ავტორი:

"არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ გადავსებულ ურნებთან "სელფები" იღოს" - რა ხდებოდა თბილისში მეეზოვეების გაფიცვის შემდეგ (კალაძის ლაივი)

"არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ გადავსებულ ურნებთან "სელფები" იღოს" - რა ხდებოდა თბილისში მეეზოვეების გაფიცვის შემდეგ (კალაძის ლაივი)

გუშინ "თბილსერვის ჯგუფის" სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ. დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, კომპანიის ხელმძღვანელებმა ხელშეკრულებით დადგენილი პირობები შეცვალეს და ახლა გაცილებით რთულ პირობებში მუშაობენ.

"თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის მოადგილე, დავით ფაჩულია ვარაუდობს, რომ შესაძლოა, სამსახურის თანამშრომლების გაფიცვა ცალკეული ჯგუფების მიერ იყოს ორგანიზებული. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მიმდინარეობს ბიუჯეტის დაგეგმარება და თანამშრომლებს ხელფასი აუცილებლად გაეზრდებათ.

მისი თქმით, ასევე დაგეგმილია შრომითი პირობების გაუმჯობესება და ახალი ტრანსპორტის შემოყვანა. დღის ბოლოს დედაქალაქის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომ გაფიცული თანამშრომლების ნაწილი სამსახურს დაუბრუნდა.

პარალელურად სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ფოტოები, თუ როგორ გამოიყურებოდა ქალაქის ქუჩები "თბილსერვის ჯგუფის" სამსახურის თანამშრომლების გაფიცვის შემდეგ.

დღის ბოლოს თბილისის ქუჩებში დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად გავიდა დედაქალაქის მერი კახა კალაძე. "ლაივ ჩართვაში" მან აღნიშნა, რომ გაფიცვის მცდელობა რამდენიმე ადამიანს ჰქონდა.

როგორც ის ამბობს, მათი მხრიდან მიმდინარეობდა იმ ადამიანების ბულინგი, რომლებიც დღის ბოლოს სამსახურს დაუბრუნდა..

"ერთი რამ მინდა იცოდეთ, მარტო ჩვენ რომ მოგვიწიოს მუშაობა, ამ ადამიანებთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ქალაქი იყოს სუფთა. მაგრამ გარწმუნებთ, რომ მარტო არ მოგვიწევს ამის გაკეთება, რადგან ძალიან ბევრი ვართ. პირადაც მეც და ყველა, ვინც აქ არის, მზად ვართ ამ ქალაქს 24 საათიან რეჟიმში ვემსახუროთ. არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ სელფები და ვიდეოები იღოს გადავსებულ ურნებთან" - აღნიშნა კალაძემ.

ფოტო: ჩემი ქალაქი მკლავს