ავტორი:

გიორგი მარგველაშვილი და გიორგი კვირიკაშვილი "ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლას ეხმაურებიან - რა განაცხადეს ექსპრეზიდენტმა და ექსპრემიერმა?

გიორგი მარგველაშვილი და გიორგი კვირიკაშვილი "ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლას ეხმაურებიან - რა განაცხადეს ექსპრეზიდენტმა და ექსპრემიერმა?

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეხმიანებიან "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლის თაობაზე.

მარგველაშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში“ აღნიშნა, რომ ამ ბრძოლაში ის პოლიტიკურ ასპარეზზე იქნება:

"ბუნებრივია, მე ყოველთვის ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას და აქტიურ კონსულტაციებში ვარ პოლიტიკოსებთან. ვერ ვიტყვი, რომ ეს ყოველთვის წარმატებული კონსულტაციებია, მაგრამ მე კონსულტაციებში ვარ და ღია ვარ ხოლმე. ახლა ბრძოლაა, როცა ჩვენი ქვეყნის კურსს ცვლიან და გუბერნიად უნდათ გამოაცხადონ. რომელიმეს თუ ჰგონია, რომ ამ გუბერნიას რუს "ნამესტნიკს“ ვარანცოვს დაუნიშნავენ, როგორც მაშინ იყო, ეს ძალიან გეშლებათ. ამას ქართველებს გააკეთებინებენ, ქართველების ხელით გაკეთებული რუსული გუბერნია იქნება. არ გეგონოთ, რომ აქ ვარანცოვი ჩამოვა და ოპერის თეატრს და გოლოვინის "პროსპექტს“ ააშენებს. ბუნებრივია, როდესაც ასეთი დრამატული თავხედობა განიზრახა რაღაც ჯგუფმა, რომ უზურპაცია მოახდინოს და რუსეთის ზურგგამაგრებულმა წაიყვანოს ეს ქვეყანა, რა თქმა უნდა, ამ ბრძოლაში ვიქნები. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ბრძოლაში ქართული ოპოზიციის მეშვეობით ბევრი მოქალაქე ჩაერთვება. ასევე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც რაღაც მომენტში გაიაზრებენ იმ დიდ ვალდებულებას, რაც თავისი წინამორბედების მიმართ აქვთ და მიიღებენ ადეკვატურ ზომებს. მარტივია - სახელობითი სანქციები, მათთვის, ვისაც მიჰყავთ ეს ქვეყანა რუსეთისკენ! კონკრეტული პერსონები ატრიალებენ ახლა ქვეყნის საჭეს და მიაქანებენ ჩრდილოეთით“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

"ქართული ოცნების" გადაწყვეტილება 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლის თაობაზე არის ნაბიჯი უკიდურესი პოლარიზაციისკენ და მნიშვნელოვანი უკუსვლა ქართული დემოკრატიის განვითარების გზაზე, - ასე აფასებს გიორგი კვირიკაშვილი "ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას.

კვირიკაშვილის შეფასებით, "პასუხისმგებლობა მოვლენათა ამგვარ განვითარებაზე ეკისრება პირველ რიგში ქართული ოცნების ხელმძღვანელობას”.

"თუმცა, "ნაციონალური მოძრაობაც", რომელმაც ხელშეკრულებაზე არმიერთებით საშუალება მისცა მმართველ პარტიას, უარი ეთქვა აღებულ ვალდებულებებზე, ასევე პასუხისმგებელია იმ რეალობაზე, რომელშიც აღმოჩნდა ქვეყანა.

და მიუხედავად იმისა, თუ რა გეგმები აქვს და როგორ მოქმედებს ესა თუ ის პოლიტიკური პარტია, სწორედ მმართველი პარტიის ვალდებულებაა პოზიტიური დღის წესრიგის შექმნა, რადიკალური ოპოზიციის ქმედების მიუხედავად საერთაშორისო ვალდებულების შესრულება და ქვეყნის განვითარების შიდა და საგარეო ამოცანების გადაწყვეტის უზრუნველყოფა”, - წერს კვირიკაშვილი "ფეისბუქზე".