ავტორი:

"ევროპის დედოფალი", გერმანელების "დედიკო" და საქართველოს მთავარი დაბრკოლება ნატო-ს გზაზე - ანგელა მერკელის 16-წლიანი მმართველობის დასასრული და კანცლერის "სხვა მხარე"

"ევროპის დედოფალი", გერმანელების "დედიკო" და საქართველოს მთავარი დაბრკოლება ნატო-ს გზაზე - ანგელა მერკელის 16-წლიანი მმართველობის დასასრული და კანცლერის "სხვა მხარე"

"ევროპის დედოფალი“ - გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის მრავალი მეტსახელიდან ერთ-ერთია. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალი აღარ აპირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, რაც იმას ნიშნავს, რომ სექტემბრის მიწურულს 67 წლის მერკელის თითქმის 16-წლიანი მმართველობა დასრულდება.

ევროპის ქვეყნების ამჟამინდელ მმართველებს შორის, არც ერთი ყოფილა ქვეყნის სათავეში ისე ხანგრძლივად, როგორც მერკელი. BBC-ი წერს, რომ ის ევროკავშირის დაახლოებით 100 სამიტში მონაწილეობდა, ხოლო კულუარებში ამბობენ, რომ ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები მას ასე მოიხსენიებდნენ: "ერთადერთი ზრდასრული ოთახში."

ანგელა მერკელი1954 წლის 17 ივლისს მასწავლებლისა და ბერლინ-ბრანდერბურგის ლუთერანული ეკლესიის მღვდლის ოჯახში დაიბადა. ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა სწავლისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით, შრომისმოყვარეობით და ნიჭით. მერკელს აქვს დოქტორის ხარისხი ფიზიკაში.

ანგელა მერკელის ახალგაზრდობის ფოტო

1989 წელს ის შეუერთდა "ქრისტიან დემოკრატიულ ერთობას." 2005 წელს გახდა პირველი ქალი გერმანიის ისტორიაში, რომელიც გერმანიის კანცლერად აირჩიეს.

ანგელა მერკელი გერმანიის ყოფილი კანცლერის, ჰელმუთ კოლის ფავორიტი პოლიტიკოსი იყო.1991 წელს კოლიმ ის ყველასთვის მოულოდნელად,, ქალებისა და ახალგაზრდობის მინისტრად დაასახელა. მანამდე მერკელი ბუნდესტაგის წევრი იყო.

ანგელა მერკელი და ჰელმუთ კოლი

ამ ფოტოზე ანგელას ლეიკემიით დაავადებულ ჩერნობილელ ბავშვებთან ერთად ხედავთ

მალე მერკელს გარემოს დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების მინისტრის პოსტი ჩააბარეს, აღნიშნულ თანამდებობაზე ის 1994 წელს დაინიშნა.

2000 წლის აპრილში ანგელა მერკელი "ქრისტიან-დემოკრატიული ერთობის" თავმჯდომარე გახდა. კანცლერ გერჰარდ შროდერის დროს კი პარტიის გენერალური მდივნის პოსტს იკავებდა.

  • პირველი ქალი კანცლერი

2005 წელს ბუნდესტაგმა ანგელა მერკელი კანცლერად აირჩია და ის გერმანიის ისტორიაში პირველი ქალი კანცლერი გახდა. 2009 წელს მეორე ვადით აირჩიეს, მესამე ვადით 2013 წელს გახდა გერმანიის კანცლერი, რა დროსაც გერმანიას ისტორიაში ყველაზე დიდი კოალიციური მთავრობა მართავდა. 2018 წელს ანგელა მერკელი კვლავ ქვეყნის კანცლერად აირჩიეს.

მერკელის მმართველობის დროს ერთ-ერთი მთავარი ჰუმანიტარული გამოწვევა 2014 წელს სირიელი ლტოლვილების კრიზისი იყო. მაშინ ანგელამ მოუწოდა გერმანელებს, რომ სოლიდარობა გამოეჩინათ ლტოლვილების მიმართ, რის შემდეგაც გერმანიამ ათასობით ლტოლვილი მიიღო. ეს კი არის ცნობილი სელფი, რომელიც ბერლინის ლტოლვილთა დაწესებულებასთან 2015 წელსაა გადაღებული.

  • ანგელა მერკელი და მსოფლიო

ევროკავშირი ანგელა მერკელის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი იყო. აღნიშნულ ფოტოსურათზე ევროპის სახელმწიფოების მთავრობის მეთაურები ერთად არიან აღბეჭდილნი და ის 2019 წელს ბრიუსელშია გადაღებული.

ანგელა მერკელი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა გაეროსა და ნატოს ასევე არაფორმალურ ჯგუფებს, როგორებიცაა G7, G8 და G20.

გერმანიას ათწლეულების განმავლობაში განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა საფრანგეთთან, ყველაზე პოზიტიური კავშირი კი ანგელა მერკელსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის ჩამოყალიბდა.

ამბობენ, რომ ის ევროპული პოლიტიკის პროფესორია, რომელმაც არაერთი კრიზისიდან შეძლო გამოსავლის პოვნა და მიუხედავად იმისა, რომ მისი ძალაუფლება რამდენიმე კვირაში წარსულს ჩაბარდება, ამ დრომდე მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალად მიიჩნევა. პრეზიდენტი ბარაკ ობამა, რომელიც მერკელის დიდი გულშემატკივარია, ამბობს, რომ ანგელა მერკელი "გლობალური პოლიტიკის შეუდარებელი ლიდერია.“

ანგელა მერკელი და ბარაკ ობამა

ანგელა მერკელი ჯორჯ ბუშთან ერთად

2018 წელი და ცნობილი ფოტო G7-ის სამიტიდან - გერმანიასა და აშშ-ს შორის ყველაზე უფრო ურთიერთობა ტრამპის ადმინისტრაციის დროს იყო გართულებული. ეს ფოტო კი აღნიშნულზე ყველაზე უკეთ მიუთითებს

ჯო ბაიდენთან ერთად - ანგელა მერკელი თეთრ სახლს 2021 წლის ივლისში სტუმრობდა

  • შესანიშნავი კულინარი და გერმანელების "დედიკო"

ცოტამ თუ იცის, რომ ანგელა მერკელი შესანიშნავი მზარეულია და განსაკუთრებით კარგად ნამცხვრების გამოცხობა ეხერხება. ამბობს, რომ მისი სახლიდან მშიერი არავინ მიდის. ანგელა მერკელს არ ჰყავს შვილები, თუმცა გერმანელების დიდი ნაწილი მას "მუთი"-ს, ანუ დედიკოს უწოდებს.

  • ანგელა მერკელი და ფერადი პიჯაკები

ფერადი პიჯაკები გერმანიის კანცლერის სავიზიტო ბარათია. მედიაში არაერთხელ დაწერილა სხვადასხვა მოსაზრება იმის შესახებ, რომ მერკელისთვის ყველა ფერს სხვადასხვა დატვირთვა აქვს და რომ კონკრეტული ფერის პიჯაკი კონკრეტულ შეტყობინებას ატარებს.

  • ძაღლების პანიკური შიში და პუტინის "ხუმრობა"

გერმანიის კანცლერს პანიკურად ეშინია ძაღლების. ეს შიში კი იმას უკავშირდება, რომ 1990 წელს მას ძაღლმა უკბინა. 2016 წელს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რომელმაც შესანიშნავად იცოდა მერკელის შიშის შესახებ, მასთან შეხვედრისას თავისი შავი ლაბრადორი ოთახში შეაყვანინა. ხოლო ფოტოებმა, თუ როგორი შეშინებული თვალები აქვს გერმანიის კანცლერს, პრესის ფურცლები მოიცვა. აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტამდე პუტინმა მერკელს სათამაშო ძაღლი აჩუქა.

მიუხედავად ყველაფრის, ანგელა ხშირად ამბობს - მე მიყვარს ცხოველებიო.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მერკელი მშობლიურივით საუბრობს რუსულ ენაზე. ექსპერტები კი სწორედ ამას მიაწერენ იმ ფაქტს, რომ პუტინთან მოლაპარაკებები სხვა ლიდერებთან შედარებით, უკეთ გამოსდის.

  • ანგელა მერკელის ორი ქორწინება

პირველად სტუდენტობის დროს დაქორწინდა. პირველი ქმარი ულრიხ მერკელი მესამე კურსზე გაიცნო. გაცნობიდან ერთი წლის შემდეგ დაქორწინდნენ და ანგელა ქმრის გვარზე გადავიდა და ამ გვარზე უარი აღარასდროს უთქვამს. მისი ნამდვილი გვარი კასნერია. 1981 წელს წყვილი დაშორდა. მოგვიანებით მერკელმა ყოფილ ქმართან ურთიერთობა ასე აღწერა: "ჩვენ დავქორწინდით იმიტომ, რომ ყველა ქორწინდებოდა. დღეს ეს ცოტა სულელურად ჟღერს, მაგრამ ქორწინებას არასერიოზულად მოვეკიდე, როგორც ჩანს, შევცდი".

მეორე ქმარი, იოაკიმ ზაუერი ქიმიკოსია. მასთან შეხვედრები ანგელამ 1984 წლიდან დაიწყო, 1998 წელს დაქორწინდნენ. პროფესორი ზაუერი ცოლის ინაუგურაციას არ დაესწრო, რადგანაც არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. წყვილს უყვარს ოპერაში და ლაშქრობაში სიარული. იოაკიმ ზაუერს ოპერის განსაკუთრებული სიყვარულის გამო, გერმანულმა მედიამ "ოპერის მოჩვენება" შეარქვა.

  • ანგელა მერკელი და საქართველო

ანგელა მერკელი საქართველოს ნატო-ში გაწევრების მთავარი წინააღმდეგი იყო. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის ექსპრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა "დოიჩე ველესთან" ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს საკითხი მისი და მერკელის უთანხმოების მთავარი თემა იყო.

"ყველაზე დიდი უთანხმოება მერკელთან გამოიწვია იმან, უნდა გამხდარიყო, თუ არა საქართველო ნატოს წევრობის აპლიკანტი ქვეყანა. მას მტკიცედ სჯეროდა, რომ ეს არასწორი იქნებოდა“, - განაცხადა შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა.

აღსანიშნავია, რომ კანცლერის სტატუსით ანგელა მერკელი საქართველოს პირველად 2008 წელს, აგვისტოში რუსეთთან საომარი მოქმედებების დასრულებიდან რამდენიმე დღეში ესტუმრა. მეორედ კი ამ ომიდან 10 წლის შემდეგ. 2018 წელს თბილისში ვიზიტით მყოფმა მერკელმა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას "დიდი უსამართლობა" უწოდა.

"ეს არის უსამართლობა, რაც ხდება. რუსეთის პრეზიდენტმა ჩემი პოზიცია იცის, მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებით. ჩვენ ვსაუბრობთ ამაზე. მე მას ვესაუბრები. ეს ერთი კონტექსტია. მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, ძალიან ცოტა კეთდება, რათა ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდეს ეს დიდი უსამართლობა. ეს არ უნდა გახდეს ყოველდღიურობა. არ უნდა მოხდეს შეგუება ამ სიტუაციასთან. ჩვენ ყოველდღიურად, მაქსიმალურად უნდა ვისაუბროთ ამაზე", - განაცხადა ანგელა მერკელმა.

და ის წავიდა...