ავტორი:

სწავლა ლონდონში, ბრძოლა ჭარბ წონასთან და პარლამენტარობა "მემკვიდრეობით" - რა ქონებას ფლობს კალაძის ოჯახთან დაახლოებული დეპუტატი ბაია კვიციანი?

სწავლა ლონდონში, ბრძოლა ჭარბ წონასთან და პარლამენტარობა "მემკვიდრეობით" - რა ქონებას ფლობს კალაძის ოჯახთან დაახლოებული დეპუტატი ბაია კვიციანი?

ბაია (ხათუნა) კვიციანისთვის ბოლო მოწვევის პარლამენტში დეპუტატის სავარძელი მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც "ქართული ოცნების“ დეპუტატი მარიამ ქვრივიშვილი აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადავიდა და ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას მოადგილედ დაინიშნა.

როგორც ამბობენ, ბაია კვიციანი "ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში კახა კალაძის კვოტით მოხვდა. ბაიას და მაკა კვიციანი 15 წელზე მეტია, რაც მის მეუღლესთან ანუკი არეშიძესთან მეგობრობს.

დები კვიციანების მამა ორი მოწვევის პარლამენტარი და მდიდარი ბიზნესმენი კანდიდ კვიციანი გახლავთ, რომელიც პარლამენტში პირველად 1990 წელს, მეორედ კი 2008 წელს მოხვდა. კანდიდ კვიციანი მესტიის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი იყო და პოლიტიკური ბლოკის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის" რიგებში ირიცხებოდა.

მამასთან ერთად

დებ კვიციანებს ქართული ელიტა წლებია იცნობს, ცნობილია ასევე მათი დედა დიზაინერი ნანა შუკვანი. დებ კვიციანებს უმცროსი ძმა, კოკა კვიციანი ჰყავთ, რომელიც საზოგადოებრივი აქტიურობით არ გამოირჩევა.

პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ბაია კვიციანი ოჯახური ბიზნესის "დალოოდის" გენერალური დირექტორია. ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე დიდი მაღაზია, ტანსაცმლის ხაზთან ერთად, აერთიანებს სხვადასხვა არტისტებთან და ბრენდებთან კოლაბორაციით შექმნილ ნივთებსა და ნამუშევრებს.

35 წლის პარლამენტარს ჰყავს მეუღლე გიორგი ანთაძე და ერთი შვილი, გაბრიელი, რომელიც 2015 წელს დიდ ბრიტანეთში დაიბადა. წყვილმა 2013 წელს იქორწინა და გრანდიოზული ქორწილი თბილისის ზღვის კლუბში გადაიხადა.

ქორწილს ესწრებოდნენ: ირაკლი ალასანია, მეუღლესთან ერთად, ინგა გრიგოლია, ნინო არაზაშვილი და ა.შ.

  • ბაია კვიციანის ქონებრივი დეკლარაცია

როგორც დეპუტატის დეკლარაციიდან გავარკვიეთ, მის სახელზეა რეგისტირებული ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე კომერციული ფართის 50%, რომელიც ჩუქებით გადაეცა და დედასთან ერთად ფლობს.

მის სახელზეა ასევე 164,18 კვ.მ. ბინა თბილისში ძმებ კაკაბაძეების ქუჩაზე, რომელიც 2014 წელს ასევე აჩუქეს.

დეპუტატის მეუღლემ, გიორგი ანთაძემ 2016 წელს 63 300 დოლარად ღირებული ავტომანქანა Range Rover Sport ავტოლიზინგით შეიძინა.

დეკლარაციის შევსებისას, ბაია კვიციანს "საქართველოს ბანკის" ბარათზე 2343 ლარი ჰქონდა, მის მეუღლეს კი ანგარიშებზე ერიცხებოდა: 10 800,27 ლარი, 50,77 დოლარი და 5,54 ევრო.

ბაია კვიციანი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "შპს მუხბე საქართველოს“ დირექტორია, მისი პარტნიორი დედა, ნანა შუკვანი გახლავთ. დეპუტატი "შპს ედუკო საქართველოს“ 100%-იან წილსაც ფლობს.

ბაია კვიციანს დეკლარაციაში არ აქვს მითითებული მეუღლის ამჟამინდელი საქმიანობა.

პროფესიით ხელოვნებათმცოდნემ მოგვიანებით სწავლა ლონდონში განაგრძო და ევროპული ბიზნეს სკოლის ადამიანური რესურსების მართვის მაგისტრის ხარისხი მოიპოვა.

რამდენიმე წლის წინ მომავალი პოლიტიკოსი "საზოგადოებრივ მაუწყებელის" შუადღის გადაცემაში საუბრობდა, თუ როგორ ებრძოდა წლების განმავლობაში ჭარბ წონას.

"თინეიჯერობისას მქონდა ჭარბი წონა და ეს საკმაოდ რთული იყო... მიჭირდა საკუთარი თავის ხელში აყვანა. შემთხვევით მოხდა ყველაფერი - ბავშვობაში უჭმელი ვიყავი და საზღვარგარეთ წასვლის შემდეგ კვება ვერ გავაკონტროლე. ჩვენთან არ იყო მაშინ ასეთი ხელმისაწვდომი ტკბილეული და ფუნთუშები და იქ უფრო მეტი არჩევანი იყო და ვაგემოვნებდი. რომ ჩამოვედი, დედას საოცარი რეაქცია ჰქონდა, 35 კილო მქონდა მომატებული. რეაქციებით მივხდი, რომ რაღაც პრობლემა მქონდა, თავად ასე მძაფრად ვერ აღვიქვამდი. ეს ხდებოდა 1996-1997 წლებში. როგორც პატარაობიდან ბავშვს ზრდილობასა და ჰიგიენას ასწავლი, ისე უნდა ასწავლო სწორი კვება და შემდეგ პრობლემის წინაშე აღარ დადგეს.

დედამ ყველაფერი გადადო და სპეციალისტთან მიმიყვანა და ნელ-ნელა დავიწყე კლება. გამონათქვამია, ყველაფერ თეთრს უნდა შეეშვა 30 წლის ზევით, მაგრამ ათ დღეში ერთხელ, შაბათ-კვირას, მაინც შეიძლება გემრიელი კვების უფლება მისცე საკუთარ თავს. თუმცა სიგამხდრე არ ნიშნავს ჯანმრთელობას, ესეც არასწორი მიდგომაა. როდესაც ბევრ კილოგრამს იკლებ, ფობიაში გადაგდის ზედმეტი 100 გრამის მომატებაც კი.

კლების პროცესი ჩემთვის ძალიან სტრესული იყო. უცებ გავიღვიძე და არაფერი აღარ უნდა მეჭამა, ამ დროს ვიყავი მოზარდი, მაგრამ ეს გამოცდილება რომ არა, ასეთი ორგანიზებული დღეს ვერ ვიქნებოდი. ამან მასწავლა, რომ საკვები არ არის სიამოვნება..." - ამბობდა ბაია ინტერვიუში.