ავტორი:

პირები, რომლებიც შსს-მ "მღვდელოვიჩთან" და "ბოთესთან" ერთად დააკავა, რუსთაველმა მოსამართლემ გირაოთი გაათავისუფლა

პირები, რომლებიც შსს-მ "მღვდელოვიჩთან" და "ბოთესთან" ერთად დააკავა, რუსთაველმა მოსამართლემ გირაოთი გაათავისუფლა

მიმდინარე წლის ზაფხულში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად, ქურდული სამყაროს კავშირისთვის დაკავებული პირების ნაწილი რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკატერინე პართენიშვილმა დარბაზიდან გაათავისუფლა.

საუბარია პირებზე, რომლებიც ცნობილ "კანონიერ ქურდებთან" "მღვდელოვიჩთან", "წიწაკასთან" და "ბოთესთან" ერთად დააკავეს. ისინი სხვადასხვა სახის ე.წ. ქურდულ შეკრებებში მონაწილეობდნენ.

მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი

მოსამართლემ დაკავებულებს გირაო შეუფარდა და 15 დეკემბერს გაათავისუფლა. უცნობია, რა არგუმენტს ემყარებოდა რუსთაველი მოსამართლის გადაწყვეტილება.

გათავისუფლებულები არიან ხმაურიანი სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ხუთი პირი: ს.მ., ლ. ტ. , ლ. ვ., მ.ფ. და გ. ბ

როგორც ცნობილია ბრალდებულები რუსთავში, სპეციალურად მოწყობილ სარდაფში გამართულ კრიმინალურ გარჩევებში მონაწილეობდნენ. ასევე ცნობილია რომ სწორედ ამ სარდაფში ხდებოდა წარსულში მრავალგზის ნასამართლევი პირების მიერ კრიმინალურ გარჩევები, და აქვე აორგანიზებდნენ სხვადასხვა სახის დანაშაულებრივ ქმედებებს.

მასშტაბური სპეცოპერაცია, რომლის ფარგლებშიც 27 პირი დააკავეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის რუსთავის რაიონული პროკურატურის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის ზაფხულში, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჩაატარეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულების დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად 100-ზე მეტი მოქალაქე დაზარალდა. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ექვსთვიანი კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად გაირკვა, რომ დაკავებულები სისტემატურად აწყობდნენ „ქურდულ გარჩევებს“, ახდენდნენ სხვადასხვა დანაშაულის დაორგანიზებას ფინანსური სარგებელის, კრიმინალური ძალაუფლების მოპოვებისთვის და ამ მიზნით მოქალაქეებს ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ, მათ შორის ე.წ. ქურდული გარჩევებისთვის სპეციალურად მოწყობილ სარდაფშიც.

აღნიშნული დასტურდება ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის დაკავებულების დიალოგების აუდიოჩანაწერებითაც, სადაც ისმის რომ დაკავებულები აგროვებდნენ ე.წ. ობშიაკს, ასევე კავშირი ჰქონდათ საზღვარგარეთ მყოფ სხვადასხვა კანონიერ ქურდებთანაც.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილმა ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის დაკავებული პირები დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სწორედ აღნიშნულმა მოსამართლემ გაათავისუფლა 2019 წელს დაკავებული 10 პირი, რომლებსაც გამოძიება ასევე ქურდულ სამყაროსთან კავშირს ედავებოდა.

ნახეთ "კანონიერი ქურდების" ფარული ჩანაწერები, რომელიც შსს-მ ზაფხულში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ გაასაჯაროვა: