ავტორი:

"4 თვეა წეროვანში, მიხეილ სააკაშვილის ყოფილ რეზიდენციაში ვცხოვრობთ" - როგორია ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რას ჰყვება მისი მეუღლე?

"4 თვეა წეროვანში,  მიხეილ სააკაშვილის ყოფილ რეზიდენციაში ვცხოვრობთ" -  როგორია ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რას ჰყვება მისი მეუღლე?

2019 წლის 19 დეკემბერს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, ცოტნე გამსახურდია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დაჭრეს. ჭრილობები იმდენად მძიმე იყო, რომ ბევრჯერ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ მისი გადარჩენის საკითხი. ამ უმძიმესი დღიდან მალე 2 წელი გავა. ამ პერიოდის განმავლობაში ცოტნეს გვერდიდან არ მოშორებია მეუღლე, ანა ჯაბაური. ანა პროფესიით ექიმი-კარდიოლოგია. ქალმა საქართველოში აწყობილი კარიერა მიატოვა და მეუღლესთან ერთად ქვეყანა დატოვა. რამდენიმე ქვეყანაში მკურნალობის შემდეგ ცოტნე და ანა საქართველოში დაბრუნდნენ.

როგორია ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა და სად ცხოვრობს ახლა წყვილი, ამის შესახებ Ambebi.ge-ს ანა ჯაბაური ესაუბრა.

- ანა, პირველ რიგში მადლობა, რომ ინტერვიუზე დაგვთანხმდით, დიდი ხანია, არაფერი დაგიწერიათ სოციალურ ქსელში, ყოველთვის გვატყობინებდით ხოლმე ბატონ ცოტნეს მდგომარეობის შესახებ…

- მადლობა თქვენ, რომ ინტერესდებით ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობით. 4 თვეა წეროვანში ვართ და ვცხოვრობთ მიხეილ სააკაშვილის ყოფილ რეზიდენციაში, რომელიც მოგვიანებით თავდაცვის სამინისტროს გადაეცა. არაჩვეულებრივი გარემო - სუფთა ჰაერი და ულამაზესი ტყე-პარკი გვაკრავს გარს. არ გვაკლია არც სითბო და ყურადღება. აქვე ახლოს, ამავე შემოსაზღვრულ ტერიტორიაზეა განთავსებული მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც სასიამოვნოდ გაგაკვირვებთ ყველაფრით - თანამედროვე, მაღალი სტანდარტებით გამორჩეული დარბაზებითა და უახლესი აპარატურით, მაღალპროფესიული გუნდითა და მოტორულ-კოგნიტური უნარების განვითარებისთვის საჭირო ბევრი სიახლით. სწორედ ამ ცენტრის სპეციალისტები უტარებენ ცოტნეს ყველა ფიზიოთერაპიულ პროცედურას, რომელიც ამ ეტაპზეა საჭირო.

გარდა აღნიშნული თერაპიისა, ცოტნეს ორჯერადი ვაქცინაციის შემდეგ, გვყოფნის გამბედაობა გავზარდოთ მასთან მომუშავე სპეციალისტთა რიცხვი და რეაბილიტაციის პროცესში დამატებით ჩავრთოთ ისეთი მეთოდებიც, როგორიცაა ჰაილეურითმია და ჩინური მედიცინა. ყველა სპეციალისტი, რომელიც ცოტნესთან მუშაობს, ცხადია, სრულად ვაქცინირებული და მკაცრად ეკიპირებულია. ცოტნეს ამჟამინდელ მდგომარეობას რაც შეეხება, ამა წლის თებერვალ-მარტში რეაბილიტაციის შედეგი საკმაოდ იმედისმომცემი და თვალსაჩინო იყო - მან დაიწყო ლაპარაკი, ყოველდღე ამბობდა ახალ სიტყვებს, აწყობდა წინადადებებს, ჰქონდა სრულიად ნათელი გონება, იცინოდა, ხუმრობდა, თანდათან აუმჯობესებდა მოტორულ ფუნქციებსაც. მე და ცოტნეს ძმები სიხარულისგან ლამის დავფრინავდით, ზეიმი გვქონდა ყოველდღიურად.

მაგრამ, სამწუხაროდ, მოულოდნელად ცოტნეს ძალიან მძიმე ეპილეფსიური სტატუსი დაეწყო, რომლის მოხსნაც ძალიან გაუჭირდათ გერმანელ პროფესორებს. ორჯერ გადაიყვანეს ხელოვნურ კომაში, დაუნიშნეს უძლიერესი ანტიკონვულსიური მედიკამენტები, რამაც მნიშვნელოვნად დაგვხია უკან - აპრილში, რეაბილიტაციის უმძიმესი 15 თვის შემდეგ, ისევ ნულიდან დავიწყეთ ყველაფერი. დღესდღეობით ცოტნეს მდგომარეობა ახლიდან უმჯობესდება. ჯერ, სამწუხაროდ, ვერ მივაღწიეთ ეპილეფსიურ სტატუსამდელ მდგომარეობას, მაგრამ გონება ისევ ნათელი აქვს, დაიწყო კიდურების ამოძრავება, აქტიურად მეკონტაქტება ბგერებით და ვატყობ, რომ უკვე ლაპარაკის დაწყებას ცდილობს.

- როგორია თქვენი ყოველდღიურობა, აწყობილი სამედიცინო კარიერის მიუხედავად დროებით ყველაფერზე უარი თქვით და დღემდე არ მოშორებიხართ ცოტნეს გვერდიდან...

- ჩემი ყოველდღიურობის დიდ ნაწილს ცოტნეს მოვლა, რეაბილიტაცია და მასზე ზრუნვა შეადგენს. მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველა საკითხისა და სფეროს მეთვალყურეობა, კოორდინირება, ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევებისა და სასიცოცხლო ფუნქციების მონიტორინგი, გერმანელ პროფესორთან ერთად მკურნალობისა და კვების სქემის შედგენა და კორექტირება, დამატებითი ძალისხმევის, პროცედურებისა და სპეციალისტების ჩართვის საჭიროების დროული განსაზღვრა - ეს ყველაფერი ჩემი ყოველდღიურობაა.

მიუხედავად იმისა, რომ დამხმარეები მყავს, არის პროცედურები, რომელსაც მხოლოდ მე ვუტარებ ცოტნეს. მეტსაც გეტყვით - კოვიდპანდემიის გამო, ცოტნესთან დამატებითი პერსონალის დაშვების შიშით დალაქობაც კი შევისწავლე და მე თვითონ ვკრეჭ წვერსაც და თმასაც. თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნო, რომ დღესდღეობით, მარტო ამით ჩემი ყოველდღიურობა არ შემოიფარგლება. თურქეთსა და გერმანიაში ასე იყო - უმძიმესი წელიწადნახევარი პალატაში ვიცხოვრე და ჩამოშორებული ვიყავი ყველას და ყველაფერს, მაგრამ ახლა უკვე განვაახლე მუშაობა. ინციდენტამდე სამ ადგილას ვმუშაობდი - კლინიკაში კარდიოლოგად, ევროპის უნივერსიტეტში პროფესორად და სამედიცინო ტელევიზიაში "პულსი ტვ“ გადაცემის წამყვანად. ნელ-ნელა დავიწყე უკვე სამსახურებში გასვლა. ვცდილობ, ყველაფერი მოვასწრო - პირველ რიგში ცოტნე იყოს წესრიგში, რადგან დღევანდელ მოცემულობაში ყველაზე მეტი ყურადღება მას სჭირდება; სამსახურებშიც ხარისხიანად ვიმუშაო, და, არ მოვაკლო ყურადღება არც ჩემს შვილს, შვილიშვილს და მოხუც მშობლებს. ეს ყველაფერი საკმაოდ დიდ ენერგიას, ძალისხმევას და მობილიზებას საჭიროებს, მაგრამ ზემოთ აღნიშნული მოცემულობა და ეს ადამიანები თავად მაძლევენ ამის ენერგიას.

- თქვენზე ამბობენ, რომ გმირი ხართ, რომელმაც საყვარელი ადამიანისთვის ამხელა მსხვერპლი გაიღო...

- იცით, საერთოდ არ მაქვს შეგრძნება, რომ გმირი ვარ ან რაიმე განსაკუთრებულს ვაკეთებ. უხერხულად ვგრძნობ თავს, როდესაც ამას მეუბნებიან. ასე მგონია, რომ ადამიანთა დიდი უმრავლესობა სწორედ ჩემნაირად მოიქცევა მსგავს სიტუაციაში. აბა, როგორ მიატოვებ ადამიანს ასეთ საშინელ გაჭირვებაში, გაიხურავ კარს და გააგრძელებ ცხოვრებას, თითქოს არაფერი მომხდარა? თან ზუსტად იცი, რომ უმწეო და საშინელ მდგომარეობაში ჩავარდნილი შენი უახლოესი ადამიანი ყოველ წუთს გელის და შენს გარეშე სიცოცხლისთვის ბრძოლასაც არ დაიწყებს… დარწმუნებული ვარ, ამ შეგრძნების ზიდვა გაცილებით უფრო რთული იქნებოდა, ვიდრე ის, რასაც მე ახლა ვაკეთებ. და, სიმართლე გითხრათ, ვაკეთებ არა მარტო იმიტომ, რომ ასე მიმაჩნია სწორად, არამედ უფრო იმიტომ, რომ უბრალოდ სხვანაირად არ შემიძლია.

