ავტორი:

"დედა სულ მენატრებოდა" - ლიკა ქავჟარაძის ვაჟი დედის უცნობ ფოტოებს აქვეყნებს

"დედა სულ მენატრებოდა" - ლიკა ქავჟარაძის ვაჟი დედის უცნობ ფოტოებს აქვეყნებს

ქართული კინოს ლეგენდა, ულამაზესი ლიკა ქავჟარაძე 26 ოქტომბერს 62 წლის გახდებოდა. მსახიობი 2017 წლის 11 ოქტომბერს 57 წლის ასაკში, სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

ლიკა ყველასთვის უსაყვარლესი მსახიობი იყო და მთელმა საქართველომ დაიტირა... მიუხედავად სილამაზისა და პოპულარობისა, მისი ცხოვრება არ ყოფილა მარტივი. ამ თემაზე თავადაც ღიად საუბრობდა ინტერვიუებში... კინოში განსახიერებულ ოცდაათამდე როლის მიუხედავად, განსაკუთრებული აღიარება მას თენგიზ აბულაძის "ნატვრის ხეში“ შესრულებულმა მარიტას როლმა მოუტანა. ლიკა ყვებოდა: "მარიტამ მართლაც რომ წარუშლელი კვალი დატოვა არა მარტო ჩემს კარიერაში, არამედ, ზოგადად, ცხოვრებაში. იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ ბევრ ფილმში ვითამაშე, "ნატვრის ხე“ მაინც სხვა იყო. დღემდე სწორედ ამ ფილმით მიხსენებენ. მარიტას როლი ცხოვრების ბოლომდე გამყვება“.

წლინახევრის იყო, როდესაც ლიკას მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. გოგონას დედა და ბებია მკაცრად ზრდიდნენ, ამის გამო, მშობელთან რთული ურთიერთობა ჰქონდა, როგორც თავად ლიკა ჰყვებოდა, დედა მუდამ აკონტროლებდა. დედის გარდაცვალების შემდეგ ხატვა აქტიურად დაიწყო და ცდილობდა ამაზე გადაეტანა ყურადღება.

ორჯერ დაოჯახდა. ერთხელ პოპულარობის პიკზე, სანდრო თაქთაქიშვილზე, რომელთანაც ერთადერთი შვილი - ლევანი შეეძინა. 1993-1994 წლებში ოჯახი აშშ-ში გაემგზავრა, სადაც სანდრო მუშაობდა, მაგრამ მსახიობმა იქ ხანგრძლივი პერიოდით დარჩენა ვერ შეძლო და უკან დაბრუნდა. მეორედ ლიკამ იქორწინა ლევან შანიძეზე, რომელთანაც მეგობრული ურთიერთობა დაშორების შემდეგაც შეინარჩუნა.

ლევან შანიძემ ყოფილი მეუღლის დაბადების დღეზე, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

"დღეს ლიკას დაბადების დღეა! მადლობა უფალს რომ ეს მშვენიერი ადამიანი მოგვივლინა სამყაროს! ამბობენ, სილამაზე პირობითიაო, არა! ეს ლიკას არ ეხება, უპირობოდ ლამაზი და ყველასთვის ადვილად აღსაქმელი სილამაზით დააჯილდოვა! მე ბედნიერი ვარ, რომ ლიკას ვუყვარდი და მისმა შემოსვლამ ჩემს ცხოვრებაში დიდი ცვლილებები შემოიტანა! მან მე შემცვალა და გარწმუნებთ, უკეთესობისკენ!

მადლობა უფალს, რომ ამ დღეს მოგვივლინა ლიკა! უფალი მას, იქ სადაც ლიკას სულია არფერს მოაკლებს! იხაროს ლიკას სულმა იმ ქვეყნად და ყველა ლიკას მოყვარე-მოკეთემ ორთავ სოფლად, სიხარულში და სიკეთეში ამყოფოს უფალმა!“ - წერს შანიძე.

საზოგადოებისთვის დედის უცნობ ფოტოებს აქვეყნებს ლიკას შვილი ლევან თაქთაქიშვილი, რომელიც წლებია ამერიკაში ცოლთან და შვილთან ერთად ცხოვრობს.

