ავტორი:

ბრაზილიელმა ოფიცერმა აღიარა, რომ კაცი საყვარელი ქალის დაკვეთით მოკლა - ქმრის მკვლელობის ორგანიზებისთვის საბერძნეთის ელჩის ცოლს 31-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ბრაზილიელმა ოფიცერმა აღიარა, რომ კაცი საყვარელი ქალის დაკვეთით მოკლა - ქმრის მკვლელობის ორგანიზებისთვის საბერძნეთის ელჩის ცოლს 31-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ბრაზილიის სასამართლომ ფრანსუაზა ამირიდისს 31 წლით პატიმრობა მიუსაჯა მისი ქმრის - ბრაზილიაში საბერძნეთის ელჩის მკვლელობის საქმის განხილვის შემდეგ. 2016 წელს რიო-დე-ჟანეიროში კირაკოს ამირიდისის გვამი დამწვარ ავტომანქანაში აღმოაჩინეს. მალევე გაირკვა, რომ მის ცოლს ფრანსუაზა დე სოუზა ოლივეირას ქმრის სიკვდილამდე რომანი ჰქონდა გაჩაღებული სამხედრო პოლიციის ოფიცერთან სერხიო გომეშთან.

საბოლოოდ თვითონ სერხიო გომეშმა აღიარა, რომ ელჩი საყვარელი ქალის დაკვეთით მოკლა. პოლიციის ოფიცერს 22 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

სამდღიანი სასამართლო სხდომის დასასრულს მოსამართლემ საყვარლების მიერ ჩადენილი დანაშაული "მხეცურ მკვლელობად“ შეაფასა.

კიდევ ერთი ბრალდებული - ედუარდო მორეირა დი-მალო - სერხიო გომეშის ნათესავი სასამართლომ უშუალოდ მკვლელობის ნაწილში გაამართლა, მაგრამ მასაც პატიმრობა მიესაჯა, რადგან ის სერხიო გომეშს გვამის დამალვაში მიეხმარა.

სერხიო გომეში

59 წლის კირაკოს ამირიდისი 2001-2004 წლებში, რიო-დე-ჟანეიროში, ჯერ საბერძნეთის კონსულად მუშაობდა, შემდეგ კი, 2016 წელს, ანუ მკვლელობის წინ, ბრაზილიაში ელჩად დაინიშნა. 2004 წელს ბერძენმა დიპლომატმა ცოლად მოიყვანა ფრანსუაზა, რომელიც მასზე 20 წლით უმცროსი იყო. წყვილს გოგონა შეეძინა.

სიკვდილის წინ კირაკოს ამირიდისი ქვეყნის დედაქალაქ ბრაზილიიდან რიო-დე-ჟანეიროში გაემგზავრა, გარეუბან ნოვა იგუასუში, რათა საშობაო დღესასწაული ცოლთან და სიდედრ-სიმამრთან ერთად გაეტარებინა. სწორედ მაშინ ჩაიფიქრა ფრანსუაზამ კირაკოსის თავიდან მოშორება.

საინტერესოა, რომ ფრანსუაზამ თვითონ შეატყობინა პოლიციას ქმრის დაკარგვის თაობაზე და ამტკიცებდა, - კირაკოსმა ისე მიგვატოვა, წასვლის წინ მიზეზიც კი არ უთქვამსო. "იგი სადღაც გაემგზავრა დაქირავებული ავტომანქანით“, - ამბობდა ის.

დამწვარი ავტომანქანა, საბერძნეთის ელჩის დამწვარი ცხედრით, მეორე დღეს ესტაკადის ქვეშ აღმოაჩინეს. სხეული იმდენად იყო დამახინჯებული და სახეშეცვლილი, რომ ბრაზილიის ხელისუფლებამ, ვიდრე ექსპერტიზა არ ჩატარდებოდა, ვერ განაცხადა დამაჯერებლად, რომ დაღუპული ადამიანი საბერძნეთის ელჩი იყო და ყველას მოუწოდებდა ექსპერტიზის შედეგებს დალოდებოდნენ.

გამომძიებლებმა სისხლის ლაქები იმ ბინაში არსებულ დივანზე იპოვეს, სადაც წყვილი ცხოვრობდა. სავარაუდოდ, ფრანსუაზას საყვარელმა სერხიო გომეშმა ელჩი დანით მოკლა, რის შემდეგაც გვამი დაქირავებულ ავტომანქანაში გადაიტანეს და დაწვეს.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