- მას შემდეგ რაც ბატონი ცოტნე მკურნალობას გადის, ყველაზე მძიმედ რომელი პერიოდი გახსენდებათ...

- ძალიან ბევრი უმძიმესი პერიოდი გვქონდა. ცოტნეს გადარჩენაც კი სასწაული იყო, იმდენად ბევრი და მძიმე დაზიანება ჰქონდა მიყენებული რამდენიმე ადგილას. შიშით ვიხსენებ იმ პერიოდს, როცა მეტად სახიფათო დიაგნოზთა და გართულებათა მთელი წყებით თურქეთის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იწვა. მართლაც შეუძლებელი შეძლეს მაშინ თურქმა ექიმებმა. იყო სხვა რთული პერიოდებიც, მაგრამ ყველაზე მძიმედ მაინც მოულოდნელად თავს დატეხილი, დაუსრულებელი და უმძიმესი ეპილეფსიური სტატუსი მახსენდება, რომელმაც წყალში ჩაგვიყარა 15 თვის რეაბილიტაცია.

ერთ ეპიზოდს გავიხსენებ ამასთან დაკავშირებით. იმ პერიოდში ვმკურნალობდით, უნას ჰოსპიტლის ნეირორეაბილიტაციის განყოფილებაში. როდესაც ეპილეფსიური სტატუსი დამძიმდა და ვერ მოხდა მისი შეკავება, დღის წესრიგში დადგა ცოტნეს სპეციალიზებულ კლინიკაში სასწრაფო გადაყვანის საჭიროება. დრო კათოლიკურ აღდგომასა და იმ დღეს დაწყებულ ხუთდღიან სადღესასწაულო საყოველთაო დასვენებას დაემთხვა, რომლის დროსაც კლინიკის გამოცვლა ადვილი არ არის. მითუმეტეს წინასწარი გადახდა და ბიუროკრატიული საფეხურებია გასავლელი. ჩვენი საელჩოს ჩართულობის მიუხედავად, 30-მდე სპეციალიზებულმა დაწესებულებამ უარი გვითხრა დაუყოვნებელ მიღებაზე. არადა, დრო აღარ ითმენდა. სასოწარკვეთილი ინტერნეტში 31-ე ცენტრს რომ ვეძებდი, შემთხვევით წავაწყდი ეპილეფსიის ცენტრის დირექტორს გვარად გორჯი.

გამახსენდა, რომ გორჯი ქართველს ნიშნავს ირანულად და შესაძლო სისხლის ყივილის იმედად საელჩოს მასთან დავარეკვა ვთხოვე. იმედი გამართლდა - ბატონი გორჯი ქართული ფესვების ირანელი აღმოჩნდა და წინასწარი გადასახადის და ყოველგვარი ბიუროკრატიული საფეხურების გავლის გარეშე, სადღესასწაულო შვებულების მიუხედავად და იმის მიუხედავად, რომ გერმანიაში ასეთ გამონაკლისებს თითქმის არ უშვებენ, იმ დღესვე გადაგვიყვანა სპეციალიზებულ კლინიკაში, რითაც ცოტნეს სიცოცხლე კიდევ ერთხელ გადაარჩინა.

- ამ თვეების განმავლობაში ჩანს, რომ მხარში გიდგანან ცოტნეს ძმები...

- დიახ, გიორგის და კონსტანტინეს გარეშე, მე და ცოტნე ნამდვილად ვერ გავუძლებდით ამდენ უმძიმეს გამოცდას. ასეთი ძმობა, რომელსაც ისინი ცოტნეს უწევენ, არც მინახავს და არც გამიგია. ორი წელია ყოველდღიურ რეჟიმში არიან ჩართული ყოველ წვრილმანში. ყველა წარმოქმნილ პრობლემას ისინი გვიგვარებენ. საოცარი ინტუიცია განუვითარდათ ცოტნესთან დაკავშირებით, თითქოს წინასწარ იციან დღეს რა გაგვიჭირდა და ხვალ რა დაგვჭირდება. მფარველი ანგელოზებივით არიან, მოკლედ... სიყვარულის გარდა, ორი ძალიან მნიშვნელოვანი რამ გვაძლიერებს ამ საერთო განსაცდელში მე და ცოტნეს ძმებს - დაუშრეტელი ოპტიმიზმი და რწმენა ცოტნეს გამოჯანმრთელებისა, და მძიმე პერიოდებში ავტომატურად ჩართული ერთმანეთის გამხნევების უნარი…