ავტორი:

"22 წლის ასაკში ლეიკემიამ ცხოვრება თავდაყირა დამიყენა... კლინიკიდან სხვა ადამიანი გამოვედი" - 28 წლის დეპუტატის ორი გამარჯვება და გზა ფეხბურთიდან პოლიტიკამდე

"22 წლის ასაკში ლეიკემიამ ცხოვრება თავდაყირა დამიყენა... კლინიკიდან სხვა ადამიანი გამოვედი" - 28 წლის დეპუტატის ორი გამარჯვება და გზა ფეხბურთიდან პოლიტიკამდე

"ერთი სული მაქვს, ძალიან აქტიურად ჩავერთო საქმიანობაში და ზუსტად ვიცი, რა ნაბიჯები უნდა გადავდგა" - ამბობს კოტე ზარნაძე, რომელიც დღეიდან უკვე ოფიციალურად შეუდგება მაჟორიტარის საქმიანობას რაიონში, რომელთანაც ყველაფერი მნიშვნელოვანი აკავშირებს. დიდი სურვილი აქვს და სჯერა, აუცილებლად დაამტკიცებს იმას, რომ ღირსი იყო გლდანის რაიონის მოსახლეობის ნდობა დაემსახურებინა.

"ვინაიდან, იმ გზაზე დავდექი, რასაც პოლიტიკის კეთება ჰქვია, არ ვაპირებ ამ პოზიციაზე გაჩერებას. გლდანიდან დაიწყო ჩემი წარმატება და მინდა, წინ ვიარო, დავამტკიცებ, რომ შემიძლია ბევრი რამ გავაკეთო ჩემი ქალაქისთვის და რაიონისთვის. ვოცნებობ, მეტად განვვითარდე და გლდანის მაცხოვრებლებს ღირსეული წარმომადგენელი ჰყავდეს ჩემი სახით", - გვეუბნება 28 წლის რესპოდენტი, რომელიც ბავშვობიდან საფეხბურთო კარიერაზე ოცნებობდა, საქართველოს ნაკრების პარალელურად, ლატვიის უმაღლეს ლიგაში თამაშობდა და დიდ სპორტულ მომავალსაც უწინასწარმეტყველებდნენ.

თუმცა 22 წლის ასაკში მოხდა ის, რამაც ყველაფერი თავდაყირა დააყენა და ახალგაზრდა იურისტის ცხოვრების მიმართულებაც შეცვალა. იმაში, რომ დღეს ცოცხალი და ჯანმრთელია, თბილისის მერს კახა კალაძეს უმადლის, რომელმაც მის გადარჩენაში დიდი წვლილი შეიტანა. შემდეგ, მათი გზები ისევ გადაიკვეთა და ამბობს, რომ ახლა მისი ჯერია, ცდილობს სიკეთეს სიკეთით უპასუხოს და ნდობას, რომელიც თბილისის მერმა გამოუცხადა, აუცილებლად გაამართლებს.

  • ბავშვობა

გლდანში დავიბადე და გავიზარდე. დედ-მამა ერთ სკოლაში დადიოდა და ერთ კორპუსში ცხოვრობდა. იმის მიუხედავად, რომ ჩაბნელებული რაიონი, უბანი და ქვეყანა გვქონდა, მაინც კარგად მახსენდება ის სიყვარულით სავსე წლები, ბედნიერი ბავშვობა. მეზობლების კარი არ იკეტებოდა. მისვლა-მოსვლა იყო ერთმანეთში. მთაწმინდაზე ვსწავლობდი, 47-ე სკოლაში. დედაც ამ სკოლაში იყო პედაგოგი და დღემდე ასწავლის ქიმიას. 6 წლის ვიყავი, ფეხბურთზე რომ შემიყვანეს, დიღომში, კლუბ "ოლიმპიკში" ვვარჯიშობდი.

