ავტორი:

"ადვოკატებს აქვთ მცდელობა აჟიოტაჟი ატეხონ, თითქოს ვინმეს ეშინია სააკაშვილის მონაწილეობით სასამართლოს გამართვის" - პროკურორი

"ადვოკატებს აქვთ მცდელობა აჟიოტაჟი ატეხონ, თითქოს ვინმეს ეშინია სააკაშვილის მონაწილეობით სასამართლოს გამართვის" - პროკურორი

თუ მიგვითითებენ, რომ ჩვენ გვეშინია მიხეილ სააკაშვილის გამოჩენის, დავის მხარეს შევთავაზეთ,რომ სააკაშვილი დისტანციურად ჩაერთოს და გააკეთოს მიმართვა. დაცვის მხარეს ამაზე არანაირი არგუმენტი არ ჰქონიათ და ამაზე ვართ გაკვირვებული. პასუხიც კი არ ჰქონდათ, რატომ ამბობდნენ უარს, - ამის შესახებ პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ჟურნალისტებს პროკურატურაში განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღევანდელ პროცესზე და არამხოლოდ დღევანდელ პროცესზე, ბოლო დროს, ადვოკატებს დაჟინებული მცდელობა აქვთ აჟიოტაჟი ხელოვნურად ატეხონ, თითქოს განგებ არ იმართება სხდომები, ან თითქოს, ვინმეს ეშინია მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით სასამართლოს გამართვის.

"როდესაც ჩვენთვის გახდა ცნობილი და სასამართლომ განგვიმარტა, რომ დღევანდელ პროცესზე მიხეილ სააკაშვილის ბადრაგირება ვერ ხდებოდა, სასამართლოს მაშინვე მივმართეთ შუამდგომლობით, რომ საშუალება მიგვეცა მიხეილ სააკაშვილისთვის, უშუალოდ მიეღო მონაწილეობა. მზად ვიყავით იმისთვის, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაშიც კი ჩაგვეტარებინა პროცესი. არამარტო ალტერნატივის სახით შევთავაზეთ, რომ ბრალდებულისთვის შესაძლებლობა მიგვეცა ტრანსლირებით, დისტანციურად ჩართულიყო აღნიშნულ პროცესზე.

რომც მომხდარიყო მიხეილ სააკაშვილის ბადრაგირება და სასამართლოში მიეღო მას მონაწილეობა, ბუნებრივია, მას ექნებოდა, როგორც სასამართლოსთვის ისე საზოგადოებისთვის მიმართვის შესაძლებლობა. ტელევიზიით გადაიცემოდა დღევანდელი პროცესიც. ანალოგიურია, როცა ვიდეოტრანსლირება ხდება და დისტანციურად ერთვება ადამიანი სასამართლო პროცესში, მას სრული შესაძლებლობა და თავისუფლება ექნებოდა უშუალოდ მიემართა სასამართლოსთვის, დაეფიქსირებინა მისი პოზიცია, მათ შორის მიემართა საზოგადოებისთვის. ეს შესაძლებლობა არსებობდა და შევთავაზეთ დაცვის მხარესაც, მაგრამ გასაოცარია ის, რომ ჩვენთვის სრულიად გაუგებარი მიზეზით ამაზე დაცვის მხარემ უარი განაცხადა“, - აცხადებს წიკლაური.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ დაუშვეს სააკაშვილის სხვა ადვოკატები, კერძოდ კი ნიკა გვარამია და დიმიტრი საძაგლიშვილი დღევანდელ პროცესზე, პროკურორი განმარტავს, რომ სასამართლო პროცესზე, ყველა ის ადვოკატი, რომელსაც წარმოდგენილი ჰქონდა ორდერი და სასამართლოს სხდომის დაწყებამდე გამოცხადდა, როგორც კანონი ითვალსიწინებდა, მონაწილეობა მიიღეს.

"ახლა, პროცესის ბოლოს თუ ვიღაცას გაახსენდა, რომ მონაწილეობა უნდა, ასე არ ხდება. სასამართლოს აქვს თავისი წესები. მათი მიზანი არ ყოფილა მართლმსაჯულებაში მონაწილეობა. დღევანდელ სხდომაზე დავრწმუნდით,რომ ადვოკატების მიზანი იყო ერთგვარი სანახაობის მოწყობა და რაღაც პოლიტიკური სპეკულაციები“, - განაცხადა წიკლაურმა.