ავტორი:

"სააკაშვილს უნდა ჩაუტარდეს ადეკვატური მკურნალობა სათანადოდ აღჭურვილ კლინიკაში" - "ევროპის სახალხო პარტიის" მიმართვა საქართველოს მთავრობას

"სააკაშვილს უნდა ჩაუტარდეს ადეკვატური მკურნალობა სათანადოდ აღჭურვილ კლინიკაში" - "ევროპის სახალხო პარტიის" მიმართვა საქართველოს მთავრობას

“ევროპის სახალხო პარტია“ (EPP) მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადეკვატური მკურნალობა სათანადოდ აღჭურვილ კლინიკაში.

"ჩვენ კვლავ სერიოზულად შეშფოთებულები ვართ ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პირობებით, ისევე როგორც მისი, როგორც პატიმრის უფლებებით, მათ შორის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და ღირსების და როგორც პირის, რომლის მიმართაც სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. მას უნდა ჩაუტარდეს ადეკვატური სამედიცინო მკურნალობა სათანადოდ აღჭურვილ კლინიკაში“, - აცხადებს ევროპარლამენტარი, EPP-ის ჯგუფის საგარეო ურთიერთობათა სპიკერი, მაიკლ გალერი.

მაიკლ გალერი ასევე მიმართავს საქართველოს მთავრობას შეასრულოს სამედიცინო კონსილიუმის რეკომენდაციები სრულად.

"საქართველოს მთავრობამ გასულ თვეში შექმნა სამედიცინო საბჭო - სპეციალური ორგანო, რომელიც მონიტორინგს უწევს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. თუმცა მისი რეკომენდაციები სრულად არ არის შესრულებული. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს ისინი სრულად და დაუყოვნებლივ“, - აღნიშნა გალერმა.

"ევროპის სახალხო პარტიის“ ვებგვედის თანახმად, მაიკლ გალერის განცხადება მოჰყვა მედიისა და საქართველოს ომბუდსმენისგან მომდინარე შემაშფოთებელ ცნობებს, არასათანადო სამედიცინო აღჭურვილობის, ასევე ციხეში მყოფი სხვა პატიმრების მიერ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული მუქარისა და შეურაცხყოფის შესახებ.

"სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან, დაკავების შემდეგ შიმშილობს. მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება მას შემდეგ, რაც 2018 წელს დაუსწრებლად გაასამართლეს საპრეზიდენტო ვადის პერიოდში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის. ის ოთხშაბათს სასამართლო პროცესს უნდა დასწრებოდა, თუმცა მას არ მისცეს ამის უფლება უსაფრთხოების საკითხების გამო“, - აღნიშნულია EPP-ის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.