ავტორი:

"სირცხვილია ყველა ექიმთან, ვინც ამ დღის გამო დამატებით უნდა ამოიხუთოს სკაფანდრში" - რა ხდებოდა ბათუმში, სადაც ლელა წურწუმიამ ხალხმრავალი კონცერტი გამართა

"სირცხვილია ყველა ექიმთან, ვინც ამ დღის გამო დამატებით უნდა ამოიხუთოს სკაფანდრში" - რა ხდებოდა ბათუმში, სადაც ლელა წურწუმიამ ხალხმრავალი კონცერტი გამართა

მაშინ, როდესაც საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კატასტროფის ზღვარზეა, ბათუმში ცხოვრება დუღს. Ambebi.ge-ზე არაერთი სტატია გამოქვეყნდა იმის შესახებ, თუ როგორ არის გადატვირთული სანაპიროები და როგორც დამსვენებლები, ასევე ადგილობრივი მაცხოვრებლები არ იცავენ ქვეყანაში ამ ეტაპზე დაწესებულ შეზღუდვებს.

დღევანდელი მონაცემებით, ბოლო 24 საათში 3 344 ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი. გუშინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საწოლფონდი ქვეყანაში გადატვირთულია და 7 000-მდე საწოლიდან 6400 დაკავებულია. მინისტრის პირველი მოადგილე ასევე გამოეხმაურა ბათუმში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას.

მისი შეფასებით, ვიდეოები და ფოტოები, რომლებიც სოციალურ ქსელში ვრცელდება საგანგაშოა.

გუშინ საღამოს ბათუმის ბულვარში მომღერალმა ლელა წურწუმიამ სოლო კონცერტი გამართა. საღამოს უამრავი ადამიანი დაესწრო და როგორც კონცერტიდან გავრცელებული კადრებიდან ჩანს, მაყურებლებიდან დისტანციას არავინ იცავდა. მომღერლის ოფიციალურ გვერდზე მიმდინარე ლაივს სოციალურ ქსელში კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა.

კადრი ლელა წურწუმიას კონცერტის ლაივიდან

ვიდეოს ბმული უამრავმა ადამიანმა გააზიარა, რომლებიც წერდნენ:

"ამ კონცერტებიდან რომ ჩამოხვალთ და იწუწუნებთ ნიღაბზე, ადგილებზე კლინიკაში, უმუშევრობაზე, სიკვდილიანობაზე, თითს გაიშვერთ სხვისკენ კარგად გაიხსენეთ ეს ქცევა! სირცხვილია, სირცხვილია, ლელა წურწუმია, ყველა ექიმთან, ყველა ექთანთან და სტუდენტთან, ვინც თქვენს გამო ამ დღის გამო დამატებით უნდა ამოიხუთოს სკაფანდრში! ნული პატივისცემა ორგანიზატორებს. საქართველოს მთავრობა ძალიან მწყდება გული, იმის სიმტკიცე არ გაგაჩნიათ, რომ უბრალოდ აკრძალოთ!“

"კონცერტი სრული რეგულაციების დაცვით... ვაი ჩვენს პატრონს. ამდენი უტვინობის ყურება აღარ შემიძლია. გამახსენეთ დღეს რა დღეა? გამახსენეთ რამდენი ინფიცირებული და გარდაცვლილია ბოლო კვირაში, ამათგან არავის აქვს უფლება დაინფიცირების შემთხვევაში მოითხოვოს ჩვენს ხარჯზე საწოლფონდი და უფასო მკურნალობა. ხო, 14-შიც დააანონსა იგივე...“

"პანდემია დასრულდა. გიხაროდენ!!! სექტემბრიდან კვლავ ვერ წავლენ ბავშვები ბაღებსა და სკოლებში. კვლავ ჩავიკეტებით. კვლავ დისტანციურად მოგვიწევს მუშაობა და ვიტრიალებთ ასე წრეზე. ზოგი ასე აფიშირებულად გულაობს, ზოგი თავისთვის “ჩუმად” სახლებსა და რესტორნებში და ჩემნაირი “დებილები” კვლავ ნიღბებით დადიან ქუჩაშიც კი გარდაცვლილებისა და ინფიცირებულების რაოდანებასა და ჯანდაცვის კოლაფსზე არაფერს დავწერ, ისედაც ყველა სქროლავთ ნიუსებს…“

"კომენტარებშიც დავუწერე, მაგრამ ლელა წურწუმიას ისედაც გადაეცით, რომ ომის დაწყების უმძიმეს თარიღს ასეთ ტაშფანდურს არ ამთხვევენ. ელემენტარული პატივისცემის ამბავია. კოვიდზე, რეგულაციების ფეხზე დაკიდებასა და უპასუხისმგებლობაზე არაფერს ვამბობ. მერე გამოვლენ და "არტიშტებს უმჯიმესი პერიოდი გვაქვსო" იტყვიან...“

კრიტიკულ კომენტარებს გუშინდელ კონცერტთან დაკავშირების, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა რეპერი ლექს სენი.

"მეგობრებო! ჩვენო მსმენელებო და გულშემატკივრებო! არ აყვეთ და არ უსმინოთ აქ მრავალ ენის ქავილით შეპყრობილ მავნებლებს, რომლებიც მიზანმიმართულად ავრცელებენ შიშის განცდას თურმე კოვიდი კონცერტებიდან აქტიურდება,არა სიცრუეა! ჩვენი გუნდის ყველა წევრი აიცრა სწორედ იმიტომ რომ თქვენ შეგიქმნათ უსაფრხო გარემო!

ასევე მოგიწოდებთ ყველას აიცერით მოვიშოროთ ეს ტანჯვა და გავატაროთ ზაფხულის ეს დარჩენილი რამდენიმე დღე შედარებით ნორმალურად! წინ ფანტასტიური კონცერტები გელოდებათ!!! მადლობ და წარმატებებს გისურვებთ!!!“ - წერს რეპერი და კომენტარებში აღნიშნავს, რომ ვირუსი უკვე გადატანილი აქვს.

დღეს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვიც.

"ბევრი ადამიანი მწერს პირად შეტყობინებას - "ბატონი ბიძინა, გამოხატეთ თქვენი აზრი რეები ხდება ქვეყანაში ამ გაგანია პანდემიის დროსო?!“ ვისაც გადაწყეტილი აქვს კონცერტი, ქორწილი, გიტარა და ცხელი ტაში არ ინერვიულოთ, აქაც არის "დადებითი“ მომენტი. როდის დასრულდება ეხლა პანდემია პირბადით და დისტანციით, რაც მეტი ადამიანი გადაიტანს ინფექციას მალე შევალთ მშვიდ ფაზაში. ვისაც არ გინდათ გახდეთ ამ სტატისტიკის ნაწილი აიცერით! ესაა ჩემი კომენტარი!“ - წერს ექიმი.

ლელა წურწუმიას მეუღლემ და პროდიუსერმა კახა მამულაშვილმა სოციალურ ქსელში დღეს კიდევ ერთი, ამჯერად ჯგუფ "ნონ სტოპის“ კონცერტი დააანონსა.

ნახეთ ლელა წურწუმიას კონცერტის ამსახველი ვიდეო: