ავტორი:

"ჩემთვის სიტყვა "დიეტა" არც არსებობს, ვიძინებ საღამოს 9-ზე... თუმცა მეც მაქვს ნაოჭი და ამით ვამაყობ!" - როგორია ნანა ნებიერიძის სილამაზის საიდუმლო და რას ურჩევს ქალბატონებს?

"ჩემთვის სიტყვა "დიეტა" არც არსებობს, ვიძინებ საღამოს 9-ზე... თუმცა მეც მაქვს ნაოჭი და ამით ვამაყობ!" - როგორია ნანა ნებიერიძის სილამაზის საიდუმლო და რას ურჩევს ქალბატონებს?

"ფსიქოლოგიური მომენტია, რომ შენი წლოვანება სწორად აღიქვა და ბოლოს და ბოლოს მიხვდე, რამდენი წლის ხარ! ნაოჭი არ არის ტრაგედია... მეც მაქვს ნაოჭი ყელის არეში, თვალთან და ამით ვამაყობ! ძალიან არასწორია 40-ს პლუს ასაკში აბსოლუტურად პლასტმასის სახე გქონდეს!" - ამბობს ევროპის ჩემპიონი და სიდნეის ოლიმპიადის მონაწილე წყალში ხტომაში, ულამაზესი ნანა ნებიერიძე. იგი საზოგადოებას ყველაზე მეტად პროექტიდან "ცეკვავენ ვარსკვლავები" დაამახსოვრდა... ყოფილი სპორტსმენი მუდმივად არაჩვეულებრივად გამოიყურება.

- როგორ ფიქრობთ, რა არის უმთავრესი რამ დახვეწილი გემოვნების გამოსავლენად?

- პირველ რიგში, საქციელი, მანერები, სწორი აღზრდა...

- თქვენზე რამ მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა?

- დიდი მადლობა, თუ ფიქრობთ, რომ დახვეწილი ვარ... საბედნიეროდ, ძალიან გამიმართლა იმ მხრივ, რომ ბებიაჩემი გახლდათ პოლონელი გრაფინია - ამა რაუმოვსკაია, რომელმაც ძალიან ბევრი რამ მასწავლა...

მახსოვს, როდესაც ოლიმპიურ თამაშებზე წასასვლელად ვემზადებოდით, იმ პერიოდში პრეზიდენტი იყო ედუარდ შევარდნაძე და წასვლის წინ კანცელარიაში, პრეზიდენტთან შეხვედრა უნდა გვქონოდა. საგანგებო გამოსასვლელი კოსტიუმი და ქვედაბოლოები გვეცვა, შლაპებიც - ულამაზესი ფორმის იყო... ბებიამ გამოწყობილი რომ დამინახა, მითხრა, "ჩულოჩკები" ჩაიცვიო. იგი რუსულენოვანი გახლდათ და ვერც მივხვდი, რისი ჩაცმა მირჩია... თურმე, კოლჰოტს გულისხმობდა და გადავირიე, 40 გრადუსი სიცხე იყო, იწვოდა თბილისი და კოლჰოტს რა ჩამაცმევდა?!. ჩემს აღშფოთებას ბებიას საყვედური მოჰყვა: როგორ შეიძლება ამ დონის მიღებაზე ქალი შიშველი ფეხებით მიხვიდეო...

მისგან ნასწავლი მეორე უმთავრესი რამ დღემდე წესად მაქვს! სადაც უნდა წავიდე - ქორწილში, დაბადების დღეზე, პრეზენტაციაზე, ჯერ აუცილებლად გემრიელად უნდა ვისადილო! სულ მეუბნებოდა, ასეთ ადგილებზე ჭამა არ შეიძლება, მხოლოდ რამე უნდა გასინჯოო... გამორიცხულია, სადმე მივიდე და წინასწარ გემრიელად დანაყრებული არ ვიყო! ალბათ ახლა ამას რომ წაიკითხავენ, დაიწყება ჩემი დაბულინგება, მაგრამ რა ვქნა, ბებიამ ბავშვობიდან ასე მიმაჩვია.

- ბევრ ქვეყანაში ყოფილხართ იმ დროს, როცა ჯერ კიდევ ჩაკეტილ სივრცეში ვცხოვრობდით... სიახლეების გაცნობას ამჯობინებთ თუ ისტორიულ წარსულში მოგზაურობას?

- მე იმ თაობის ადამიანი ვარ, უკვე ძალიან მყარად რომ დავდივართ დედამიწაზე... მომწონს და მიყვარს ის, რაც არის სინამდვილეში! რაც შეეხება მოგზაურობას, პანდემიამ ამ მხრივ ძალიან დაგვაზარალა და ამიტომაც საგანგებოდ ავიცერი, სადმე რომ წავიდე... მოგზაურობა სერიოზული "რესტარტია" ჩემთვის!

- თქვენ ხომ პრივილეგირებული იყავით იმ მხრივ, რომ მაშინ შეგეძლოთ გემოგზაურათ, როდესაც ჯერ კიდევ ბევრს არ ჰქონდა ამის საშუალება... პირველად რომელ ქვეყანაში იმყოფებოდით და რით იყო შთამბეჭდავი?

- ცოტა არასწორად არის კითხვა დასმული... კი ბატონო, მე იმ პერიოდში დავიწყე საზღვარგარეთ სიარული, როცა ჩაკეტილი სივრცე იყო, მაგრამ მერწმუნეთ, რისი ნახვაც ძირითადად მიწევდა, ეს იყო: აეროპორტი, აუზი და ის, რასაც ავტობუსიდან ან სამარშრუტო ტაქსიდან ქუჩაში დავინახავდით.

მერე რაც უფრო გავიზარდე, მით მეტად ვპოულობდი დროს მესეირნა და რამე მენახა... პირველი ჩემი მოგზაურობა იყო ავსტრიაში, ვენაში... ვენიდან ინსბრუკში წავედით და ვინაიდან ძალიან პატარა ვიყავი, ერთ-ერთ მაღაზიაში ყოფნის დროს დავიკარგე. ხომ დიდი დრო გავიდა, მაგრამ დღესაც ვფიქრობ, რატომ მიპოვეს, ნეტავ იქ დავრჩენილიყავი-მეთქი (იცინის)...

- მაშინ არ შეგეშინდათ?

- არა... წარმოიდგინეთ, ჩაკეტილი სივრციდან 7 წლის ბავშვი უცებ აღმოჩნდა ასეთ ქალაქში, უზარმაზარ მაღაზიაში და იმდენი საინტერესო რამ ნახა... აღფრთოვანებული ვიყავი.

- ყველაზე გემოვნებიანი მოსახლეობა სად ნახეთ?

- ვინაიდან იტალიაზე ვგიჟდები და ყველაზე მეტად მიყვარს იტალიური ენა, სამზარეულო, სტილი, ჩაცმულობა, ლაპარაკი, ქცევა და ასე შემდეგ, ამიტომაც, გემოვნებიანი მოსახლეობის მიხედვითაც იტალია ჩემთვის ნომერი პირველია!

- ცნობილი ქართველი ქალბატონებიდან ვინ გახსენდებათ მისაბაძად გემოვნებიანი?

- მე ძალიან მომწონს ირა პრუსეცკაია... სოლიდურ ასაკში მყოფი ქალბატონი ძალიან დახვეწილია, არასოდეს აქვს ზედმეტი წონა და ზუსტად ისე გამოიყურება, როგორი ქალიც ძალიან მომწონს... ბრჭყვიალებს და ზედმეტ ფერებს ვერ იპოვით მის სამოსში, ზუსტად იცის თავისი სხეული და როგორი შემოსილით უნდა წარდგეს საზოგადოების წინაშე! გვარმა შეიძლება ბევრი დააბნიოს, მაგრამ თბილისელი ქალბატონია, საქართველოში ცხოვრობს და ქართველია ყველანაირად. თემურ ჭყონიას მეუღლის - მარინა გუნიას ახლო მეგობარია.

ამას წინათ მე და ჩემი შვილი ვსაუბრობდით აჩი არველაძის მეუღლეზე. ძალიან მომწონს ეს გოგო, გამორჩეულად ბუნებრივია. არ არის გიჟურად გატაცებული ინიექციებით და პლასტიკური ოპერაციებით, თან ძალიან თავმდაბალია და ნაზი.

რაც შეეხება ცნობილებს, მანიკა ასათიანს გამოვარჩევდი. ისიც ძალიან ბუნებრივია. საუბრის დასაწყისში რაც ვახსენე - საქციელი, მანერები, სწორი აღზრდა, ყველა პუნქტს მაქსიმალურად აკმაყოფილებს. ეს მისი დანახვის პირველი წამიდან შეიმჩნევა!

- უკვე მოზრდილი შვილიშვილი გყავთ, თავად კი ისე გამოიყურებით, შოკში აგდებთ უცნობებს, ვინც ბებიის ამპლუაში გაგიცნობთ... რა არის თქვენი ასეთი გარეგნობის საიდუმლო?

- დიდი მადლობა, თუ ასე თვლით... არსებობს ბევრი რამ, რასაც ასე ვთქვათ, ვერ ვიკადრებ... მაქსიმალურად ვაკონტროლებ, ზედმეტი წონა არ მქონდეს. კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ამის და ჩემთვის სიტყვა "დიეტა" არც არსებობს! ჯანსაღი კვება, ჯანსაღი ცხოვრების წესი - ეს არის ჩემი ყოველდღიურობა...წაიკითხეთ სრულად