ავტორი:

"სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე გავდივარ..." - როგორია ქართველი ექსპერტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც აშშ-ში უმძიმეს ავარიაში მოჰყვა: დის კომენტარი

"სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე გავდივარ..." - როგორია ქართველი ექსპერტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც აშშ-ში უმძიმეს ავარიაში მოჰყვა: დის კომენტარი

ეკონომიკის ექსპერტი, პროფესორი, სტუდენტების საყვარელი ლექტორი გიორგი მიქანაძე, რომელიც ამ რამდენიმე წლის წინ, "პალიტრანიუსის“ წამყვანიც იყო, ამერიკაში ავარიაში მოყვა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად დაწერა. როგორც გაირკვა, ის იქ სასწავლო ვიზით 2019 წლიდან იმყოფება.

"ჩემო ძვირფასებო, დიდი განსაცდელის წინაშე აღმოვჩნდი. უბრალოდ, ბევრი ძვირფასი და საყურადღებო ადამიანი მწერს და თავს ძალა უნდა დავატანო, 2 სიტყვა ვთქვა ყველასთვის. სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე გავდივარ. ის გიორგი, რომელსაც იცნობდით, აღარაა. არ ვიცი, თუ იქნება და რა გამოვა ახალი გიორგისგან.

გაჭედილი ვარ პარალელურ სამყაროებში და სხვანაირად აღვიქვამ ყველაფერს. ზოგიერთი ადამიანი კი მიხვდება ამას. ძალიან ძლიერ ავარიაში, უშანსო ავარიაში მოვყევი. უმძიმესი ტრავმები, უმძიმესი ოპერაციები, მოტეხილი ყველა ძვალი, კომა და მერე საშინელება. რაც მოჰყვება ამ ყველაფერს.

ადამიანი არის ზღვა შესაძლებლობების, ასეთ დროს უბრალოდ იპობი შუაზე და ეს ძვირფასი კოლბა იპნევა. 2 გზაა ან ეს ნამცეცები განადგურდეს უსუსურობისგან, ან თითოეულმა ისევ განიცადოს მეტამორფოზა და კიდევ უფრო მეტი ძლევამოსილებით ჩამოყალიბდეს.

ღმერთმა, აბსოლუტურად, ყველაფერი მომცა ცხოვრებაში. ძალიან მარტივად და ჩქარ-ჩქარა ვნახე ბევრი რამ. გენიალური ადამიანები და ყველაფერი, რაც მინდოდა, საინტერესო ცხოვრებისთვის.

ამერიკაში კიდევ განათლებისთვის წამოვედი, ახალი თავგადასავლების და გამოწვევებისთვის. ამ პერიოდში რამდენჯერმე უკვე ახლიდან ავაწყვე ცხოვრება და ახლა კიდევ ეს რეალობა, რომლის აღქმაც ძალიან მიჭირს.

არ ვიცი, არადა, მქონდა ყველაფერი. ხშირად მიფიქრია, გურიაში ხომ არ ჯობდა ჩემი ბაღჩა-ბოსტანი და უბრალო ცხოვრებით მეცხოვრა. რაც აქ ბევრი ვნახე წარმატებულ ხალხში. უკიდეგანო ცა ვარსკვლავებით მოჭედილი და მილიარდი ჩიტის ერთად ჭიკჭიკი. არც ახლა ვიცი პასუხი. ბევრი რამ ვნახე და განვიცადე ცხოვრებაში, ბოლოს ხშირად ვფიქრობდი და განვიცდიდი - what's next?!

ჰოდა, - აი... აბა, ვნახოთ რა იქნება? მე პოსტებს ვერ დავდებ ცოტა ხანს ძალიან უძლური ვარ. 2 დღეა, ვცდილობ რაღაცის დაწერას. რამხელა ძალა ნდომებია ყველაფერს თურმე.

ვერ ვპასუხობ მოწერილებს, მაგრამ თითოეულ თქვენგანს დიდი მადლობა, ასევე არ ვიცი, მერე თუ ვნახავ და მომინდება გახსენება. ზემოთ იწერება მადლიერება. დიდი მადლობა ყველას და ბოდიში შეწუხებისთვის. ჯვარი გეწეროთ და ღმერთმა დაგიფაროთ ასეთი მძიმე განსაცდელებისგან. მე 5-ჯერ მოვკვდი ამ დღეებში და ეს ყველაფერი განიცადა და იცის ჩემმა ცნობიერმა“, - წერს გიორგი და ორ ადამიანს განსაკუთრებულ მადლობს უხდის.

"ეს ორი ადამიანია ჩვეულებრივი ანგელოზი, ფრთიანი, მათ გადამარჩინეს დღემდე, ჩვეულებრივად. რაც მე მახსოვს. გონება ძალიან არეულია და არ აღვიქვამ თავს გადარჩენილად მაინც. იცოდეთ მაინც, როგორ გამოიყურებიან ანგელოზები. დავით პიტიურიშვილი და გვანცა ხულუზაური - ჩემი ძველი სტუდენტები. ჩამომაკითხეს, ღამეები მითიეს და გაუძლეს ჩემს საშინელებებს“.

ambebi.ge გიორგი მიქანაძის დას თამთა მიქანაძეს დაუკავშირდა:

- ეს ინფორმაცია ჩვენთვის შოკი იყო... გიორგი საჭესთან იჯდა და მეორე მანქანას დაეჯახა, ოღონდ, რა ვითარებაში, არ ვიცით. მის გარდა არავინ დაშავებულა, მანქანაში მარტო იჯდა. თავი და ხერხემალი გადაურჩა, თუმცა ძლიერად დაშავდა, უამრავი მოტეხილობა აქვს... ტკივილების გამო უჭირს ძალიან და რამდენიმე თვე ექნება მოძრაობის შეზღუდვა... უკვე ერთი კვირაა, რაც ეს ამბავი მოხდა.

- ამერიკაში როდის გაემგზავრა?

- 2019 წელიდან იქ არის. რაც წავიდა, არ ჩამოსულა, სასწავლებლად წავიდა, - თავისი სფეროს, მენეჯმენტის მიმართულებით... სასწავლო ვიზა აქვს. ცხოვრობს ნიუ იორკში, ავარია ოჰაიოს შტატში მოხდა.

- დაზღვევა ჰქონდა?

- კიდევ კარგი, ჰქონდა, თორემ რა აუვიდოდა იმ თანხებს. თან, ისე დაემთხვა, ავარია ისეთ ადგილას მოხდა, რომ ახლოს ტრავმატოლოგიური კლინიკა აღმოჩნდა, რომელიც გამოცდილი ქირურგებითაა ცნობილი.

- ესაუბრეთ გიორგის?

- კი, ძლიერ გამაყუჩებლებზეა და ამის გამო ხშირად გაბრუებულია - დროსთან და რეალობასთან აცდენა აქვს, არეულ-დარეულია...

- რას ეუბნებიან, რამდენ ხანში შეძლებს გავლას?

- ჯერ 8-12 კვირა არ უნდა გაინძრეს, შემდგომ გააჩნია კიდევ მის მდგომარეობას, ორგანიზმი როგორ მოერევა ამ ყველაფერს... 2 დღე უკეთებდნენ ოპერაციებს. მრავლობითი ოპერაცია დასჭირდა... სხვადასხვა კიდურზე და სხვადასხვანაირად.

  • ambebi.ge გიორგის გამოჯანმრთელებას უსურვებს!