ავტორი:

როგორ გამოიყურება პალატა, სადაც მიხეილ სააკაშვილს მოათავსებენ - ფოტოები გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან

როგორ გამოიყურება პალატა, სადაც მიხეილ სააკაშვილს მოათავსებენ - ფოტოები გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადასაყვანად, ჰოსპიტლის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავების მობილიზება მიმდინარეობს.

ჭავჭავაძის ქუჩაზე, სადაც სამხედრო ჰოსპიტალი მდებარეობს, საპატრულო პოლიციამ კერძო პირების ავტომობილები გაიყვანა და სამედიცინო დაწესებულების სრულ პერიმეტრზე სამართალდამცველები განლაგდნენ. ასევე ჰოსპიტლის ტერიტორიაზე არაერთი სპეცმანქანა შევიდა.

რაც შეეხება პალატას, სადაც გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, პალატის ფანჯრებზე დამონტაჟებულია ლითონის გისოსები.

როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში დღეს გვიან ღამით გადაიყვანენ, რის შემდეგაც ექსპრეზიდენტი შიმშილობას შეწყვეტს.

"მიხეილ სააკშვილი დღეს იქნება გადაყვანილი გორის ჰოსპიტალში და ხვალიდან უკვე მნიშვნელოვანია დავადგინოთ მისი სამედიცინო დღის წესრიგი პუნქტობრივად. მისი ტრანსპორტირება განხორციელდება მოგვიანებით, არ ვამბობ ზუსტ დროს, ასე ითხოვს უსაფრთხოების ზომები, მინდა ვთხოვო ყველას, შეფერხებები არ შექმნას აქ დგომით, უბრალოდ არ გამოვა რეანომობილი თუ აქ იქნება ადამიანების სიმრავლე.

მისი პირადი ექიმი, ქალბატონი გიული, რომელიც ახლა მოვა, დარჩება მასთან, ვიდრე მას გადაიყვანენ და ჩვენ წავალთ გორში, მოვახდენთ ინსპექტირებას. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით უკეთესია, კონტაქტურია, კომუნიკაბელურია, რამე მძიმე გართულებები არ აქვს“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.