ავტორი:

"17 წლის ბიჭი ყოველდღიურად ფიზიკურ დაზიანებას იყენებს და საკუთარ დედასაც აზიანებს" - სახელმწიფო სერვისის ძიებაში, რომელიც ქცევითი დარღვევების მქონე მოზარდს დაიცავს

"17 წლის ბიჭი ყოველდღიურად ფიზიკურ დაზიანებას იყენებს და საკუთარ დედასაც აზიანებს" - სახელმწიფო სერვისის ძიებაში, რომელიც ქცევითი დარღვევების მქონე მოზარდს დაიცავს

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის და მისი დედის სიცოცხლე საფრთხეშია, - ამბობენ არასამთავრობო ორგანიზაციაში "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" და დედა-შვილის უფლებების დაცვისთვის იბრძვიან. იურისტმა სოფიკო მენაბდიშვილმა მათ დასახმარებლად ყველა სამართლებრივი გზა მოსინჯა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ დრომდე შედეგს ვერ მიაღწია, ამის მიუხედავად, სასამართლოს გზით ბრძოლას ისევ აგრძელებს.

სოფიკო მენაბდიშვილი:

- საქმე აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდს შეეხება, რომელსაც მძიმე გონებრივი ჩამორჩენილობა და უმძიმესი ქცევითი აშლილობა აქვს. სამწუხაროდ, დედა მას ვერ უმკლავდება. 17 წლის ახალგაზრდა დედასთან ერთად თბილისში ცხოვრობს. ყოველდღიურად ფიზიკურ დაზიანებას იყენებს და საკუთარ დედასაც აზიანებს. ამიტომ 4 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართეთ ბიჭის და მისი დედის დაცვის მიზნით. სამწუხაროდ, არც პირველმა და არც მეორე ინსტანციის სასამართლომ ბავშვის და დედის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არაფერი გააკეთა. წარმოიდგინეთ, ბავშვი ყოველდღიურად ფიზიკურ დაზიანებას იღებს, აზიანებს დედას და დაზიანებები იმდენად მძიმეა, სხეულზე კვალი დიდხანს რჩება. ბიჭი ამტვრევს ავეჯს, ამსხვრევს შუშის დეტალებს, რომელიც, განსაკუთრებით, მაღალი რისკის შემცველია, რომ თავი დაიზიანოს.

ჭარბი წონა აქვს, 140 კილოა და ფიზიკური ძალის გამო დედა ვერ ახერხებს შვილის აგრესიული ქცევა მართოს, დაიმორჩილოს და დაიცვას დაზიანებისგან. ძალიან უჭირს მისი ქცევის მართვა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მდგომარეობა რთულდება.

- რა იწვევს მის გაღიზიანებას?

- ეს არ არის დაკავშირებული რაიმე კონკრეტულ მიზეზთან. ამ დრომდე სპეციალისტები ვერც იგებენ, რა არის გამღიზიანებელი. შეიძლება ძალიან კარგ ხასიათზე იყოს, მაგრამ უცებ საშინლად გაღიზიანდეს და ძალადობა დაიწყოს. ერთია - თვითდაზიანებას იღებს და იზიანებს საკუთარ სხეულს, ურტყამს ხელს ნივთებს, სახლში ამტვრევს მინას და ა.შ, მაგრამ განსაკუთრებით აგრესიულია დედის მიმართ, ურტყამს მას და მშვიდდება მხოლოდ მაშინ, როცა დედის სხეულზე სისხლს დაინახავს.

მართლა უმძიმესი მდგომარეობაა. დედის ერთადერთი გამოსავალი ასეთ დროს არის ჩაიცვას დუტის ქურთუკი, რომ მისთვის მიყენებული დაზიანება შედარებით მსუბუქი იყოს და ცდილობს თავი ასე აარიდოს მძიმე დაზიანებას. წარმოიდგინეთ ასეთი სცენა, მიდის უფრო ფანჯრებისკენ, რომ გადაეფაროს ფანჯარას, რადგან არის რისკი, შვილმა დაამტვრიოს ფანჯრის მინები და მიიღოს დაზიანება. ყოფილა შემთხვევები, როცა შვილს დედის თვალწინ ვენები გადაუჭრია, ამიტომ დედა ცდილობს თვითონ მიიღოს ეს დარტყმები, რომ როგორმე შვილი დაზიანებისგან დაიცვას.

- დიდხანს გრძელდება მისი აგრესია?

- კონკრეტულად ვერ ვიტყვით, ინციდენტი, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა, ნახევარი საათი გაგრძელდა. მაშინ დაამტვრია მთლიანად სარეცხი მანქანის ზედაპირი, ამის შემდგომ წავიდა დედისკენ. მუდმივად დედაა თავდასხმის ობიექტი. მარტო ცხოვრობს დედა-შვილი, რადგან ბიჭის მშობლები დაშორებულები არიან. დედა ექიმია, როცა ის სამსახურში მიდიოდა, დამხმარეს ქირაობდა, მომვლელები არაპროფესიონალები იყვნენ, მაგრამ ბავშვს დღის განმავლობაში ზედამხედველი რომ ჰყოლოდა, დამხმარე ყავდა სახლში. ამ გზით ეძლეოდა სამსახურში გასვლის შესაძლებლობა, მაგრამ ბოლო სამი თვეა ყველა უარს ამბობს ასეთ ბავშვთან ყოფნაზე, დამხმარეს გარეშეა დარჩენილი. რატომ გამწვავდა ბოლო თვეებში მისი მდგომარეობა, ესეც არავინ იცის. ამ დრომდე დედა თავისი ხარჯებით ცდილობდა დაექირავებინა შვილისთვის დამხმარე, მაგრამ ვინც მოდის, ყველა ისეთი შეშინებული მიდის, მერე ტელეფონსაც კი თიშავს. იყო ისეთი მომენტებიც, როცა დამხმარეს მიმართაც გამოავლინა აგრესია, მაგრამ მაინც თავდასხმის მთავარი ობიექტი დედაა.

სამი თვეა, ფაქტობრივად, 24 საათის განმავლობაში სრულ იზოლაციაში არიან დედა-შვილი, გარეთაც ვერ გაჰყავს ჭარბი წონის გამო. ქუჩაში სხვების მიმართაც ავლენს აგრესიას.

ერთადერთი, ვისაც გარეთ გაყავს ბიჭი, მამაა, უბრალოდ, ისინი ერთად აღარ ცხოვრობენ, როგორც გითხარით გაშორებულები არიან, ამიტომ პერიოდულად მოდის მამა, ის ახერხებს გარეთ გაყვანას, მაგრამ ბოლოს მამის მიმართაც ჰქონდა აგრესია და სხეულზე დაზიანება მასაც მიაყენა. კიბეებიდან იწყებდა ყვირილს, სახლში მამა რომ მოდიოდა. ვერ მეტყველებს, მაგრამ ბიჭი არის ფუნქციური, დამოუკიდებლად ჭამა და გადაადგილება შეუძლია.

- კლინიკურად მკურნალობა შეუძლებელია, თუნდაც ფსიქიატრთან?

- ფსიქიატრიულმა დაწესებულებამ უარი თქვა ამ ბავშვის მიღებაზე, იმიტომ რომ ეს არ არის ფსიქიკური აშლილობა. ეს არის ქცევის დარღვევა, რაც ფსიქიკური მკურნალობით ვერ გამოსწორდება. გვაქვს ასეთი მოცემულობა, ბავშვს ფსიქიატრიულში ვერც ვათავსებთ და არც ათავსებს დედა, იმიტომ, რომ იაზრებს, იქ მისი შვილის ადგილი არ არის, ეს სერვისი არ არის საკმარისი ბავშვისთვის.

- ასეთ დროს რა გამოსავალი არსებობს?

