ავტორი:

"18 წელი ვიცხოვრეთ ერთად, ორ შვილს ვზრდიდით და ასე მოხდა - დავშორდით და მიზეზი ღალატია" - ელენე ფოჩხუა

"18 წელი ვიცხოვრეთ ერთად, ორ შვილს ვზრდიდით და ასე მოხდა - დავშორდით და მიზეზი ღალატია" - ელენე ფოჩხუა

ელენე ფოჩხუას 18 - წლიანი ქორწინება დაინგრა. მომღერალი მეუღლეს დაშორდა და ამის შესახებ ჟურნალ "თბილისელებთან“ ინტერვიუში ისაუბრა. ელენე ამბობს, რომ მას უღალატეს, რაც ერთხელ აპატია, მაგრამ... მომღერლის მეუღლე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გიორგი ზარქუა გახლდათ. წლების წინ ელენე "რეიტინგთან“ ამბობდა, რომ დაოჯახებიდან ხუთი წელი პროფესიის გამო შვილი არ გააჩინა.

ელენე ფოჩხუა:

"შვილი თავიდანვე ძალიან მინდოდა, მაგრამ კარიერაზე ვფიქრობდი. ერთი პერიოდი მოსკოვში ვაპირებდი წასვლას. მერე იყო "იურმალის" კასტინგი და ''ჯეოსტარი'' . ''ჯეოსტარის'' დამთავრების შემდეგ საკითხი დამიყენა ჩემმა ქმარმა, ახლა რაღას იტყვი, შვილი არ გვინდაო? ღვთის წყალობით, 2009 წელს შემეძინა ლიზი. დიდი ფულის პატრონები და მილიონერები არ ვართ მე და ჩემი მეუღლე", - ამბობდა ელენე იმჟამად.

რამდენიმე წელიწადში ელენეს მეორე შვილი შეეძინა, თუმცა ოჯახი მაინც დაინგრა.

"თბილისელებთან“ ინტერვიუში მომღერალი ამბობს, რომ დაშორებას ძალიან განიცდიდა, თუმცა მძიმე პერიოდი შვილებმა გადაატანინეს. გთავაზობთ ფრაგმენტებს ინტერვიუდან:

ელენე ფოჩხუა:

"სამწუხაროდ, 18 წელი ვიცხოვრეთ ერთად, ორ შვილს ვზრდიდით და ასე მოხდა - დავშორდით და მიზეზი ღალატია. ცოლად მოიყვანა, ხელი მოაწერეს და ერთად ცხოვრობენ. ადრეც გვქონდა ამის გამო კონფლიქტი, დაშორებულები ვიყავით, მაგრამ მერე მეხვეწა და შევრიგდით. თუმცა, ისევ იგივე განმეორდა და წამსვლელი უნდა წავიდეს. სამი თვე ძალიან განვიცდიდი, ფსიქოლოგიურად გავნადგურდი, თუმცა, მადლობა ღმერთს, გადავერთე, ვმუშაობ, საღამოობით რესტორანში ვმღერი, შვილები და მეგობრები გვერდში მიდგანან და ამან გადამატანინა, ეს რთული პერიოდი".

მომღერალმა ინტერვიუში ძმის მკვლელობაზეც ისაუბრა. გიორგი ფოჩხუა 2012 წლის 14 ივნისს მოკლეს. მის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ცობეხიას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ელენე ფოჩხუა:

"ძალიან მალე გავიდა ათი წელი გიორგის გარეშე. ვიცი, ძალიან კარგად იქნებოდა თავის პროფესიაში, რადგან დიდი გეგმები ჰქონდა, კიევში აპირებდა წასვლას, სარეჟისოროზე უნდა ესწავლა. ზუგდიდის თეატრს არ ჰყავდა რეჟისორი და თქვა: მოდი, ამ ყველაფერს კიევში ვისწავლი კარგად და ჩემს ქალაქში ჩამოსული, თეატრს მივხედავო. ჩემთვის ის სულ 25 წლის დარჩება და მეც რომ მივალ იქ, ისევ ახალგაზრდა პატრონად და ზურგად დამხვდება. ათი წლის წინ დადგა პერიოდი, როცა არ მემღერებოდა, მეგონა, არასოდეს გავიღიმებდი და ცხოვრება დასრულდა, მაგრამ ამ ტკივილს შვილების ხათრით გავუძელი. ერთი სული მქონდა, ზუგდიდიდან თბილისში ჩამოვსულიყავი, მეგონა, სახლში რომ შემოვიდოდი, აქ დამხვდებოდა. რომ გავაღე კარი და რეალობას თვალი გავუსწორე, მივხვდი, ტყუილი იმედები მქონდა და კიდევ უფრო მეტკინა.

ისეთი განადგურებული ვიყავი, სიარული მიჭირდა. იმ პერიოდში რესტორანში ვმღეროდი. არ მემღერებოდა, მაგრამ დავძლიე ჩემი თავი და სამსახურში წავედი. ცრემლი მახრჩობდა, მაგრამ ვმღეროდი. ასე მეგონა, სახრჩობელაზე ვეკიდე, ეს ბოლო ამომღერება იყო, მაგრამ მაინც შევძელი, გავუძელი. ამან მიშველა, ამით გადავიტანე დარდი. რომ ამბობენ, ტკივილი ნელდებაო, გამორიცხულია! უბრალოდ, ეჩვევი ტკივილთან ერთად ცხოვრებას. როცა რამე მიჭირს, მინდა, გიორგის ვუთხრა. როცა რამე მიხარია, მინდა, პირველს მას გავაგებინო...

არ დამიჯერებთ, ხანდახან მავიწყდება, რომ ჩემი ძმა აღარ არის ამქვეყნად და ტელეფონს რომ დავწვდები მასთან დასარეკად, მერე მახსენდება. სხვათა შორის, დღემდე ვწერ გიორგის "მესინჯერში“. გარდაცვალების მერე, ვურეკავდი, გამორთულიაო, რომ მეუბნებოდა, ვთიშავდი და მერე, ისევ ვრეკავდი. თვეების მერე დავრეკე და ვიღაც ბიჭმა მიპასუხა. შოკი მივიღე, გავქვავდი. მას უყიდია ნომერი". წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად