ავტორი:

რუსეთი სოხუმის აეროპორტის აღდგენას იწყებს, მაგრამ... - "აფხაზეთში თუ გავფრინდებით, საქართველოს შეუძლია პირველივე თვითმფრინავი ჩამოაგდოს"

რუსეთი სოხუმის აეროპორტის აღდგენას იწყებს, მაგრამ... - "აფხაზეთში თუ გავფრინდებით, საქართველოს შეუძლია პირველივე თვითმფრინავი ჩამოაგდოს"

"რუსი სამხედრო მოსამსახურეები, სოხუმის აეროპორტის განაღმვის მიზნით, ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან აფხაზეთში ჩავიდნენ. სამუშაოებს ასრულებს რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის ინჟინერ-მესანგრეთა ქვედანაყოფი, რომლის მექანიზებულმა კოლონამ თითქმის ათასი კილომეტრი გაიარა ხანკალიდან გუდაუთამდე“, - ნათქვამია რუსული გამოცემის "სვობოდნაია პრესის“ ("Свободная пресса") მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით" "სოხუმის აეროპორტს "Су“-ებს გადასცემენ: რუსეთი აფხაზეთთან ავიამიმოსვლას თავისი ტურისტებისა და სამხედრო ავიაციის ინტერესებისათვის აღადგენს“ (ავტორი - სერგეი ბატიშევი).

როგორც ირკვევა, სოხუმის აეროპორტის გამნაღმველი სამუშაოების ჩასატარებლად გადაწყვეტილება ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში მიიღეს სოჭში, ვლადიმერ პუტინისა და ასლან ბჟანიას შეხვედრის დროს.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას აეროპორტის ამოქმედება, პირველ რიგში, ტურისტების მისაზიდად სჭირდება, მაგრამ რატომ დაიწყო მოსკოვმა განაღმვის სამუშაოები მხოლოდ ერთი წლის შემდეგ?

როგორც რუსეთის სამოქალაქო ავიაციის მინისტრის ყოფილი მოადგილე ოლეგ სმიროვი ამბობს, ამის მიზეზს კორონავირუსის პანდემია წარმოადგენს: "ამჟამად ისეთი სიტუაციაა, რომელიც აეროპორტის დაუყონებლივ აღდგენას ითხოვს. ეს ეკონომიკურ მიზანშეწონილებითაა ნაკარნახევი. კორონავისრუსის გამო რუსეთიდან უცხოეთში ავიამიმოსვლა შეზღუდულია, ამიტომ რუსმა ტურისტებმა მზერა ისევ აფხაზეთს მიაპყრეს. რესპუბლიკაში მატარებლით ჩასვლა ყველას არ შეუძლია - მოსკოვიდან კი, მაგრამ ურალელებმა და ციმბირელებმა რა ქნან? სოჭის (ადლერის) აეროპორტში მოსახვედრად მათ გადაჯდომა მაინც მოსკოვში უწევთ“.

აფხაზეთის ერთადერთი სამოქალაქო აეროპორტი სოხუმთან ახლოს, ბაბუშარასთან 1960-იან წლებში აიგო. აფხაზეთის ომის დასრულების შემდეგ, 1993 წელს, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO) სოხუმში ფრენები აკრძალა და ამიტომ აეროპორტს დახურვა მოუწია. სხვათა შორის, სოხუმის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 3,6 კილომეტრია, რაც სრულიად საკმარისია ყველა ტიპის სამოქალაქო და სამხედრო თვითმფრინავების მისაღებად. აეროპორტის მდებარეობა საშუალებას იძლევა თვითმფრინავების დასაშვებად როგორც ზღვის, ასევე მთების მხრიდან.

