ავტორი:

"ჯერჯერობით სიკვდილიანობის კლება მოსალოდნელი ვერ იქნება... "დელტა" შტამი ორსულებში მეტი აგრესიულობით ხასიათდება" - თამარ გაბუნია

"ჯერჯერობით სიკვდილიანობის კლება მოსალოდნელი ვერ იქნება... "დელტა" შტამი ორსულებში მეტი აგრესიულობით ხასიათდება" - თამარ გაბუნია

დღეს ახალი ინფიცირების შემთხვევები შედარებით დაბალი იყო, ეს არის გარკვეულწილად სტაბილიზაციის ნიშანი. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ პრევენციული ზომების დაცვა და ვაქცინაცია, ის რომ ინფიცირების დონე შენარჩუნდება, ამისი მოლოდინი გვაქვს, მაგრამ კლება იქნება ძალიან ნელი, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან მიმდინარე ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინ მხოლოდ 26 000 ვაქცინაცია ჩატარდა, რაც ამ პირობებში ძალიან ცოტაა. მან მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში მონაწილეობის მიღებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

რაც შეეხება ინფიცირებულების გარდაცვალებას, გაბუნიას განცხადებით, ჯერჯერობით სიკვდილიანობის კლება მოსალოდნელი ვერ იქნება.

„ჩვენ 2 კვირის წინ გვქონდა შემთხვევების მაღალი რაოდენობა. საუბედუროდ, თუ პაციენტის მკურნალობა დაყოვნებულია, მძიმეა, ან იმყოფება ხანგრძლივ ჰოსპიტალურ მკურნალობაზე ასეთ შემთხვევებში გამოსავალი ხშირად არის არაკეთილსაიმედო. მნიშვნელოვანია რთული შემთხვევების ადრეული გამოვლენა და მათი გადაყვანა შესაბამის ადგილზე, ასევე კლინიკური ჯგუფი ახორციელებდა ვიზიტებს ყველაზე მეტად დატვირთულ კლინიკებში, სადაც მძიმე პაციენტები იმყოფებიან, რათა გაზიარებული გადაწყვეტილებებით ყოფილიყო მართვის ხარისხი უკეთესი. თუმცა, ამ დაავადებას ბუნებრივად ახასიათებს მაღალი სიკვდილობა და ჩვენს შემთხვევაში ეს არის 1.3%, როდესაც გამოსავალი არის არაკეთილსაიმედო. ჯერჯერობით სიკვდილიანობის კლება მოსალოდნელი ვერ იქნება, პროპორციულად მოსალოდნელია 1.3%-ის გარდაცვალება, რისი მოლოდინიც უნდა გვქონდეს, მედიცინამ ამის იქით გამოსავალი ვერ მოძებნა, რომ სიკვდილობა შემცირდეს“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ამასთან, თამარ გაბუნიას განცხადებით, „დელტა“ შტამი განსაკუთრებით ორსულებში მეტი აგრესიულობით ხასიათდება.

მისივე თქმით, თუკი ამის საჭიროება არსებობს, არ უნდა დაველოდოთ მდგომარეობის დამძიმებას და ორსული უნდა იყოს სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. ამასთან, გაბუნიას თქმით, ბინაზე მყოფი კოვიდინფიცირებული ორსულებისთვის სპეციალიზებული სატელეფონო კონსულტაციის გაწევისთვის, 15 22-ს მეან-გინეკოლოგების სერვისი მიმდინარე დღეებში დაემატება.

„ორსულებში „დელტა“ შტამი ნამდვილად უფრო მეტი რისკის მატარებელია, ვიდრე სხვა პირებში. ამდენად, ორსულებში, პირველ რიგში, უაღრესად მნიშვნელოვანია პრევენცია, მათ შორის აცრა. „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა შესაძლებელია და მიმდინარეობს. ასევე, რა თქმა უნდა, სოციალური დისტანცირება და პირბადის გამოყენება. ორსულებისთვის სპეციალიზებული კონსულტაციის გაწევისთვის 15 22-ს მეან-გინეკოლოგების სერვისი მიმდინარე დღეებში დაემატება. მათი ტრენინგი ამ კვირაში განხორციელდა და ისინი ოჯახის ექიმებთან ერთად, გასცემენ ორსულებისთვის დამატებით რეკომენდაციებს. ეს არის მსუბუქ შემთხვევებზე, იმ ორსულებზე, ვინც ბინაზე იმყოფება. იცით, რომ ბინაზე მყოფი პირებისთვის ჩვენ ისედაც ვახორციელებთ ლაბორატორიული გამოკვლევების ნაკრებს. ამ პროგრამაში ჩაერთვება მეორე, მესამე დონის პერინატალური სერვისის მიმწოდებელი ამბულატორიული დაწესებულებები, სპეციალიზირებული სერვისისთვის, რათა ორსული, რომელიც საჭიროებს კოვიდინფექციის გამო მეთვალყურეობას, მივიდეს არა სტანდარტულ საავადმყოფოში, არამედ მივიდეს სპეცილიზირებულ კლინიკაში და იქ მან მიიღოს სპეციალისტის კონსულტაცია ადგილზე. ეს კომპონენტიც მალე ამოქმედდება. ახლა ზუსტდება დეტალები. ასევე, მობილიზებულია ჰოსპიტალური საწოლები ორსულებისთვის. საუნივერსიტეტო კლინიკაშიცაა, დამატებითი საწოლების მობილიზება მოხდა ბოლო პერიოდში. თუკი ამის საჭიროება არსებობს, არ უნდა დაველოდოთ მდგომარეობის დამძიმებას და ორსული უნდა იყოს სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. ამ კუთხით რაიმე დეფიციტი არ არის და ორსულს თუ სჭირდება რაიმე ჰოსპიტალური მართვა, ის ჰოსპიტალში მოხვდება. დაახლოებით 120-მდე საწოლია თბილისში მობილიზებული, 50-მდე ქუთაისში. სხვა რეგიონებშიც არის იმის შესაძლებლობა, რომ ორსულს ჰოსპიტალური მეთვალყურეობა ჩაუტარდეს. თუ ეს არის დაბალი ვადის ორსულობა, მას შეუძლია ჰოსპიტალური მართვა ჩაიტაროს ნებისმიერ კლინიკაში“, - განაცხადა გაბუნიამ.