- სამი თვეა უმწვავესი მდგომარეობაა, ამიტომ დახმარებისთვის მივმართეთ სახელმწიფო ზრუნვის და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის, ბავშვთა ზრუნვის სააგენტოს, რომ დახმარება გაეწია ამ ოჯახისთვის. სახელმწიფოში შინ მოვლის პროგრამა არსებობს ასეთი ბავშვებისთვის. პროგრამა ითვალისწინებს პერსონალურ ასისტენტს მაქსიმუმ 12 საათს დღეში, ამ მომსახურე სერვისის პროვაიდერი არის ორგანიზაცია "პირველი ნაბიჯი". ანუ სქემა ასეთია, სააგენტო რიცხავს ამ პროგრამაში ბავშვს, პროვაიდერს ეუბნება, რომ მას სპეციალისტი დაუნიშნოს და მათ თანხას აუნაზღაურებს სახელმწიფო. მაგრამ პროვაიდერი ამ შემთხვევაზე ამბობს, მე ამ ბავშვს 12 საათი ვერ გავუწევ მომსახურებას, რადგან ამ ბავშვთან საჭიროა მინიმუმ 18-საათიანი მომსახურება. მხოლოდ 6 საათი სძინავს ბავშვს 24 საათში და ღვიძილის პერიოდში რომ დავაკვირდეთ, ამ ბავშვის ქცევას და დავეხმაროთ ამ მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნაში, უნდა დავაკვირდეთ სულ და უნდა ვიყოთ იმის გარანტიც, რომ უსაფრთხოება იქნება დაცული როგორც ბავშვის, ისე დედისო.

18-საათიან ზედამხედველობას "პირველი ნაბიჯი" ითხოვდა, მაგრამ რადგან ვერ მივიღეთ პასუხი სახელმწიფოსგან, მივმართეთ სასამართლოს. წარმოიდგინეთ ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოში ასეთი მძიმე შემთხვევა მხოლოდ 2 იყო. ერთი იყო საბა ქ-ა, რომელიც არარსებული სერვისების გამო იძულებული გახდა ქვეყნიდან წასულიყო და დედასთან ერთად საფრანგეთშია, არის ემიგრანტი. დევნილის სტატუსი აქვს, იქ იღებს საჭირო მომსახურებას. საბა როცა საქართველოში ცხოვრობდა, მაშინ ეს 12 - საათიანი პროგრამაც არ არსებობდა ქვეყანაში, ჩვენი ორგანიზაციის დამსახურებით 2020 წელს ამოქმედდა ეს პროგრამა და სხვა შემთხვევის, ლუკას საქმის შედეგად მივიღეთ ეს შედეგი, რომ ახლა 12 - საათიანი მომსახურების საშუალება აქვთ საჭიროების მქონე ბავშვებს. მანამდე ბავშვებს პრაქტიკულად სერვისი არც ჰქონდათ.

მეორე უმძიმესი საქმეა ამ ბავშვის საქმე, რომელსაც პროვაიდერი აღირებს და ამბობს, რომ ასეთი მძიმე შეიძლება სხვა შემთხვევა არც ყოფილიყო.

- სასამართლოსგან რას ითხოვდით?

- სასამართლოს ვუთხარით, რომ ამ მწვავე მდგომარეობის გათვალისწინებით დროებითი განჩინება მიიღე, დაანიშნინე სახელმწიფოს მისთვის 18 - საათიანი პერსონალური ასისტენტიო, მაგრამ როგორც პირველმა, ისე მეორე ინსტანციის სასამართლომ გვითხრა, ჩვენ ამ გადაუდებელ საფრთხეს ვერ ვხედავთ და არ მიგვაჩნია ეს გადაუდებელ აუცილებლობადო. ეს იმ ფონზე, როცა დედა-შვილი არიან სახლში მარტო იმის იმედად, რომ რაღაც გადაწყვეტილებას რომელიმე ინსტანცია მიიღებს. სასამართლომ მხოლოდ კონსილიუმზე მიიღო გადაწყვეტილება და ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა შედგეს კონსილიუმი, თუმცა ესეც დროში გაწელილია, ამ დრომდე კონსილიუმი არ შემდგარა.

