ავტორი:

რუსეთი იზოლაციაში: ყველა სანქცია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებმა აგრესორს დაუწესეს - რას წერს კახა ლომაია დასავლურ წნეხზე

რუსეთი იზოლაციაში: ყველა სანქცია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებმა აგრესორს დაუწესეს - რას წერს კახა ლომაია დასავლურ წნეხზე

განათლების ყოფილი მინისტრი, გაერო-ში საქართველოს ყოფილი ელჩი კახა ლომაია სოციალურ ქსელში რუსეთსა და უკრაინას შორის ომის შესახებ შემაჯამებელ პოსტს აქვეყნებს. ლომაია იმ სანქციების შესახებ წერს, რომელიც რუსეთს დასავლეთმა დაუწესა...

"ომის მეოთხე დღის დილა

როგორც ჩანს, უკრაინამ მოიგერია აგრესორის წუხანდელი შეტევები.

სანამ დეტალებს შევაგროვებდე, თვალი გადავავლოთ რუსეთზე დაწესებულ დასავლურ სანქციებს. სანქციები შეეხო პოლიტიკას, ეკონომიკას, ბიზნესს, ფინანსებს, საინფორმაციო საშუალებებს, ხელოვნებას და სპორტს. გაგრძელება იქნება.

ეკონომიკა

1. გერმანიამ შეაჩერა გაზპრომის 11 მილიარდდოლარიანი პროექტი "ნორდსტრიმ-2"-ის სერტიფიცირება.

2. ევროკავშირმა შეწყვიტა ყველა რუსული ავიაკომპანიისთვის მიქირავებული ავიალაინერების ლიზინგი და 28 მარტამდე მოითხოვა ავიალაინერების დაბრუნება. საუბარია რუსული კომპანიების ფლოტის დაახლოებით 50%-ზე.

3. ყველა რუსულ ავიაკომპანიას აეკრძალა ფრენა ევროკავშირის საჰაერო სივრცეში.

4. "ინტელმა" და ARD-მა შეწყვიტეს რუსეთისთვის ინდუსტრიული პროცესორების მიწოდება, აშშ-ს მიერ დაწესებული საექსპორტო აკრძალვების ფარგლებში.

ფინანსები

1. ყადაღა დაედო რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივებს ევროკავშირსა და აშშ-ში.

2. ყადაღა დაედო უმსხვილესი რუსული ბანკების, მათ შორის, ვნეშეკონომბანკის, გაზპრომბანკის, ალფა-ბანკის და ვითიბი-ს აქტივებს აშშ-ში და ევროკავშირში.

3. სანქცირებულ ბანკებს აეკრძალათ ოპერაციები დოლარებში, ევროში, გირვანქა სტერლინგსა და იენაში.

4. გლობალური საბანკო გადარიცხვების სისტემა SWIFT-მა შეწყიტა სანქცირებული რუსული ბანკების მომსახურება.

5. სანქცირებული რუსული ბანკების კლიენტები ვეღარ ისარგებლებენ თავიანთი მასტერ კარდ-ის და ვიზა-ს ბარათებით რუსეთის საზღვრებს გარეთ.

6. ყადაღა დაედო რუსი ოლიგარქების აქტივებს დიდ ბრიტანეთში. რომან აბრამოვიჩი იძულებული გახდა უარი ეთქვა "ჩელსის" მმართველობაზე.

7. შეიქმნა ტრანსატლანტიკური მიზნობრივი ჯგუფი (აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, გერმანია და იტალია), რომელიც

მოიძიებს და დააყადაღებს რუსული პოლიტიკური და ბიზნეს ელიტის დაფარულ ანგარიშებს.

8. უმსხვილესი რუსული ბანკ "სბერბანკის" ანგარიშებს აშშ-ში ყადაღა დაედო.

პოლიტიკა

1. დაყადაღდა პუტინის და ლავროვის აქტივები აშშ-ში, ევროკავშირში, დიდ ბრიტანეთსა და კანადაში.

2. რუსეთის პარლამენტის ყველა წევრს აეკრძალა ევროკავშირის სახელმწიფოებში შესვლა. ევროკავშირში შესვლა ასევე აეკრძალა საგარეო სამეთა სამინისტროს პრეს-მდივანს ზახაროვას.

საინფორმაციო საშუალებები

1. გერმანიამ აკრძალა "რაშა თუდეის" მაუწყებლობა თავის ტერიტორიაზე.

2. ფეისბუკმა და იუთუბმა რუსულ სამთავრობო მედიას, მათ შორის, "რაშა თუდეის", აუკრძალეს რეკლამის მეშვეობით შემოსავლების მიღება.

3. ინსტაგრამმა დაბლოკა კადიროვის ანგარიში.

4. იუთუბმა დაბლოკა რამდენიმე რუსული პროპაგანდისტული არხი.

5. ევროკავშირში და აშშ-ში შესვლა აეკრძალათ რუსეთის მთავარ პროპაგანდისტებს სოლოვიოვს და სიმონიანს.

6. კიბერ-შეტევების შედეგად მწყობრიდან გამოყავთ რუსეთის სამთავრობო საიტები, მათ შორის, პუტინის, მთავრობის და თავდაცვის სამინისტროს საიტები.

ხელოვნება

1. ნიუ-იორკის "კარნეგი ჰოლმა" აუკრძალა რუს მუსიკოსებს გერგიევსა და მაცუევს კონცერტების ჩატარება.

2. მიუნხენის ბურგომისტრმა გერგიევს, რომელიც ამ ქალაქის ორკესტრის მთავარი დირიჟორია, მოსთხოვა 28 თებერვლამდე საჯაროდ გაემიჯნოს პუტინს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გერგიევს კონტრაქტს შეუწყვეტენ. ეს ის გერგიევია, ცხინვალში კონცერტი რომ ჩაატარა.

2. "ევროვიზიამ" რუსეთს კონკურსში მონაწილეობა აუკრძალა.

სპორტი

1. უეფა-მ ჩემპიონთა თასის ფინალი პეტერბურგიდან პარიზში გადაიტანა.

2. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მოუწოდა ყველა სპორტულ ფედერაციას რუსეთში დაგეგმილი ყველა ღონისძიების გაუქმება.

3. ფორმულა-1-მა გააუქმა რუსეთის რბოლა.

4. პოლონეთის და შვედეთის ნაკრებებმა უარი თქვეს რუსებთან თამაშზე.

5. რაგბის ევროპის კავშირმა რუსეთის ნაკრებს აუკრძალა მატჩების რუსეთში ჩატარება.

6. ჭადრაკის მსოფლიო გედერაციამ გააუქმა რუსეთში დაგეგმილი 44-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა.

7. ფრენბურთის ევროპულმა ფედერაციამ გააუქმა რუსეთში ჩასატარებელი ტურნირი.