ავტორი:

"შესაძლოა,  იარაღში,  რომლითაც ალეკ ბოლდუინმა გაისროლა,  ნამდვილი ტყვია მიზანმიმართულად ჩადეს" - გადასაღებ მოედანზე მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები

"შესაძლოა,  იარაღში,  რომლითაც ალეკ ბოლდუინმა გაისროლა,  ნამდვილი ტყვია მიზანმიმართულად ჩადეს" - გადასაღებ მოედანზე მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები

"არ არის გამორიცხული, რომ იარაღში, რომლითაც ალეკ ბოლდუინმა გადასაღებ მოედანზე გაისროლა, ნამდვილი ტყვია მიზანმიმართულად ჩადეს", - ამის შესახებ ადვოკატი ჯეისონ ბოულსი საუბრობს. ბოულსი იმ ადამიანის უფლებებს იცავს, რომელსაც ფილმ Rust-ის გადაღებისას იარაღის გაკონტროლება ევალებოდა და უსაფრთხოებაზე იყო პასუხისმგებელი.

ადვოკატი ირწმუნება, რომ მისმა კლიენტმა, ჰანა გუტიერესმა ვაზნები იმ ყუთიდან ამოიღო, სადაც მხოლოდ ფუჭი ტყვიები უნდა ყოფილიყო განთავსებული.

"ვშიშობთ, რომ შესაძლოა, ეს ვინმეს გადასაღებ მოედანზე დივერსიის მოწყობის მიზნით ჩაედინა. არ ვამბობთ, რომ ვინმეს განზრახული ჰქონდა მკვლელობა მომხდარიყო, მაგრამ მათ სურდათ გადასაღებ მოედანზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტის გამოწვევა. ჰანას არ უფიქრია, რომ ფუჭი ტყვიების ყუთში ნამდვილი ტყვიები აღმოჩნდებოდა,“- აღნიშნა ადვოკატმა.

ცნობისთვის, 21 ოქტომბერს ჰოლივუდის მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა გადასაღებ მოედანზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც ოპერატორი ქალი გარდაიცვალა, ფილმის რეჟისორი კი - დაიჭრა.

მსახიობმა გაისროლა იარაღიდან, რომელშიც ნამდვილი ვაზნები არ უნდა ყოფილიყო. ინციდენტი ნიუ-მექსიკოს შტატში ვესტერნის ჟანრის ფილმის, Rust-ის გადასაღებ მოედანზე მოხდა. ალეკ ბოლდუინს იარაღი რეჟისორის ასისტენტმა მიაწოდა და უთხრა, რომ უსაფრთხო იყო.

ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა სისხლის სამართლის ბრალდება ჯერჯერობით არავისთვის წაუყენებიათ.