როგორც სტატიიდან ვიგებთ, სოხუმის აეროპორტის განაღმვა მისი რეაბილიტაციის პირველ ეტაპს წარმოადგენს. შემდეგ საჭირო იქნება აეროვაგზლის შენობის აღდგენა (უფრო ზუსტად, ხელახლა აგება), საწვავ-გასამართი კომპლექსისა და საჰაერო მოძრაობის კონტროლის პუნქტის მშენებლობა... სამუშაოები, აფხაზური მხარის შეფასებით, 4,5 მილიარდ რუბლს მოითხოვს. 120 მილიონი რუბლი დაიხარჯება საპროექტო დოკუმენტაციაზე, რომელიც მზად გაისად, შემოდგომაზე იქნება. ამბობენ, რომ აეროპორტი პირველ მგზავრებს, სავარაუდოდ, 2024 წლისათვის მიიღებს. წინასწარი გათვლებით, აეროპორტის რემონტის ხარჯები ანაზღაურებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ დღეში მინიმუმ ოთხი რეგულარული ავიარეისი შესრულდება.

საბჭოთა პერიოდში სოხუმის აეროპორტი ზაფხულობით დღე-ღამეში 5 ათას მგზავრს, ხოლო ზამთრობით - ათას მგზავრს იღებდა.

როგორც ოლეგ სმირნოვი ამბობს, აეროპორტის რენტაბელობა დამოკიდებული იქნება რეგიონის ტურისტულ მიმზიდველობაზე. თუ აფხაზები ტურიზმის ინფრასტრუქტურას განავითარებენ, საკურორტო ზონას გააუმჯობესებენ, სოხუმში რუსეთის ყველა მილიონიანი ქალაქიდან ჩავლენ. ბევრი რამ არის დამოკიდებული საკურორტო ბაზის მდგომარეობაზე...

"მჯერა, რომ სამომავლოდ სოხუმში თვითმფრინავები მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან იფრენენ. თუმცა დღეს არის ერთი "მაგრამ“ - პრობლემა, რომელიც სერიოზულ დაფიქრებას ითხოვს. დავუშვათ, რომ აეროპორტი აშენებულია, შეკეთებულია ასაფრენ-დასაფრენი ზოლიც... მაგრამ თვითმფრინავების მიღებამდე აუცილებელია აფხაზეთის საჰაერო სივრცეში ფრენის ლეგიტიმურობის საკითხის გადაწყვეტა. დღეს ამასთან დაკავშირებით დიდი სირთულეები არსებობს. ეს საკითხი აფხაზეთსა და საქართველოს შორის ჯერ კიდევ მოუგვარებელია. თავის მხრივ, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას ჯერ არ დაუმტკიცებია აფხაზეთისთვის საჰაერო სივრცით სარგებლობის უფლება", - ამბობს გამოცემასთან სმირნოვი და ჟურნალისტის შენიშვნაზე, რომ - ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს ყირიმში ავიამიმოსვლასთან დაკავშირებულ სიტუაციას, სადაც საერთაშორისო ავიარეისები ჯერ კიდევ არ სრულდება, პასუხობს:

"გეთანხმებით. აფხაზეთის სიტუაცია ახლოს დგას ყირიმის სიტუაციასთან, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ ჩვენ ყირიმში მაინც დავფრინავთ, აფხაზეთში კი თუ გავფრინდებით, საქართველოს შეუძლია პირველივე თვითმფრინავი ჩამოაგდოს. იურიდიულად ქართველებს პრეტენზიებს ვერ წარუდგენ. ვიდრე რუსეთი არ მოილაპარაკებს საქართველოსთან აფხაზეთის საჰაეროს სივრცით სარგებლობაზე, მანამ სოხუმში არავითარი ფრენა არ იქნება“.

რა თქმა უნდა, აფხაზეთის დე ფატო ხელისუფლება თვითონაც ცდილობს ამ პრობლემის მოგვარებას: აფხაზებმა სოხუმის აეროპორტს ICAO-ს სისტემით საერთაშორისო კოდი მიანიჭეს - URAS, რომელშიც "U“ პოსტსაბჭოთა სივრცეს, ხოლო "R“ - როსტოვის საჰაერო ზონას ნიშნავს. წინა კოდი UGSS სოხუმის აეროპორტს ქართულ ავიაზონას აკუთვნებდა. ქართულმა მხარემ უკვე განაცხადა, რომ სოხუმის აეროპორტიდან ავიარეისების შესრულება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და არღვევს ICAO-ს წესებს.

სოხუმის აეროპორტმა, აფხაზეთის დე ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სამოქალაქო და სამხედრო ავიაციის ერთობლივი ბაზირების სტატუსიც მიიღო, ანუ მათი თქმით, ასაფრენ-დასაშვებ ზოლით ისარგებლებენ როგორც სამოქალაქო სამგზავრო-სატრანსპორტო, ასევე სამხედრო თვითმფრინავებიც.

"აფხაზეთისთვის ერთობლივი ბაზირების სტატუსი მიმზიდველია იმითაც, რომ მთავრობას იმედი აქვს მშენებლობისათვის დამატებითი სახსრები მიიზიდოს რუსეთიდან. ცხადია, აეროდრომით რუსეთის სამხედრო ავიაცია ისარგებლებს. მოსკოვისათვის მომგებიანია, რაც უფრო ახლოს ექნება აეროდრომი პოტენციურ მოწინააღმდეგესთან. სოხუმიდან ერთი ხელის გაწვდენაზეა საქართველო, შავი ზღვის მიღმა კი - თურქეთი“, - ამბობს ოლეგ სმირნოვი.

მკითხველს შევახსენებთ, რომ ამ რამდენიმე თვის წინათ რუსეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება გუდაუთის სამხედრო ბაზის ახალი ტექნიკით აღჭურვის განახლების შესახებ.

სამხედრო ექსპერტი კონსტანტინე სივკოვი არ გამორიცხავს, რომ რუსეთი მართლაც არის დაინტერესებული სოხუმში ერთობლივი სარგებლობის აეროდრომის არსებობით. იქ სრულიად შესაძლებელია რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზის განლაგებაც.

"ასაფრენ-დასაშვები ზოლის სიგრძე საკმარისია იმისთვის, რომ სოხუმმა ყველა ტიპის სამხედრო თვითმფრინავი მიიღოს - ავიაგამანადგურებელი, ბომბდამშენი, მოიერიშე... ცხადია, ყველაზე დიდი შანსი აქვს გამანადგურებელ-ბომბდამშენ ავიაციას. იმიტომ, რომ სოხუმის აეროდრომს სტრატეგიული მიზნები არ ექნება. მას გამოიყენებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა შავი ზღვის აკვატორიაში რომელიმე ტაქტიკური საკითხი იქნება მოსაგვარებელი სავარაუდო მოწინააღმდეგესთან - სახმელეთო, ჰაერსაწინააღმდეგო და რადიოელექტრონული უსაფრთხოების ძალებთან ერთად“, - ამბობს ექსპერტი. წყარო

  • ჩვენის მხრივ შეგვიძლია აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს ასეთი შეფასება მივცეთ: მოგეხსენებათ, ამჟამად სამხრეთ კავკასიაში მაღალი აქტიურობა შეინიშნება, შავი ზღვის აუზში სერიოზული ინტერესები იკვეთება, აქედან გამომდინარე, რუსეთმა, როგორც ჩანს, გადაწყვიტა აფხაზეთში ოკუპაციის კიდევ უფრო გაძლიერებით შავ ზღვაში საკუთარი შესაძლებლობები გააძლიეროს, აქედან გამომდინარე, სოხუმის აეროპორტის მნიშვნელობაც გაიზარდა მისთვის. ფაქტია, აფხაზეთის ტურისტული პოტენციალის ხელშესაწყობად აეროპორტის აღდგენა აქამდე სულ არ გახსენებია...

მოამზადა სიმონ კილაძემ