წლების წინ, ჯერ კიდევ ლიკას სიცოცხლეში ჟურნალმა “ცხელი შოკოლადი” გამოაქვეყნა ჩანაწერები ლიკა ქავჟარაძეზე, რომელშიც ლიკასთან ერთად, მისი ახლობლები და მეგობრები საუბრობენ. ლევანი დედაზე ჰყვებოდა:

"ძნელია დედაზე ლაპარაკი, ალბათ იმიტომ, რომ დედაა და მასთან დაკავშირებული ყველაფერი ძალიან ჩვეულებრივი გგონია. ლიკა ყოველთვის ცდილობს ნაკლებად ჩაერიოს ჩემს ცხოვრებაში, შეიძლება იმიტომ, რომ თვითონ ცოტა სხვანაირად გაიზარდა. არ გზღუდავს იმიტომ, რომ თვითონაც უყვარს თავისუფლება. მაგრამ ადრე უფრო იცოდა, თუ გაიგებდა, რომ ვიღაცა მომწონს, მერე იწყებოდა ჩაციება – და ვინ არის? საიდან? რატომ? როგორ? უბრალოდ, როგორც კი ხედავდა, რომ ეს არ მსიამოვნებდა, მაღიზიანებდა, თავს მანებებდა.

დილას ყავით და სიგარეტით იწყებს, მერე ერთი საათი ზის და ფხიზლდება. სპორტული ტიპია, ერთი პერიოდი სულ დარბოდა, ვარჯიშობდა, ბევრს ცურავდა, ხატავდა. მე ლიკას ნახატები უფრო მომწონს, ვიდრე ჩანაწერები; ამ ბოლო დროს სულ წერს ხოლმე;

ძალიან მოსაბეზრებელი იყო - ეს ლიკას ბიჭიაა… შენ კი დებილივით დგეხარ და იღიმები. პირველად, “ნატვრის ხე” როცა ვნახე, ძალიან ბევრი ვიტირე, თან მაშინ ლიკა აქ არ იყო და მეგონა, მოკვდა.

არასდროს მივლია ლიკას მონაწილეობით გადაღებული ფილმების ჩვენებებზე, არც დეფილეებზე. ჰო, პოდიუმზე რამდენჯერმე გამოვიდა. არ ვიცი, რატომ. შეიძლება რაღაცნაირად მრცხვენოდა? შეიძლება. ისე, ერთხელ, 8 წლის როცა ვიყავი, მეც გამომიყვანა ჩვენებაზე. მარტო იმიტომ დამამახსოვრდა, რომ რაღაც ქურთუკი ჩამაცვეს და მერე მაჩუქეს, ძალიან გამიხარდა.

რა ვიცი… გავხარო, მეუბნებიან. ლიკა უფრო ჩაკეტილი ადამიანია, მეც ასეთი ვარ. იცი, მახსოვს, რომ დედა სულ მენატრებოდა.

მამაჩემი ფიზიკოსია და სულ სადღაც იყო წასული, თვეობით მიდიოდა. ლიკას იმ პერიოდში გადაღებები ჰქონდა. ამიტომ, უფრო ბებია-ბაბუასთან ვიზრდებოდი.

რა მახსენდება? არაფერი ისეთი. სამუშაოს გამო, თითქმის სულ ცალ-ცალკე იყვნენ, მერე ურთიერთობაც არ ჰქონიათ მაინცდამაინც კარგი. კი, როცა ერთმანეთს დაშორდნენ, დიდი ვიყავი, მაგრამ ჩემი განცდები მაინც მქონდა…

ლიკა? ჯიუტია. თან გააჩნია რა ხასიათზეა. აი, დილით რომ ადგები, უკვე ხედავ, რომ დღეს რაღაც სხვანაირადაა… რა ვიცი… სულ რაღაცეებს უშვრება თმებს, შეიჭრის, შეიღებავს რაღაცფრად. უხდება-არ უხდება, მაინც გააკეთებს. ხან სევდიანია, უცებ მხიარული, უცებ ჯიუტი და უცებ შეიძლება… რა ვიცი, კიდევ როგორი. ლიკა ბევრნაირია...“ - ასეთი იყო შვილის მიერ დანახული ლიკა ქავჟარაძე...