ავტორი:

"ასეთი მაგარი მამიკო დაკარგეს ჩემმა გოგოებმა" - ქეთი და თამუნა გომართელების მამა კორონავირუსით გარდაიცვალა

"ასეთი მაგარი მამიკო დაკარგეს ჩემმა გოგოებმა" - ქეთი და თამუნა გომართელების მამა კორონავირუსით გარდაიცვალა

ქეთი და თამუნა გომართელების მამა, ბადრი გომართელი დღეს კორონავირუსით გამოწვეული გართულების შედეგად გარდაიცვალა.

"ღმერთო, როდემდე?! ბადრი ბიძია, როგორ მოგერია კორონავირუსი. 25 წელია 1 ივნისი არ გამომპარვია, რომ დაბადების დღის მოლოცვა ვინმეს არ დაესწრო და აწი?.. ნუნუკა რანაირად იქნება თავისი მეორე ნახევრის გარეშე? სულ ერთად, სულ ყველგან და სულ ბადრის გაიძახდა, თამუნა და ქეთი - მართლა არ ვიცი რა უნდა გითხრათ და როგორ გამოვხატო ეს დიდი ტკივილი, გვერდშიც რომ ვერ გიდგავართ ვერავინ ამ დროს“ - წერს ხატია შამუგია.

კორონავირუსით ინფიცირებული ბადრი გომართელი, მეუღლე ნუნუკა კუპატაძესთან ერთად პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. დედამ კოვიდი დაძლია და სახლში გამოწერეს, თუმცა მამა მოგვიანებით გარდაიცვალა. 7აგვისტოს კი ჟურნალისტი თამუნა გომართელი, სოციალური ქსელის მეშვეობით, ექიმ ლევან რატიანს მადლობას უხდიდა.

"ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, თუ გიყვარს უპირობოდ და მათ გარეშე ვერ წარმოგიდგენია სიცოცხლე ლოცვას ყოველთვის აქვს აზრი, თუ გწამს უპირობოდ და გჯერა, რომ დიდ სიყვარულს სასწაულების მოხდენა შეუძლია. თქვენ მე მშობლები მაჩუქეთ და სიტყვა არ მოიძებნება მადლობის...“ – წერდა თამუნა.

თამუნას და ქეთის სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი უსამძიმრებს.

"გოგოებს რომ სჯერათ, მამას ვერავინ დაამარცხებს და ვერავინ მოერევა, ასეთი მაგარი მამიკო დაკარგეს ჩემმა გოგოებმა დღეს. მეც, ამ ასაკშიც კი, მათსავით მჯეროდა რომ ვერაფერი მოერეოდა ბადრი ბიძიას.რამდენი ჩვენი სიცელქე აუტანია, გაუტანია, პირველი „პახმელიიდან “გამოვუყვანივართ, (მხოლოდ მაშინ გვითხრა, მოვიდნენ ვაჟკაცები ) აგვყოლია, პირველი ეცნობოდა ხოლმე, რას ვწერდი გაზეთში და მირეკავდა, კალიების ტაფამწვარით "დამემუქრა" ერთხელ, დილის ხუთ საათამდე კისკისებს უძლებდა წარბშეუხრელად. თამუნას, ქეთის და მე უქუნქულესი ქუდები გვიყიდა და მელოდა როდის გადმომცემდა. როგორ უყვარდა თავისი ნუშკა, რანაირი მოწიწებით, არც კი მახსოვს, ოდესმე ერთმანეთის გარეშე თუ მინახავს. ახლა?კოვიდი მოერია ჩვენს ყველას ბადრი ბიძიას. რა სიტყვებია რითაც უნდა განუგეშოთ?“ - წერს მაცაცო კევლიშვილი.

საქართველოში ეპიდმდგომარეობა ისევ მძიმეა. ყოველდღიურად იზრდება გარდაცვლილთა რიცხვი. ბოლო 24 საათში ინფიცირების 4 743 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 59 ადამიანი.