ავტორი:

"სილამაზის სალონში ეგონათ, რომ ავად ვიყავი ან ტილები დამესია..." - რატომ გადაწყვიტა თავის გადაპარსვა, სად იმოსება და რას ურჩევს ქალბატონებს მაკა ჩიჩუა

"სილამაზის სალონში ეგონათ, რომ ავად ვიყავი ან ტილები დამესია..." - რატომ გადაწყვიტა თავის გადაპარსვა, სად იმოსება და რას ურჩევს ქალბატონებს მაკა ჩიჩუა

"გიორგი რომ პრეზიდენტი გახდა, იმ პერიოდში ჩემი მეგობარი სპექტაკლს დგამდა და მთხოვა, ტანსაცმლისა და ფეხსაცმელების შერჩევაში დავხმარებოდი. წავედით სადგურზე, სადაც ღია ცის ქვეშ ჰქონდათ მეორადების დახლები გაშლილი. ხალხი არ იჯერებდა და ერთმანეთს ეკითხებოდნენ, ეს მაკა ჩიჩუააო?.." - იხსენებს მაკა ჩიჩუა ჟურნალ "გზასთან" საუბრისას.

- ადამიანის გემოვნების ჩამოყალიბებაში ვფიქრობ, დიდ გავლენას გარემო ახდენს... თუმცა, გემოვნებაც ინდივიდუალურია. შეიძლება ცუდ პირობებშიც კი ადამიანს ძალიან დახვეწილი გემოვნება ჩამოუყალიბდეს! ამიტომ ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვი, თუ რა ფაქტორი ახდენს გავლენას. ადამიანის ხედვაზე, წარმოსახვაზე ბევრი რამაა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, გარემოც ინფორმაციის წყაროა... ვფიქრობ, ჩემი გემოვნების ფორმირება ჩემი დაკვირვებებიდან, წარმოსახვიდან მოხდა! შემოქმედებითად უნდა აზროვნებდე და ძალიან ინდივიდუალური იყო, შენი სტილი რომ შექმნა!

- პროფესიით მხატვარი ხართ, ამან იქონია გავლენა?

- რა თქმა უნდა! ამით ხომ ჩემი გემოვნების გარეთ გამოტანა, სადღაც ასახვა მოხდა... საერთოდ, მოდას ცოტა ფილოსოფიურად რომ შევხედოთ, სასაცილოც არის, როცა ერთი ჩაიცვამს ვთქვათ პლატფორმებს და მერე ყველამ მას ჰბაძავს... ამ დროს, მე პირიქით ვაკეთებ: როგორც კი რაღაც მასობრივად შემოდის, უკვე აღარ მაინტერესებს მისი ჩაცმა და ახალს ვეძებ! მუდამ მსურდა, ჩემი სტილი განსხვავებული ყოფილიყო და სხვას არ დავმსგავსებოდი. ადამიანს როგორც აცვია, როგორც გამოიყურება, იმის მიხედვით შეგიძლია მიხვდე, როგორი პიროვნებაა. შინაგანი სამყარო გამოდის გარეთ და ყველაფერს განსაზღვრავს... ვიღაცის სახლშიც რომ შედიხარ, როგორც აქვს სახლი მოწყობილი, იმის მიხედვით ხვდები, როგორი ტიპაჟია, რა უხარია და როგორია მისი შინაგანი სამყარო...

- სამოგზაუროდ როგორი ქვეყნები მოგწონთ?

- ყოველთვის მაინტერესებს აქ და ახლა! ამ დროში რა ხდება, ესაა უმნიშვნელოვანესი. თუ მაინცდამაინც კატეგორიულად მკითხავენ, "რომელ დროში მოგზაურობას ვამჯობინებ", ვიტყვი, რომ მომავალი მაინტერესებს. ისტორიულად რაღაცებში ვერკვევი, მაგრამ ის უკვე წარსულია და აღარ არის საჭირო ჩავუღრმავდე, ვიმოგზაურო და განვლილი რაღაცები ჩემში შემოვიტანო. უფრო საინტერესოა მომავალში რა იქნება.

ამ მხრივ იაპონიაა განუმეორებელი, "გიჟები" არიან. სულ ისწრაფვიან ყველაფერი დახვეწონ და წინ წავიდნენ, შორს გაიხედონ...

2014 წელი - მაკა ჩიჩუა და გიორგი მარგველაშვილი იაპონიაში, ოფიციალური ვიზიტით

ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება ბრაზილიამ მოახდინა. იქ ოლიმპიადაზე ვიყავით მიწვეულები და ასეთი საოცარი ქვეყანა მეორე არ მეგულება. არ მახასიათებს სადმე ჩავიდე, უცებ მოვიხიბლო და გავგიჟდე, მაგრამ ბრაზილიაში პირველად მქონდა შეგრძნება, რომ ისეთი უცნაური და საინტერესო ქალაქი ჯერ არ მენახა, როგორიც რიო-დე-ჟანეიროა. უცებ შედიხარ დანგრეულ უბანში, რაღაც მანძილის გავლის შემდეგ კი სრულიად განსხვავებულ გარემოში აღმოჩნდები, სადაც თვალუწვდენელი ზღვაა, ამოშვერილი მთები, ადიხარ ქრისტეს ქანდაკებასთან, რომელიც არაფრით მეგონა, ამდენად შთამბეჭდავი თუ იყო...

- ყველაზე გემოვნებიანი მოსახლეობა სად იყო?

- პარიზში! მომკალით და ასეა, რაც უნდა კლიშე დავარქვათ. ქუჩაში ყველა დახვეწილად შემოსილი დადის. მათში გენეტიკური გემოვნება, სტილი იგრძნობა! იქ მოდის ზეიმია!

- ზოგიერთი მილანს ასახელებს...

- არა! მილანი უფრო გადამლაშებულია, უკვე მეზედმეტება იქაური ყოველდღიური ჩაცმულობა. ასე ვთქვათ - მსუყეა, ზედმეტად იგრძნობა ბრენდებზე დამოკიდებულება...

- ამბობენ, თბილისური მოდა დაიკარგაო...

- არაფერიც არ დაიკარგა! თბილისში რაც დაიკარგა, ეს ქალაქის სახეა, იმდენად ჩააბეტონეს და დააუშნოვეს ყველაფერი... რაც შეეხება მოდას, სულ ძიებაში არიან ჩვენი დიზაინერები. ქართველებს გემოვნება ნამდვილად აქვთ!

ჩემთვის ყველაზე ახლოს იაპონური ჩაცმულობაა... ვგიჟდები იაპონელ დიზაინერებზე! განსაცვიფრებელი და შეუცვლელია იოჯი იამომოტო, რომელსაც უშრეტი ფანტაზია აქვს, სასწაულებს ქმნის... პარიზი ხომ არის დახვეწილობის და სინატიფის პიკი, მაგრამ ჩემთვის უახლოესი იაპონური მოდაა...

- როდესაც პირველი ლედი იყავით, ოპონენტებიც კი თქვენს ძალიან დახვეწილ გემოვნებას აღიარებდნენ...

- დიდი მადლობა! სხვათა შორის, სხვა ქვეყნებშიც რომ ჩავდიოდით, ჩვენი საელჩოების, საკონსულოების წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, - გვიხარია, ასეთი გემოვნებით შემოსილი რომ წარმოაჩენ ჩვენს ქვეყანასო... გემოვნებიანი ჩაცმულობისთვის დიდი ძალისხმევა და ფული არასოდეს დამიხარჯავს. ალბათ ერთი-ორჯერ თუ შევიძინე სამოსი ისეთ მაღაზიაში, სადაც ძალიან ძვირი არ ღირდა. არასოდეს მქონდა შესაძლებლობა, განსაკუთრებულად ძვირფასი ბრენდები მეყიდა... მე და დათუნა სულიკაშვილი ვქმნიდით ყველაფერს ან მე ცალკე. რაღაცას უცებ მოვხაზავდი და მკერავთან მივიტანდი. საერთოდ, რთულია ზუსტად ის გაგიკეთონ, რაც გინდა, მაგრამ რაღაც გამოდიოდა. შესაბამისი ქსოვილის შოვნაც რთული იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში ვახერხებდი, სამოსი იმისთვის მიმემსგავსებინა, რაც მსურდა.

- სოფლის რთულ პირობებში როგორ ახერხებთ მუდმივად ასეთ არაჩვეულებრივ ფორმაში იყოთ?

- მე ახლა არაჩვეულებრივ ფორმაში ვარ? - არ ვიცი... თუ ასეა, ამისთვის საერთოდ არაფერს ვაკეთებ! არანაირი სალონები, არც არასოდეს ვყოფილვარ სალონის მომხმარებელი. 15 წუთით თუ შევსულვარ, როდესაც თმა მქონია ცოტა შესამოკლებელი... ახლა გადავწყვიტე, თმა აღარასოდეს გავიზარდო და გიორგის თმის საპარსით ვიპარსავ რაღაც დონემდე. ადრეც ხშირად ვიპარსავდი და მაშინ რატომღაც, ეს ბევრისთვის შოკი იყო.

ისეთ გარემოში ვარ, სადაც არანაირად არ მჭირდება და მეზარება კიდეც თმაზე დიდი აქცენტის გაკეთება. ის არ უკვირთ, ადამიანები ტუჩებს რომ იბერავენ, ამდენ ინიექციას იკეთებენ და გადაპარსულ თმაზე რეაქცია აქვთ - ეს გაუგებარია, მაგრამ უკვე დიდი გოგო ვარ და შევეგუე...ყველაფერი იმდენად ბუნებრივად გამომდის, ჩემთვის არაფერია პრობლემა... ახლაც მახსოვს ის მომენტი, პირველად რომ შევედი სილამაზის სალონში და ვუთხარი, თავი გადამპარსეთ-მეთქი. ეგონათ ავად ვიყავი ან ტილები დამესია (იცინის).....წაიკითხეთ სრულად

"ყოველდღიურად 200-მდე ბავშვი ინფიცირდება, მომდევნო დღეები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ბავშვების ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის თვალსაზრისით" - ივანე ჩხაიძე

მეცნიერებმა საქართველოში აღმოჩენილი, 25 000 წლის წინ მცხოვრები ადამიანის დნმ-ი გაშიფრეს - რა ინფორმაციას ავრცელებს ეროვნული მუზეუმი

"ფაიზერი" საუკეთესო ვაქცინაა, მაგრამ ნებისმიერი ვაქცინა მუშაობს და გვიცავს სიკვდილისგან, ესაა მთავარი - ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე