ავტორი:

"ჩემი გამოსვლები ხშირად აბსურდულად გამოიყურება... ალბათ ხვდებით, რომ ამას შეგნებულად ვაკეთებ" - რატომ დგამს ირაკლი კაკაბაძე პერფორმანსებს?

"ჩემი გამოსვლები ხშირად აბსურდულად გამოიყურება... ალბათ ხვდებით, რომ ამას შეგნებულად ვაკეთებ" - რატომ დგამს ირაკლი კაკაბაძე პერფორმანსებს?

ბოლო დროს ამა თუ იმ გადაცემაში სტუმრობა მისი უჩვეულო მონაწილეობით, პერფორმანსით სრულდება, რაც შემდგომ რეიტინგულ ვიდეოებადაც იქცევა ხოლმე. თავად ირაკლი კაკაბაძეს, მწერალს, პოეტს, პუბლიცისტს პასუხი არ აქვს - თუ რატომ ხდება მისი ასეთი სატელევიზიო გამოსვლები პოპულარული, რომელსაც ინტერნეტშიც დიდი ნახვა აქვს.

"ეს ხალხმა უნდა თქვას, რატომ უყურებენ... მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, თვითონ რატომ ვუყურებ" - ამბობს ის და ჩვენთან საუბარს ასე აგრძელებს:

"ამასთან დაკავშირებით ადამიანების აზრი იყოფა: ჩემი პოზიცია ასეთია - მე ვარ ხელოვანი, მწერალი, საერთაშორისო პრემიების მფლობელი (უცხოური პრემია მეტი მაქვს, ვიდრე ქართული, რადგანაც აქ კონკურსებში არ ვმონაწილეობ). ბოლო დროს ჩემი წიგნი არ გამოქვეყნებულა, მაგრამ გასული წლის ბოლოს ახმეტელის თეატრში ჩემი „მედეა და ოიდიპოსი“ დაიდგა (რეჟისორი დავით გოგია). ის რომ ნახოთ, ბევრ რამეს მიხვდებით...

ჩემი გამოსვლები ხშირად აბსურდულად გამოიყურება. ალბათ ხვდებით, რომ ამას შეგნებულად ვაკეთებ. ჟურნალისტის კითხვას ისე არ ვპასუხობ, როგორც უნდათ. შესაძლოა იცით, დრამატურგი ეჟენ იონესკო აბსურდის თეატრის ფუძემდებელი. ის ამბობდა, როდესაც წუთისოფელი აბსურდს უხვად გაყრის, უფრო შეუსაბამო აბსურდი უნდა შესთავაზო და მხოლოდ მაშინ ხარ ადეკვატური. ჩემი აზრით, დღეს მთელ მსოფლიოში შემოქმედებითი პაუზა ბატონობს და არა მარტო საქართველოში...

- და არავინ იცის, ეს "პაუზა" როდის დასრულდება...

- მეც მაგას ვჩივი... ჩემი პერფორმანსების მიზანია, რომ ადამიანებში შემოქმედებითმა იმპულსმა გაიღვიძოს და ჩარჩოების, ბიოპოლიტიკის მონობის არ შეეშინდეთ. ჩვენ ვცხოვრობთ ბიოპოლიტიკის, ბიოლოგიური ინსტინქტების მონობის პერიოდში, რომელიც საშინელ თვითცენზურას იწვევს. ადამიანის თავისუფლება მხოლოდ გარეგნულია, რომ თითქოს იმაზე თავისუფალ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, ვიდრე საბჭოთა კავშირის პერიოდში, სინამდვილეში ასე არ არის. ჩვენ ვცხოვრობთ ბიოპოლიტიკის და მონობის ქვეშ. ამიტომაც აუცილებელი და მნიშვნელოვანია, ადამიანმა თავის ბიოლოგიურ ინსტინქტებს გადასძლიოს. ამ გადაძლევის ერთადერთი გზა არის შემოქმედება, ოღონდ, სიყვარულით.

- შემოქმედ ირაკლი კაკაბაძეს როგორ აფასებს მაყურებელი ირაკლი კაკაბაძე?

- ფრანგი პოეტი შარლ ბოდლერი XIX საუკუნის შუა წლებში ცხოვრობდა. ახალგაზრდა გარდაიცვალა, მაგრამ ბევრის გაკეთება მოასწრო - ფრანგულ პოეზიაში დიდი ადგილი დაიკავა. მას ჰქონდა ცნობილი გამოთქმა "ეპატე ბურჟუა“ (სიტყვა ეპატაჟი მისგან მოდის). რას ნიშნავს ეს - თუ ადამიანი ხელოვანია, შემოქმედია, მან აუცილებლად უნდა გააბრაზოს ბურჟუა (ბურჟუაში მდიდარს არ გულისხმობდა). ბურჟუა მასთან მოქალაქეს ნიშნავს, რომელსაც არეული აქვს ორიენტირი, რადგანაც აქვს ძალიან მატერიალისტური ოცნება, ბიო-პოლიტიკური ოცნება. არადა, ოცნება შეიძლება იყოს ამაღლებული, როგორიც გალაკტიონს ჰქონდა და ისეთი, როგორიც ყველა ადამიანს აქვს (მიმაჩნია, რომ გენიოსი ყველა ადამიანშია, უბრალოდ, გალაკტიონმა ის გამოავლინა).

პრობლემა ის არის, რომ მის გამოვლინებას, რაც ღმერთმა უბოძა, ყველა ვერ ახერხებს, რადგან მას შიში იპყრობს. ეს არის ბიო-ინსტინქტების, ბიოპოლიტიკის შიში, აქედან გამომდინარე, ბოდლერი ფიქრობდა, ვინც ასეთი შიშების მონობაშია, მისთვის საჭიროა გარკვეული არალოგიკური საქციელი ხელოვანისგან. ის ისე უნდა მოიქცეს, რომ მისგან ამას არ ელოდებიან. ამით შეიძლება ბევრი ხალხიც გააბრაზოს. ამას თავადაც აკეთებდა, იმავეს გალაკტიონიც აკეთებდა და ყველა ჭეშმარიტი ხელოვანი, მაგალითად, შექსპირი.

არავის ვეჯიბრები და ვუტოლდები, მაგრამ სწორად მიმაჩნია, რასაც ისინი ამბობდნენ. ხელოვანმა უნდა თქვას სიმართლე, რაც უნდა მოუხელთებელი იყოს ის და კონტექსტიდან ამოვარდნილი. სიმართლე უნდა ითქვას, რომელიც სულთანაა ახლოს და არასდროს ჩაჯდეს ადამიანი კონიუნქტურაში, რომელსაც ვიღაც ადგენს. ეს იქნება პოლიტიკური, ეკონომიკური თუ მედიის ისტებლიშმენტი, რომელსაც ძლიერი ამა ქვეყნისანი განსაზღვრავენ. ხელოვანის ვალდებულებაა, თავისი ნიღბის ქვეშ, ყოველთვის მოძებნოს თავისუფალი კონტექსტი. ხელოვანი ხომ ყველა გიჟია?!

- შეცდომებზე საკუთარ თავს საყვედურობთ?

- უშეცდომო არავინაა... ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ შეცდომა არ აქვს, ბრიყვია. კი, არის შეცდომები... ეს საკმაოდ უჩვეულო ხელოვნების ექსპერიმენტია, ვწერ მოთხრობებს, ლექსებსაც, ვწერ მეცნიერებაშიც. ნამუშევრებს ჩემს გვერდზეც ვაქვეყნებ, მაგრამ იმას რასაც ტელევიზიებში ვაკეთებ, ეს მიმართულება 20 წელს ითვლის - მე და ზურა რთველიაშვილმა დავიწყეთ. პერფორმანსებს ქუჩაში ამერიკაშიც ვაკეთებდი (მაგას ქუჩის თეატრი ჰქვია). თავის დროზე ამ მიმართულებით მცდელობა ჰქონდა ნიკოლოზ შენგელაიას, მაიაკოვსკის, ტიციან ტაბიძეს, პაოლო იაშვილს, ილია ზდანევიჩს... ამ ქუჩის თეატრებს, საჯარო ხელოვნებას, სოციალურ თეატრს და სოციალურ პერფორმანსების ავტორებსაც როგორ გიჟებს, ისე უყურებდნენ.

2

2014 წელი - კაკაბაძისა და ზურა რთველიაშვილის ერთობლივი გამოსვლა ბერლინში - 'საკუთარ თავის კოლონიზაცია"

ახლა მე რასაც ვაკეთებ, ეს, რა თქმა უნდა, გამოწვევაა, თუმცა ამ გამოწვევას არ ვხვდები შიშით. რასაც ვახერხებ, იმას ვაკეთებ, რადგან ამის დიდი საშუალება არ არის, მედიაც მაინც შეზღუდულია. ვცდილობ, ის ცენზურა გავარღვიო, რაც იქ ბიოპოლიტიკის დამსახურებით არსებობს. ის აბსურდი, რომელიც მერე ბევრი ადამიანის ყურადღებას იპყრობს, იმას ნიშნავს, რომ მიზანს ვაღწევ და მიხარია... თუმცა ზოგი ამას ძალიან განრისხებული ხვდება.