კარგად ვთამაშობდი და ახალგაზრდა ნაკრებშიც მოვხვდი, სადაც გიორგი დევდარიანი იყო მწვრთნელი. იქიდან წამიყვანეს ლატვიაში, იყო ასეთი უმაღლესი ლიგის გუნდი "ოლიმპსი" და ალექსანდრე რეხვიაშვილი გახდა ჩემი მენეჯერი. საქართველოს ნაკრებში თამაშის პარალელურად ვთამაშობდი ლატვიის უმაღლეს ლიგაში, 50-მდე თამაში მაქვს ჩატარებული. მანამდე რთული წლები გავიარე, 13 წლის ვიყავი, მამა რომ გარდამეცვალა და მე და დედას მარტოს მოგვიწია ცხოვრებისეულ პრობლემებთან გამკლავება. საქართველოს უმაღლეს ლიგაშიც ვთამაშობდი, საკმაოდ კარგად მიდიოდა ჩემი კარიერა. 20 წლის ასაკში მოვიყვანე ცოლი, 2 პატარა გოგონა გვეყოლა - მარიამი და ბარბარე. როცა მეგონა, ყველაფერი კარგად აეწყო, ჩემი ცხოვრება თავდაყირა დადგა...

  • "კლინიკიდან სხვა ადამიანი გამოვედი"

22 წლის ასაკში დამიდგინდა ძალიან რთული დაავადება, რომელთან გამკლავებაც კეთილი ადამიანების გვერდზე დგომით მოვახერხე. ერთი წელიწადი თურქეთში ვიმკურნალე და შედარებით მარტივად "გამოვძვერი". დაავადების გამო მომიწია ცხოვრებისეული ნაბიჯების შეცვლა, ამის შემდეგ გადავაფასე ღირებულებები, მივხვდი, რომ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრობა, ურთიერთობები, ყოველდღიური პრობლემები კი უმნიშვნელოა. ნამდვილი პრობლემები თურმე სულ სხვა რამ ყოფილა. კლინიკიდან სხვა ადამიანი გამოვედი, სულ სხვა აზრებით და შეხედულებებით.

მინდა მოვუწოდო ლეიკემიით დაავადებულ ადამიანებს, ვინც დღეს მსგავს სიტუაციაშია, რომ ლეიკემია ჩვეულებრივ ცხოვრებისეულ მომენტად ჩათვალონ, ამ დროს დაძაბულობა და ნერვიულობა ადამიანს თრგუნავს და გამოჯანმრთელების ტემპს აფერხებს. მე პირადად, რა ძალაც იქამდე არ მქონდა, ყველა ერთბაშად მომივიდა, სიცოცხლე იმაზე მეტად შემიყვარდა, ვიდრე მანამდე მიყვარდა. ამასთან, მყავდა შვილები და მათთვის უნდა მებრძოლა, ვერ ვაძლევდი თავს იმის უფლებას, მოვდუნებულიყავი და ფარ-ხმალი დამეყარა, ვიყავი ძალიან მედგრად. ჩემს გარშემო მყოფები უფრო იყვნენ დათრგუნულები და იქეთ ვამხნევებდი. არ მქონდა დანებების უფლება და ამან ისე გამომიმუშავა ხასიათიც, რომ წაგება და დანებება არ უნდა დამეშვა. ბრძოლისუნარიანობა ალბათ, სპორტმაც გამომიმუშავა...

  • კახას მადლობის წერილი მივწერე

სკოლის დამთავრება ლატვიაში მომიწია, პირველი კლასიკური გიმნაზია ერქვა და იქვე ჩავაბარე აკადემიაში იურიდიული მიმართულებით. ფეხბურთის თამაშთან ერთად ვსწავლობდი. შემდეგ დავამთავრე მაგისტრატურა საჯარო სამართლის მიმართულებით. ჩემი პირველი სამსახური იყო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური. მივხვდი, რომ საგამოძიებო მიმართულება არ იყო ჩემი მოწოდება და 2017 წელს, როცა თბილისის მერობის არჩევნებზე კახა კალაძემ დააყენა კანდიდატურა, ავდექი და მივწერე. მანამდე გეტყვით, რომ როცა ლეიკემია აღმომაჩნდა, კახა ძალიან დამეხმარა. ამ ადამიანს საერთოდ არ ვიცნობდი, როგორც ყოფილი ფეხბურთელი ფეხბურთელს, ისე დამეხმარა. ასევე ჩემს გამოჯანმრთელებაში წვლილი მიუძღვის ლევან კობიაშვილსაც.

კახას პირდაპირ მივწერე მადლობა - როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა, მაშინ დამიდექით გვერდით, ახლა ჩემი ჯერია, გლდანში ბევრ ადამიანს ვიცნობ და რითაც შემიძლია, დაგეხმარებით-მეთქი. საერთოდ არ ვფიქრობდი, რომ ჩვენი ურთიერთობა ასე განვითარდებოდა. მოკლედ, მერის არჩევნებში აქტიურად ჩავერთე. როცა კახა მერი გახდა, თვითონ დამიძახა და მერიაში მუშაობა შემომთავაზა. იმ პერიოდში ეს ჩემთვის ხსნა იყო იმიტომ, რომ არ მინდოდა საპოლიციო სისტემაში ყოფნა. გავიარე კონკურსები და მერიაში უსაფრთხოების მონიტორინგის განყოფილების უფროსად დავიწყე მუშაობა, რამაც დიდი გამოცდილება შემძინა. შემდეგ გადმოვედი გლდანის გამგებლის მოადგილის პოზიციაზე, ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის მიმართულებით. გარდა იმისა, რომ ეს რაიონი ძალიან მიყვარდა და მიყვარს, მისი თითოეული ქუჩის პრობლემა და მათი გადაჭრის გზები ვისწავლე. კარგად მოვახერხე ადაპტირება და თავიდან ბოლომდე ჩავერთე ამ პროცესში.

  • "ამ გამარჯვებამ უფრო თავდაჯერებული გამხადა"

ერთ დღეს, კონტრაქტორ მშენებელ კომპანიასთან შესახვედრად მივდიოდი მუხიანში (სკვერებს, პარკებს და საგზაო მიმართულებას ვკურირებდი) და გზაში კახამ დამირეკა, ძალიან გამიკვირდა. მითხრა, გადავწყვიტეთ, გლდანის რაიონში დაგაყენოთ დეპუტატობის კანდიდატად და შეძლებ, ამხელა რაიონს გაუძღვეო? ეს ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო, მანქანა გავაჩერე, ვერაფერი მოვიფიქრე და ბოლოს ის ვუთხარი, თქვენთან ერთად შევძლებ-მეთქი. სულ მინდოდა და ვფიქრობდი, რისი გაკეთება შემეძლო ჩემი რაიონისთვის და ჩემი ქვეყნისთვის, ამისთვის ნამდვილად ვიყავი მზად, ვიცოდი, ადრე, თუ გვიან, ეს პერიოდი დამიდგებოდა, მაგრამ ასე სწრაფად თუ მოხდებოდა, არ მეგონა. ამხელა რაიონში დეპუტატობის კანდიდატად დაყენება დიდ ნდობასთან არის დაკავშირებული. მთელი საარჩევნო კამპანიის პერიოდში ვფიქრობდი იმას, რომ კახასთვის იმედი არ გამეცრუებინა.

მოგეხსენებათ, გლდანის რაიონი, თავისი მასშტაბიდან გამომდინარე, ერთ-ერთი ყველაზე რთული რაიონია, იქ ყველას თავის ენაზე უნდა დალაპარაკება, ყველას პრობლემა უნდა იცოდე. მერე აქტიური საარჩევნო კამპანია დაიწყო. უნდა ვაღიარო, ოპოზიციამ გლდანში 2 ძლიერი კანდიდატურა დააყენა - გაერთიანებულმა ოპოზიციამ ელენე ხოშტარია, გიორგი გახარიამ - ნათია მეზვრიშვილი. თავიდან ყველა სკეპტიკურად უყურებდა ჩვენს გამარჯვებას, ალბათ ფიქრობდნენ, ახალგაზრდა და გამოუცდელიაო, მაგრამ ჩვენს გუნდთან ერთად შევძელი გამარჯვება, 8500 ხმით მოვუგე ელენეს.

ეს ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება იყო და ამან უფრო თავდაჯერებული გამხადა. ერთი სული მაქვს, ძალიან აქტიურად ჩავერთო საქმიანობაში და ზუსტად ვიცი, რა ნაბიჯები უნდა გადავდგა. ადამიანებისგან ხშირად მსმენოდა, ახლა შენ მოდიხარ, შენ გჭირდება მხარდაჭერა, მოხვალ პოლიტიკაში და მერე ვინღა გიპოვისო. დღემდე მაქვს იმის განცდა, რომ მოქალაქეებსა და ხელისუფლებას შორის ეს ცუდი და სკეპტიკური დამოკიდებულება მაქსიმალურად მინიმუმამდე დავიყვანო, რის საშუალებასაც მომცემს ჩემი მდგომარეობა, დრო და დანარჩენი. ცხადია, ყველასთან ვერ მიხვალ, ვერ დაელაპარაკები, ფიზიკურად ამის დრო არ გეყოფა, დღევანდელი თანამედროვე ეპოქა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მისვლის გარეშე გავცვალოთ ინფორმაციები, მაგ. სოციალურ ქსელში, სადაც მწერენ, პასუხს ვცემ, რაც საქმეს მიმარტივებს, მაქვს შეხვედრებიც და მინდა, რომ მათი მოთხოვნების მაქსიმალურად დაკმაყოფილება შევძლო.

  • მე და ჩემი ოჯახი

ჩემი მეუღლეც გლდანელია, მე ხომ ყველაფერი მნიშვნელოვანი გლდანთან მაკავშირებს... სანდრა გვერდზე კორპუსში ცხოვრობდა, მეგობრების წრეში გავიცანით ერთმანეთი, 5-6 წელი ვიყავით შეყვარებულები. მერე, როცა ლატვიაში წავედი, დისტანციურად, სკაიპით ვურთიერთობდით. 20 წლის და ძალიან გამოუცდელები ვიყავით, როცა შევუღლდით. ორ წელიწადში შემექმნა ჯანმრთელობის პრობლემა, რაც ერთად გადავლახეთ და ამან მეტი ძალა შეგვმატა. მეც და სანდრაც 1993 წლიანები ვართ. ზოგადად, ადრეულ ასაკში ქორწინება ბევრ წინაღობასთან არის დაკავშირებული, ამას სირთულეები ახლავს და თუ გადალახე, მერე მყარდება ურთიერთობა. ჩვენ ერთად ვიზრდებით...

ერთწლიანი მკურნალობის შემდეგ, იქიდან უფრო ძლიერი გამოვედი, უფრო მყარად დავდექი ფეხზე. მეუღლე უნდა აგყვეს და ვფიქრობ, სანდრა რაღაც დონეზე ამყვა და ძალიან დამეხმარა. სანდრამ სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი დაამთავრა, მაგრამ, ბავშვები იმდენად მიეკრნენ დედას, სამწუხაროდ, ვერ მუშაობს. რადგან ბავშვები უკვე წამოიზარდნენ, მეუღლეს ვეუბნები, როგორმე დაიწყოს მუშაობა და რეალიზდეს. მარიამი და ბარბარე ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან, დადიან ცეკვაზე, სოლფეჯიოზე, საკმაოდ დატვირთული და რთული რეჟიმი აქვთ.

მინდა, არა მარტო საქმეზე ვიყო ორიენტირებული, ბავშვების განვითარებაზეც მაქსიმალურად ვიზრუნო. ძალიან ბევრი მაქვს დასამტკიცებელი ჩემს საქმეში, რთული რეჟიმი კი მაქვს, მაგრამ აუცილებლად დავამტკიცებ იმას, რომ ღირსი ვიყავი, გლდანის რაიონის მოსახლეობის ნდობა დამემსახურებინა.

მოსახლეობასთან შეხვედრის დროს სულ ვამბობ, რომ არც ერთი თანამდებობა არ მიღირს იმად, ხვალ და ზეგ ვინმესთვის თვალებში შეხედვის მომერიდოს. ჩემში ძალიან მომწონს ის, რომ მიზანდასახული ვარ, მაგრამ ბევრი უარყოფითი თვისებაც მაქვს, მთლად კარგი ხასიათი არ მაქვს, ცოტა სიმძიმეს ვუჩივი (იცინის), მაგრამ როცა საქმეს ეხება, ხასიათს ყოველთვის გვერდზე ვდებ და ვცდილობ, უარყოფითი თვისებები ჩემში ჩავკლა.

ვინაიდან იმ გზაზე დავდექი, რასაც პოლიტიკის კეთება ჰქვია, არ ვაპირებ ამ პოზიციაზე გაჩერებას. გლდანიდან დაიწყო ჩემი წარმატება და მინდა წინ ვიარო, დავამტკიცებ, რომ შემიძლია ბევრი რამ გავაკეთო ჩემი ქალაქისთვის და რაიონისთვის. ვოცნებობ, მეტად განვვითარდე და გლდანის მაცხოვრებლებს ღირსეული წარმომადგენელი ჰყავდეს ჩემი სახით.