სასამართლოს როცა ასეთი სპეციფიკური საკითხით მივმართავთ, მაქსიმუმი სამი დღე აქვს ვადა განიხილოს. მისი გადაწყვეტილება უნდა იყოს ისეთი ეფექტიანი, რომ უმოკლეს დროში დადგეს შედეგი. სასამართლოს მიეწოდა დეტალური მტკიცებულებები (ფოტო, ვიდეო, სხვა სახის დოკუმენტები) ბავშვის და დედის ფიზიკური დაზიანებების და სიცოცხლის რისკის თაობაზე. ასევე მიეწოდა პროფესიონალების წერილობითი მოსაზრებები ბავშვის და დედის დაცვისთვის გადაუდებელი აუცილებლობის შესახებ და ამის გათვალისწინებით ჩამოყალიბდა ჩვენი მოთხოვნებიც. ვითხოვდით აუცილებელი სახელმწიფო სერვისების შექმნამდე, დაუყოვნებლივ განხორციელებულიყო შესაბამისი პროფესიონალების მიერ, 18 საათის განმავლობაში ბავშვზე ინდივიდუალური ზრუნვა. (უსაფრთხოების მიზნით) ბავშვისთვის ქცევითი თერაპევტების მომსახურების მიწოდება; პროფესიული კონსილიუმის გამართვა.

საქმე განიხილა პირველი ინსტანციის მოსამართლემ, ბაია ოტიაშვილმა, ხოლო სააპელაციო სასამართლოში მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა. სიმართლე გითხრათ, სააპელაციო სასამართლოს იმედი გვქონდა, გაოგნებული ვკითხულობდით მოსამართლე დიმიტრი გვირიტიშვილის გადაწყვეტილებას, სადაც წერს: "მივიჩნიე, რომ არ არსებობს მომჩივანის მიერ მითითებული, ლ.ხ.-ს ან სხვა პირის ჯანმრთელობის დაზიანების ან, მით უფრო სიცოცხლის ხელყოფის მყისიერი საფრთხე. მომჩივანის მიერ წარმოდგენილი ფოტო და ვიდეო მასალიდანაც ამგვარი საფრთხე მკაფიოდ არ იკვეთება: კადრებში ჩანს ლ. რომელიც მშვიდია და მორჩილად ასრულებს დედის მითითებებს.“

არადა სინამდვილეში სასამართლოს წარვუდგინეთ 7 ვიდეო ჩანაწერი. მათგან ორ ვიდეოში ჩანს ბავშვი, ერთ ვიდეოში დედის სხეულის დაზიანებები და დანარჩენში ბავშვის მიერ დაზიანებული ავეჯი და კედლები. #1 ვიდეოში (21 წამი): ჩანს ბავშვის დაზიანებული მაჯა, რომელზეც ჭრილობებია და ისმის დედის ხმა: „მოიცა ლ. აქ სისხლი მოგდის, დაიცა ერთი წუთით, გაჩერდი, ნახე როგორ ჟონავს, არ ჩერდება ეს სისხლი, რა...“. #2 ვიდეოში (22 წამი) კადრში ჩანს ლ, რომელიც წევს ლოგინში და ერთი ხელი, მაჯაზე ჭრილობების ადგილას აქვს გადახვეული ბინტით, ისმის დედის ხმა: „ხელი მაჩვენე, არ მოიცილო ეს, სისხლი მოგდის“ ბავშვი აჩვენებს ხელს. სხვა რა მტკიცებულება უნდა წარგვედგინა?

ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იყო ფსიქიატრის დასკვნები, "პირველი ნაბიჯის" თერაპევტის დასკვნა, რომ ეს ბავშვი დაუყოვნებლივ საჭიროებს 18 - საათიან მომსახურებას და რომ დედა- შვილი არ უნდა იყვნენ სახლში მარტო.

- ახლა რა გამოსავალი არსებობს?