- განრისხება პირადად გამოუხატავთ თუ ამას სოციალურ ქსელში გაფანტული კომენტარებიდან იგებთ?

- მოუწერიათ კიდეც, თუმცა არავის დავცინი, არავის ვაყენებ შეურაცხყოფას. ეს არის აბსურდი, შესაძლოა იყოს სასაცილოც. თუ იცინიან, მიხარია. როგორც ჩარლი ჩაპლინი ამბობდა, მე არავის დავცინი, ყველასთან ერთად ვიცინი. თუ ჩემზე გაიცინებენ, კარგია, ეს მათთვის შვების მომგვრელია. თუ შვებისმომგვრელია რაღაც თუნდაც წუთით, წამით, კარგია, - ამიტომ ვაკეთებ, რომ შვება იგრძნონ.

ამ ბიოპოლიტიკის და ამ სოციალურ მდგომარეობაში ყველანი ხომ საშინელ დღეში ვართ. სისტემა, რომელიც ახლა ჩვენთან არის გაბატონებული, საშინელია, უპირველესად ადამიანის სულისთვის. სულს ამონებს და ბიოლოგიურ ინსტინქტებს უმორჩილებს სულის მოძრაობას. არადა, ადამიანში ყველაზე ლამაზი მაინც სულია. ვიმეორებ, ყველა ადამიანში არის გენიოსი. ალენ ბადიუ ამბობს, უბრალოდ, საჭიროა საკუთარ თავთან დიდი მუშაობა და გაბედულება.

- ინგა გრიგოლიას გადაცემაში იმ უსიტყვო ლექსით მაინც რის თქმას აპირებდით. ის ემოცია სპონტანური იყო?

- ის ის იყო, რასაც ვგრძნობდი. მთავარია, ადამიანმა იგრძნოს. შეიძლება ბევრი იფიქროს ცივი გონებით და ვერაფერი მოიფიქროს. მჯერა ინტუიტური ინტელექტის ანუ ხელოვნების ინტელექტის. ხელოვნების ინტელექტი არის ის, რასაც გრძნობს ადამიანი. იმ წუთას ვგრძნობდი იმას, რაც მაყურებელმა ნახა. როგორც ვამბობ, არც ერთი დოგმის ბატონობის ქვეშ არ უნდა მოექცე. ღმერთი სიყვარულია და ღმერთი შემოქმედებაა. სიყვარული და შემოქმედება იმდენად სრულყოფილია, რომ მათი ცხოვრება მართლა უსასრულოდ გრძელდება. ადამიანის ცხოვრებაც არის სრულიად უსასრულო. შემოქმედი, რომელიც სიყვარულით ცხოვრობს, ის არის ღმერთში განხორციელებული.

ის მასხარა, როლსაც მეფის კარზე საპატიო წოდება ჰქონდა, შემდგომ გადაწყვიტეს, საგიჟეთში ჩაესვათ. მასხარის როლი იყო, ეთქვა სიმართლე. ამას ახერხებდა თუნდაც შექსპირის პიესებში. მათ საპატიო ადგილი ეკავათ, გეოპოლიტიკაზე მაღლა იდგნენ. მოკლედ, თუ ჩემი პერფორმანსებით რაიმე სიმართლის თქმა შევძელი, მიხარია.

ამ ყველაფერს საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია კარგად გრძნობდა, რომელმაც დაწერა „სულიერი მისია“. პრომეთე, რომელიც მიჯაჭვულია კავკასიონზე, ზევსს არ დანებდა. არადა, მან კაცობრიობას 2 რამ - ცეცხლი და ხელოვნება ჩამოუტანა და რომელიც ზევსმა წაართვა... მიჯაჭვულს არ ეშინია, ოლიმპოს სხვა ღმერთების! მან იცის, როდის დამთავრდება ზევსის დრო. ზვიად გამსახურდიას თუ დავუჯერებთ და მე მისი მჯერა, ეს დრო ახლა მოდის, მალე იქნება. მოხდება პრომეთეს დაბრუნება კავკასიონიდან, მისი ტყვეობიდან გამოხსნა.

ვფიქრობ, რომ ახლა კაცობრიობის ისტორიაში კრიტიკული ეპიზოდია. ამიტომაც არის ხელოვნება შეფერხებული. ხელოვნებას თავისი ქომაგი უნდა დაუბრუნდეს და ეს სადღაც საქართველოს ტერიტორიაზე უნდა მოხდეს. ეს მხოლოდ ჩემი სიზმრები არ არის. ვიყოთ ოპტიმისტურად!