ავტორი:

თავისუფლების უკანონო აღკვეთის, გამოძალვის და ცეცხლსასროლი იარაღის დაუფლების ფაქტებზე 6 პირი დააკავეს

თავისუფლების უკანონო აღკვეთის, გამოძალვის და ცეცხლსასროლი იარაღის დაუფლების ფაქტებზე 6 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, თბილისში 6 პირი დააკავეს, ორ პირს კი ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა. საგამოძიებო უწყების ცნობით, მათ ბრალად თავისუფლების უკანონო აღკვეთა, გამოძალვა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებათ.

„გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1987 წელს დაბადებული ა.მ. და 1978 წელს დაბადებული მ.მ.;

გამოძალვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ბრალდებით დაკავებულები არიან: 1970 წელს დაბადებული კ.ნ. და 1972 წელს დაბადებული გ.ლ;

დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1977 წელს დაბადებული გ.ჭ, 1999 წელს დაბადებული ა.ნ., ხოლო 2 პირს: 1969 წელს დაბადებულ რ.ჭ.-ს და 1974 წელს დაბადებულ ს.ჭ.-ს ამავე დანაშაულისთვის ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ.

დანაშაულები 4-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ არსებული ფინანსური დავის საფუძველზე, დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის გაადვილების მიზნით, კ.ნ.-მ, გ.ლ.-მ, ა.მ.-მ და მ.მ.-მა ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს ვ.ტ.-ს და ძალადობის გამოყენების მუქარით მას უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

გამომძალველები ვ.ტ.-ს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ, 51 000 ლარს მოტანას სთხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კვლავ ძალადობის გამოყენებით ემუქრებოდნენ, რის გამოც მან თანხის გადახდაზე თანხმობა განაცხადა. დაზარალებული პირი ბრალდებულებმა მეორე დღეს, თანხის გადახდის პირობით გაათავისუფლეს.

ა.ნ., გ.ჭ., რ.ჭ. და ს.ჭ. შეესწრნენ ვ.ტ.-ის მიმართ განხორციელებულ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენას, თუმცა აღნიშნულის თაობაზე პოლიციას არ შეატყობინეს.

პოლიციამ დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას მობილური ტელეფონები და უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძალვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების, ასევე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 181-ე, 237-ე, 143-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს,“ - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.