- უზენაესში აღარ საჩივრდება ეს გადაწყვეტილება, ორ ინსტანციაში იყო საქმე, თუმცა ჩვენ არ ვჩერდებით, ახლა ამ დროებით შუამდგომლობას მოყვება ძირითადი სარჩელი და ეს სარჩელი უკვე შევიტანეთ. ვფიქრობთ ასევე საერთაშორისო მექანიზმებზეც, თუ აქ ვერ მივაღწიეთ შედეგს, შევიტანთ სარჩელს ევროსასამართლოში. ვიბრძოლებთ ბოლომდე, მაგრამ ამ ვადაში შეიძლება დედაც დააზიანოს და თავისი თავიც დაიზიანოს, ეს არის დღეს რისკი. თან დედასაც ჰქონდა სუიციდის მცდელობა, მესიჯიც მომწერა თავს მოვიკლავდი აქამდეც, უბრალოდ, იმაზე რომ ვფიქრობ, მერე სად იქნება ჩემი შვილი, მხოლოდ ეს მაბრკოლებს, თორემ ჩემს თავზე აღარ მეფიქრებაო. ჯანდაცვამ წესით ინდივიდუალურ საჭიროებას უნდა მოარგოს სერვისი, ყველანაირი მტკიცებულება არსებობს ამისთვის და ეს უნდა გაითვალისწინოს სახელმწიფომ. წარმოიდგინეთ 12 - საათიანი პროგრამა არსებობს და პროგრამაში სახელმწიფოს არ აქვს განსაზღვრული ქცევის თერაპევტი რომ სჭირდება ასეთ ბავშვებს. ჩვენ ვითხოვთ სპეციალისტების ჩართვით მოხდეს ბავშვის დაკვირვება, იქნებ მივიდეთ უკეთეს შედეგამდე და ამის შემდეგ ბუნებრივია, ეს საათებიც შემცირდებოდა, მაგრამ არ მოგვეცა ამის საშუალება. ახლა შევიტანეთ ახალი სარჩელი და მოპასუხე იქნება მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო. იმედი გვაქვს, საბოლოოდ შედეგს მაინც დავდებთ, როგორც ეს სხვა შემთხვევებში სამართლებრივი ბრძოლის შედეგად მომხდარა.

- ალბათ არიან ასეთი ოჯახები, რომლებიც თქვენს ორგანიზაციამდე ვერ აღწევენ და თავად იბრძვიან მშობლები ასეთი ბავშვების მდგომარეობის გამოსასწორებლად.

- იცით რამდენი განცხადებაა შეტანილი? ბევრი მშობელი ითხოვს დახმარებას, რადგან მათ ყავთ შვილები სხვადასხვა პრობლემებით. შეიძლება ვინმემ ისიც თქვას, დიდი ფუფუნებაა ბავშვებს დაენიშნოთ ასისტენტები შინ მოვლითო, მაგრამ თქვენ ვერ წარმოიდგენთ ამ შემთხვევაში როგორ ბავშვზეა ლაპარაკი, რა დღეების გამოვლა უწევს მშობელს.

შშმ ბავშვებისთვის უნდა იზრუნოს სახელმწიფომ, უნდა იყოს სხვადასხვა სერვისები, არის ფაქტები, როცა ყოველდღე არიან ძალადობის მსხვერპლები მშობლები და ასეთი რისკით სასწორზეა, როგორც ბავშვის სიცოცხლე და უსაფრთხოება, ასევე მშობლის. სახელმწიფოს მოუგვარებელი აქვს ეს პრობლემა, არ ყავთ კადრები, ურთულესია პროფესიონალი პერსონალური ასისტენტის პოვნა, რომლებიც იმუშავებენ ამ ბავშვებთან და კარგი შედეგისთვის იბრძოლებენ. ასეთი ბავშვები უნდა იღებდნენ განათლებასაც, უნდა დადიოდნენ დღის ცენტრებში და სახლში ჩაკეტვა არ არის გამოსავალი.