ავტორი:

"პუტინმა სისხლისღვრის გზა აირჩია... ამას გადამწყვეტი ნაბიჯით უპასუხებენ" - მსოფლიოს ლიდერების გამოხმაურებები რუსულ აგრესიაზე

"პუტინმა სისხლისღვრის გზა აირჩია... ამას გადამწყვეტი ნაბიჯით უპასუხებენ" - მსოფლიოს ლიდერების გამოხმაურებები რუსულ აგრესიაზე

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიულ ქმედებებს მკაცრად გმობნ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერები. აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, პუტინმა აირჩია წინასწარ განზრახული ომი, რომელიც გამოიწვევს სიცოცხლის კატასტროფულ დანაკარგს - მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს. ამასთან, ცოტა ხნის წინ სატელეფონო საუბარი შედგა ბაიდენსა და ვლადიმერ ზელენსკის შორის. ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტს დახმარება აღუთქვა.

"პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი დამიკავშირდა და ჩვენ ახლახან დავასრულეთ საუბარი. მე დავგმე რუსეთის სამხედრო ძალების ეს არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმა. მე მას ვაცნობე იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებსაც ჩვენ ვდგამთ საერთაშორისო დაგმობისთვის, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოში. მან მთხოვა, მოვუწოდო მსოფლიოს ლიდერებს, მკაფიოდ ისაუბრონ პრეზიდენტ პუტინის შემზარავი აგრესიის წინააღმდეგ და დადგნენ უკრაინელი ხალხის გვერდით. ხვალ მე შევხვდები „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს და შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები რუსეთს მკაცრ სანქციებს დაუწესებენ. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერასა და დახმარებას,“- განაცხადა ბაიდენმა.

რაც შეეხება ნატო-ს გენერალური მდივნის იენ სტოლტენბერგის გამოხმაურებას, მისი განცხადებით, რუსეთმა, მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა, "აირჩია აგრესიის გზა“.

"მე მკაცრად ვგმობ რუსეთის დაუფიქრებელ თავდასხმას უკრაინაზე, რომელიც საფრთხეს უქმნის უამრავ სამოქალაქო პირს. კიდევ ერთხელ, მიუხედავად ჩვენი არაერთგზის გაფრთხილებისა და დიპლომატიური ძალისხმევისა, რუსეთმა აირჩია აგრესიის გზა სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყნის წინააღმდეგ“, - ნათქვამია განცხადებაში.

"შეძრწუნებული ვარ უკრაინაში მომხდარი საშინელი მოვლენებით. გაერთიანებული სამეფო და მისი მოკავშირეები ამას გადამწყვეტი ნაბიჯით უპასუხებენ" - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა "ტვიტერის“ გვერდზე განაცხადა.

მისი თქმით, ის უკვე ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და მასთან შემდგომი ნაბიჯები განიხილა.

"ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის, რათა მომავალი ნაბიჯები განგვეხილა. პრეზიდენტმა პუტინმა სისხლისღვრისა და განადგურების გზა აირჩია ამ თავდასხმით უკრაინაზე. გაერთიანებული სამეფო და მისი მოკავშირეები ამას გადამწყვეტი ნაბიჯით უპასუხებენ,“ - განაცხადა ბორის ჯონსონმა.

გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა "ომის მესიჯი გააჟღერა“, როდესაც დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა ლინდა ტომას-გრინფილდმა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ამასთან დაკავშირებით ერთობლივ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

"ამ კონკრეტულ მომენტში, როდესაც ჩვენ შეკრებილი ვართ საბჭოს სხდომაზე მშვიდობის საძიებლად, პუტინმა ომის მესიჯი გააჟღერა, სრულად უგულებელყო რა ამ საბჭოს წინაშე არსებული ვალდებულებები. ეს უმძიმესი საგანგებო მდგომარეობაა. საბჭო იმუშავებს და ჩვენ რეზოლუციას მივიღებთ ხვალისთვის. როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა დღეს ღამით განაცხადა, მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი გარდაცვალების შემთხვევებსა და ნგრევაზე, რომელსაც ეს თავდასხმები მოიტანს. ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ამასთან დაკავშირებით ერთიან გადაწყვეტილებას მიიღებენ“, - განაცხადა ელჩმა.