ავტორი:

როგორ დავძლიოთ კოვიდის შემდგომი ძლიერი სისუსტე და უღონობა - ენდოკრინოლოგის რჩევები და საკვები, რომელიც იმუნიტეტს აგიმაღლებთ

როგორ დავძლიოთ კოვიდის შემდგომი ძლიერი სისუსტე და უღონობა - ენდოკრინოლოგის რჩევები და საკვები, რომელიც იმუნიტეტს აგიმაღლებთ

ენდოკრინოლოგი ფიქრია შიომღდვლიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც იძლევა რჩევებს, თუ როგორ უნდა ვძლიოთ კორონავირუსის შემდეგ დატოვებულ სისუსტესა და უღონობას.

მედიკოსი შესაბამის დიეტასაც გვიზიარებს, რომელიც იმუნიტეტის ამაღლებაში დაგეხმარებათ.

"დღეს რამდენიმე პაციენტმა მკითხა, თუ როგორ სძლიოს კოვიდის შემდგომ ძლიერ სისუსტეს და უღონობას, რომელიც აქვს მოწესრიგებული ლაბორატორიული ანალიზების მიუხედავად.

ვიცით რომ, ნებისმიერ ვირუსულ თუ ბაქტერიულ ინფექციას ებრძვის ჩვენი იმუნური სისტემა. ჩავთვალოთ რომ T ლიმფოციტების სახით ჯარისკაცები გვყავს ორგანიზმში, რომლებიც იღლებიან ძლიერი ბრძოლის შედეგად.

რა სჭირდება დაღლილ ჯარისკაცს?

ჯანსაღი, მრავალფეროვანი კვება

კარგი დასვენება, გამოძინება

კარგი განწყობა

როდესაც საქმე ეხება საკვებს, დარწმუნდით, რომ მასში არის საკმარისი რაოდენობით და შემადგენლობით ნუტრიენტები, ვიტამინები და მიკროელემენტები - იმუნური სისტემა ძალიან მგრძნობიარე და სუსტია მათი ნაკლებობისა ან დისბალანსის დროს.

სასურველია, საკვები არა მხოლოდ ეპიდემიების დროს, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც იყოს სრულყოფილი, შეიცავდეს ცილებისა და სასარგებლო ნივთიერებების წყაროს, ისეთს როგორიცაა

  • ხორცი (უპირატესად თეთრი ხორცი)
  • თევზი,
  • ქათმის კვერცხი,
  • რძის პროდუქტები (რძე, ხაჭო, ნადუღი, კეფირი, ყველი...)
  • ბოსტნეული, (სატაცური, სტაფილო, ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი, მწვანე ლობიო, მარცვალი ლობიო, მწვანე წიწაკა, პომიდორი, ჭარხლის ფოთოლი, ისპანახი, წითელი ფხალი, ხახვი, ნიორი, თალგამი, კიტრი...)
  • ხილი( სეზონური),
  • ცეხვილი ფქვილით მომზადებული პური,
  • ბრინჯი, ოსპი, ფეტვი და
  • მარგებელი ცხიმები -ნიგოზი, ნუში, თხილი, ზეითუნის ზეთი, და ა.შ.

ცნობილია, რომ ხორცი რკინის, თუთიის და B ჯგუფის, პირველ რიგში B1, B2, B12, PP ვიტამინების და სასარგებლო ცილების წყაროა, რაც ესაჭიროება ორგანიზმს ჰორმონების სინთეზისთვის, აგრეთვე ქსოვილებსა და იმუნური ცილების - ანტისხეულების შესაქმნელად, რომლებიც ასრულებენ მნიშვნელოვან როლს ორგანიზმის დაცვაში ბაქტერიების, ვირუსებისა და უჯრედგარეშე პარაზიტებისგან.

ასევე ცნობილია რომ, თევზი, მაგალითად, ორაგული, ქაშაყი, ტუნა, სკუმბრია, სარდინი დიდი რაოდენობით შეიცავენ ომეგა -3 მჟავებს, რომლებიც უზრუნველყოფენ სამშენებლო მასალას ანთების საწინააღმდეგო ნივთიერებათა წარმოებისთვის, რაც სასარგებლო გავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე.

ხოლო, მაგალითად, ქათმის კვერცხი მდიდარია ვიტამინებით A, E, D, K, B და ბეტა-კაროტინით. ასევე შეიცავს დიდი რაოდენობით მინერალებს, რკინას, მაგნიუმს, კალიუმს, კალციუმს, ისევე თუთიას, რომელიც ზრდის ლიმფოციტების წარმოებას, აფერხებს ვირუსების გამრავლებას და ამცირებს ინფექციის ხანგრძლივობას, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო თვისებები.

კვერცხი (არაუმეტეს 2 ცალი დღეში), ისევე როგორც ქათმის ხორცი, ასევე მდიდარია სელენით, რომლის მნიშვნელოვანი ფუნქციაა ძლიერი ანტიოქსიდანტის - ფერმენტის გლუტათიონ პეროქსიდაზის შექმნა, რომელიც იცავს ერითროციტებს და უჯრედულ მემბრანებს თავისუფალი რადიკალების მავნე მოქმედებისგან.

ვირუსული დაავადებების დროს, ასევე ფასეულია პრობიოტიკების შემცველობის მქონე ფერმენტირებული რძის პროდუქტები, რომლებიც ააქტიურებენ ორგანიზმის თავდაცვის სისტემას.

რძე მჟავა პროდუქტი სასარგებლოა თავისი ცილებითა და ნახშირწყლებით, მდიდარია კალციუმით, კალიუმით, მაგნიუმით, რკინით, ფოსფორით, D, A, აგერთვე B ჯგუფის ვიტამინებით, ამინომჟავებითა და მიკროორგანიზმებით, რომლებიც გამოირჩევიან იმუნოსტიმულატორული ეფექტით.

გავითვალისწინოთ პოპულარულ ხალხური საშუალებებიც და კერძების მომზადებისას ნივრისა და ხახვის აქტიური გამოყენება დავიწყოთ. ნიორი და ხახვი შეიცავენ ფიტოციდებს - მცენარეების მიერ წარმოქმნილ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც კლავენ ან აფერხებენ ბაქტერიების, მიკროსკოპული სოკოების ზრდას და განვითარებას. ისინი ასევე წარმოადგენენ სასარგებლო მინერალებისა და სელენის წყაროს. ხოლო სელენი, როგორც უკვე იცით, მონაწილეობს იმუნური კომპლექსების სინთეზის რეგულირებაში, ანტისხეულების წარმოქმნაში და აუცილებელია პოსტინფექციური იმუნიტეტის ფორმირებისათვის.

ყურადღება მივაქციოთ ორგანიზმის ჰიდრატაციას, თუ რაიმე სამედიცინო აკრძალვა არ აქვს ადამიანს, (ქრონიკული თირკმლის უკმარისობა, გულის შეგუბებითი უკმარისობა, ჰიპერტონული დაავადება...) სასურველია ლიტრიდან ორ ლიტრამდე სითხე მიიღოს დღის მანძილზე.

და დასკვნის სახით - რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ერთ დღეში არ უნდა მივირთვათ. კვებითი დისციპლინა აუცილებელია არამხოლოდ იმუნური სისტემის მოწესრიგების მცდელობისას, არამედ საერთოდ. ვეცადოთ, რომ კვება იყოს დღეში 4-5 ჯერადი, სწორად გადანაწილებული ნახშირწყლების, ცილების და ცხიმებისგან შემდგარი პროდუქტებით" - წერს ენდოკრინოლოგი.