარდოს.

  • ამასთან, აღსანიშნავია, რომ 13 ივლისის მონაცემებით, 24-საათიან პერიოდში, ინგლისში ფეხბურთთან დაკავშირებული 597 ინციდენტი დაფიქსირდა და 264 ადამიანი დააკავეს.

ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი, 19 წლის ბუკაიო საკა, რომელსაც ყველაზე მნიშვნელოვანი 11-მეტრიანი დარტყმა ანდეს და რომელმაც ის ვერ გამოიყენა, განსაკუთრებული აგრესიის მსხვერპლი გახდა. საკამ დუმილი მხოლოდ გუშინ დაარღვია და სოციალურ ქსელში ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ სოციალური ქსელებისგან ამ პერიოდში შორს იყო და დროს ოჯახთან ერთად ატარებდა. მან მადლობა გადაუხადა ადამიანების იმ ნაწილს, რომლებმაც რთულ მომენტში თანადგომა და მხარდაჭერა გამოუცხადეს.

“არ არსებობს სიტყვები იმის გადმოსაცემად, თუ რამდენად იმედგაცრუებული ვიყავი მატჩის შედეგით და ჩემ მიერ შესრულებული პენალტით. ნამდვილად მჯეროდა, რომ ჩვენ თქვენთვის გამარჯვებას მოვიპოვებდით. ვწუხვარ, რომ ფეხბურთი სახლში ვერ დავაბრუნეთ, მაგრამ გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ იცოდეთ, რას ნიშნავს გამარჯვების შეგრძნება.

მე ძალიან მტკიოდა, ვგრძნობდი, რომ ყველას იმედი გავუცრუე, მაგრამ გპირდებით, ამ მომენტს, ან ნეგატივს არ მივცემ უფლებას, რომ გამტეხოს“, - წერს ფეხბურთელი.

ამავე პოსტში მან სოციალური ქსელების პლატფორმების ხელმძღვანელებსაც მიმართა:

"სოციალურ მედია პლატფორმებს, "ინსტაგრამს", "ტვიტერსა" და "ფეისბუქს" - არ მსურს, რომ რომელიმე ბავშვმა, ან ზრდასრულმა მიიღოს სიძულვილის შეტყობინებები, ისეთები, როგორიც მივიღეთ მარკუსმა, ჯეიდონმა და მე ამ კვირაში. სამწუხარო რეალობაა, რომ თქვენი მძლავრი პლატფორმები საკმარისად არ მუშაობს ამ სიძულვილის შემცველი შეტობინებების შესაჩერებლად.

არსად, არც ერთ სფეროში არ უნდა იყოს ადგილი სიძულვილისა და რასიზმისთვის. შევცვალოთ სიძულვილი ერთმანეთის მიმართ სიკეთით და ჩვენ ყველა გვიმარჯვებთ“, - წერს ბუკაიო საკა.

ამავე თემაზე: "არასდროს მოვიხდი ბოდიშს იმაზე, თუ ვინ ვარ და საიდან მოვედი გუნდში" - რასისტული თავდასხმები ინგლისის ნაკრების წევრებზე, კაპიტნის ღირსეული პასუხი და დაწყებული გამოძიება

ინფორმაციისთვის, "ევრო 2020"-ის ფინალი 11 ივლისს, ლონდონში, უემბლის სტადიონზე გაიმართა. ერთმანეთს იტალია და ინგლისი დაუპირისპირდნენ და ჩემპიონატის გამარჯვებული 11-მეტრიანი დარტყმების სერიის შემდეგ გაირკვა. ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებმა, მარკუს რაშფორდმა, ჯეიდონ სანჩომ და ბუკაიო საკამ პენალტის ნიშნულიდან გოლები ვერ გაიტანეს და საბოლოოდ, ევროპის ჩემპიონის ტიტული იტალიამ მოიპოვა.

ძმა და 82 წლის ინსტრუქტორი ქალი - კიდევ ვინ მიჰყავს ჯეფ ბეზოსს კოსმოსში: მილიარდერის ამბიციური მოგზაურობის დეტალები

"გთხოვთ, გთხოვთ აიცერით, აიცერით ახლავე" - ჯო ბაიდენი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

იდუმალი და აუხსნელი დაავადება, რომლითაც 20-მდე ამერიკელი დიპლომატი დაავადდა - რა მოხდა ვენაში და რას გულისხმობს ე.წ. ჰავანას სინდრომი?