ავტორი:

"შეწყალების საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტი სიტუაციას საკმაოდ ადეკვატურად აფასებს და პრინციპში არაფერი გამოურიცხავს" - დავით ბაქრაძე

"შეწყალების საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტი სიტუაციას საკმაოდ ადეკვატურად აფასებს და პრინციპში არაფერი  გამოურიცხავს" - დავით ბაქრაძე

დამოუკიდებელი დეპუტატის, დავით ბაქრაძის აზრით, შერიგებისკენ რეალური ნაბიჯი ვერ გადაიდგმება იქამდე, ვიდრე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროშია.

როგორც ბაქრაძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, შერიგების პროცესში, რომელიც პრეზიდენტის ინიციატივით მიმდინარეობს, ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური დევნის საკითხი უნდა იყოს, რაზეც სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე თავადაც გაამახვილა ყურადღება.

რაც შეეხება კითხვას, რა პოზიცია ჰქონდა პრეზიდენტს სააკაშვილის შეწყალების საკითხთან დაკავშირებით, ბაქრაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი "სიტუაციას საკმაოდ ადეკვატურად აფასებს და პრინციპში არაფერი გამოურიცხავს“.

"ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის პოლიტიკური დევნის საკითხი. სანამ ყველა ჩვენგანს მხრებზე გვაქვს ის უზარმაზარი მორალური ტვირთი, რასაც ჰქვია საქართველოში პოლიტიკური პატიმრების არსებობა, რასაც კონკრეტულად ჰქვია საქართველოში დაპატიმრებული მესამე პრეზიდენტის ყოფნა, ასეთ პირობებში, ბუნებრივია, რეალური ნაბიჯები თანხმობისკენ და მითუმეტეს შერიგებისკენ ვერ გადაიდგმება, ამიტომ ეს წინაპირობა არ არის, მოცემულობაა, რომელიც უნდა შევცვალოთ.

როგორ წარმოგიდგენიათ ეროვნული თანხმობა, სადაც არ მონაწილეობს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია და როგორ წარმოგიდგენიათ, რომ "ნაციონალური მოძრაობა“ აღწევს შეთანხმებას პრინციპებზე "ქართულ ოცნებასთან“ ისე, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ დროს ციხეშია, მოდით რეალისტები ვიყოთ, ეს ხომ წარმოუდგენელია.

რაც შეეხება პრეზიდენტის პოზიციას შეწყალებასთან დაკავშირებით, არასწორი იქნება ჩემგან რაღაც დეტალების გამოტანა პრეზიდენტის პოზიციასთან დაკავშირებით, ეს მან უნდა გააკეთოს, მაგრამ ვიტყვი, რომ პრეზიდენტი სიტუაციას საკმაოდ ადეკვატურად აფასებს და პრინციპში არაფერი გამოურიცხავს, გულწრფელი საუბარი გვქონდა. არც ზედმეტი ოპტიმიზმი მინდა და არც ზედმეტი მოლოდინების გაჩენა. ზოგისგან გამიგია, რომ ხავს ეჭიდებით? დიახ, ხავსსაც უნდა მოეჭიდო, ბალახსაც უნდა მოეჭიდო, როცა ქვეყანა ასეთ კრიზისშია შესული. ყველა შანსი უნდა გამოიყენო, რომ კრიზისიდან გამოიყვანო და ხალხს დაანახო, ვის აწუხებს ქვეყნის მდგომარეობა და ვის არ აწუხებს. ასე ხდება ხელისუფლების შეცვლა, როცა ხალხი რწმუნდება, რომ ხელისუფლება ცუდია. აბა სხვანაირად როგორ უნდა დაარწმუნო? საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ ამ ქვეყანას ჰყავს პასუხისმგებლობიანი ოპოზიცია, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანა ჩიხიდან გამოვიდეს და უპასუხისმგებლო ხელისუფლება, რომლისთვისაც საკუთარი სკამის იქეთ არაფერი არ არსებობს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.