ავტორი:

"საძინებელშიც იყო ვიდეოკამერა... თურმე ორი წელი იღებდნენ" - სოსო ჯაჭვლიანის თქმით, როდესაც პარლამენტარი იყო, სახლში სათვალთვალო ვიდეოკამერები დაუმონტაჟეს

"საძინებელშიც იყო ვიდეოკამერა... თურმე ორი წელი იღებდნენ" - სოსო ჯაჭვლიანის თქმით, როდესაც პარლამენტარი იყო, სახლში სათვალთვალო ვიდეოკამერები დაუმონტაჟეს

"ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა, სოსო ჯაჭვლიანმა, "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, რომ 2015 წელს, ბინაში, სადაც ის ცხოვრობდა, სათვალთვალო ვიდეოკამერები აღმოაჩინა. ჯაჭვლიანის თქმით, ეს მოხდა მაშინ, როდესაც იგი პარლამენტარი იყო და ქუთაისში ბინა ჰქონდა ნაქირავები. როგორც ჯაჭვლიანი მოჰყვა, ვიდეოკამერების აღმოჩენის ფაქტს შეესწრო "ქართული ოცნების" დეპუტატი ლუკა კურტანიძე, რომელიც მეუღლესთან ერთად, ჯაჭვლიანის მიერ ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.

"2015 წელს ლუკა კურტანიძე შემოვიდა პარლამენტში. ლუკას ვუთხარი, წამოდი ჩემთან სახლში, მაშინ ქუთაისში ვცხოვრობდი. 3-ოთახიანი ბინაა, ორი საძინებელი მაქვს, არ გინდა დაქირავება და მეუღლესთან ერთად, როცა გინდა, იყავი ჩემთან-მეთქი. დილას დგება ლუკა და მეძახის და მაჩვენებს ვიდეოკამერას, რომელიც მის საძინებელშია დამონტაჟებული. მეორე საძინებელშიც იყო ვიდეოკამერა. ორი წელი თურმე იღებდნენ, რას საქმიანობს სოსო ჯაჭვლიანი სახლში“, – განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა.

როგორც ჯაჭვლიანმა აღნიშნა, დანამდვილებით არ იცის ვინ დაამონტაჟა ვიდეოკამერები მის საცხოვრებელ ბინაში. მისი თქმით, ეს შეიძლება მმართველი გუნდის გაკეთებული ყოფილიყო, თუმცა არც იმას გამორიცხავს, "ნაციონალური მოძრაობის" დამონტაჟებული ყოფილიყო.

"არ ვიცი, ვისი დამონტაჟებულია. აბა, ვინ დაამონტაჟებდა. შეიძლება, ნაციონალების დამონტაჟებული იყო. ყველაფერი შეიძლება. ალბათ, ეტყობა, თვითონ როგორც აზროვნებენ, ისეთი ვეგონე მე. რა უნდა გადაეღოთ? ვინ უნდა მომეყვანა იქ? ან რა უნდა ჩამედინა იმაზე მეტი, რასაც პირში ვეუბნებოდი ყველას. შემრცხვა. ახლა ვიფიქრე, როგორია, შენ ატეხო აყალ-მაყალი, ერთი ამბავი, იმიტომ, რომ რა უნდა გადაეღოთ ჩემზე? წარმოგიდგენია, მე რომ ამას გამიკეთებენ? ვისაც გინდათ და სადაც გინდათ, იქ დაგელაპარაკებით და დამკითხეთ“, – განაცხადა ჯაჭვლიანმა.

ჯაჭვლიანის თქმით, თუ ლუკა კურტანიძე იტყვის, რომ მისი მონათხრობი სიმართლე არ არის, მაშინ ის ბოდიშს მოიხდის.

"წმინდა ნიკოლოზის ხატს ხელი დაადე და სიმართლე თქვი" - მიმართა ლუკა კურტანიძეს პირდაპირი ეთერიდან ჯაჭვლიანმა.