ავტორი:

შემოდგომა საბადურის ულამაზეს ტყეში - როგორია ჯადოსნური ტყის სახელის ეტიმოლოგია ( + ფოტოები)

შემოდგომა საბადურის ულამაზეს ტყეში - როგორია ჯადოსნური ტყის სახელის ეტიმოლოგია ( + ფოტოები)

ბოლო წლებში ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის აღმოჩენად იქცა საბადურის ტყე, რომელიც განსაკუთრებულად მიმზიდველი დედაქალაქელებისთვის აღმოჩნდა. წლის ნებისმიერ სეზონზე ტყე მართლაც საოცრად ლამაზია, განსაკუთრებით კი ზამთარსა და შემოდგომაზე. ახლა სწორედ ის დროა, როდესაც უამრავ ფერად აალებული ტყე განსაკუთრებულად მშვენიერია. შესაბამისად, კვირის ნებისმიერ დღეს უამრავ ადამიანს ნახავთ, ვინც ყოველდღიურ რუტინას ცდილობს გაექცეს და ამ მართლაც ჯადოსნურ ადგილს შეაფაროს თავი.

პანდემიურმა ცხოვრებამ ტყეს სხვა ფუნქციაც შესძინა და დღესასწაულების მოწყობის ადგილად აქცია. უკვე არაერთმა ადამიანმა დაუკავშირა აქაურობას ქორწინების დღე, იუბილე თუ სხვა რამ ღირსშესანიშნავი თარიღი.

საბადურის ტყე მცხეთა-მთიანეთის მხარეში, კონკრეტულად კი, მცხეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდებარეობს და შედის თბილისის ეროვნული პარკის შემადგენლობაში, რომელიც პირველი ეროვნული პარკია საქართველოში. იგი 1973 წელს შეიქმნა და კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთების საგურამო-იალნოს ქედებსა და მათ განშტოებათა ფერდებზე ზღვის დონიდან 600-1 700 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს.

საბადურის ტყე თბილისიდან 20 კმ-ში იწყება და მისი ფართობი დაახლოებით 5125 ჰექტარია. ტყეში ძირითადად წიფლის, რცხილისა და მუხის ხეებს ვხვდებით.

რაც შეეხება მისი სახელის ეტიმოლოგიას, ამის რამდენიმე ვერსია არსებობს, მაგალითად, ერთ-ერთის მიხედვით, საუკუნეების წინ, თურქების ჯარი თიანეთისკენ წასულა და გზად დაღამებია. "იქ, სადაც ახლა ტყეა, გაშლილი ველი ყოფილა, მხედართმთავარს კი უბრძანებია ჯარისთვის "საბაჰ დურო“, ანუ დილამდე აქ გავჩერდეთო... თურმე თურქულად "საბაჰ“ "დილას“, "დურ“ კი "შეჩერებას“ ნიშნავს“, - ყვებიან ასაკოვანი თიანეთელები.

მეორე ვერსიით, ტყის სახელს უკავშირდება ტყუპი და-ძმის - საბასა და დურის სახელებს: ისინი გვარად ცალცალაშვილები ყოფილან და ერთ დღეს ტყეში დაკარულან. ბევრი უძებნიათ, თუმცა ვერსად უპოვიათ მშობლებს, დამწუხრებული დედ-მამის დარდის შესამსუბუქებლად, ხალხს იმ ტყისათვის, სადაც ბავშვები დაიკარგნენ, "საბადური" შეურქმევია.

დღეს საბადურის ტყეში მოწყობილია ტურისტული ინფრასტრუქტურა, საპიკნიკე, საკარვე და ცეცხლის დასანთები ადგილები. ასევე, განთავსებულია საინფორმაციო დაფები.

მოკლედ, თუ განტვირთვა და ულამაზესი ხედებით ტკბობა გსურთ, საბადურის ტყე საუკეთესო არჩევანია.