ავტორი:

"უარის მიღება მოსალოდნელი არ არის, თუმცა, არც მყისიერი სრული წევრობა" - რას ამბობს ლევან ბოძაშვილი ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებით?

"უარის მიღება მოსალოდნელი არ არის, თუმცა, არც მყისიერი სრული წევრობა" - რას ამბობს ლევან ბოძაშვილი ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებით?

უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილის, ლევან ბოძაშვილის განცხადებით, ევროკავშირში წევრობის განაცხადების გასაკეთებლად საქართველომ სწორი დრო შეარჩია.

ბოძაშვილის განმარტებით, გაწევრიანების განაცხადის შემდეგ ევროკავშირის გადაწყვეტს დაიწყოს თუ არა საკანდიდატო მოლაპარაკებები განმცხადებელ ქვეყანასთან.

მისივე განცხადებით, მოლაპარაკებების დაწყება, უკვე უმნიშვნელოვანესი მიღწევა იქნება.

"ჩვენ კარგად ვიცით, რომ ჩვენი ქვეყანა ჯერ არ არის სრულად მზად ევროკავშირის წევრობისათვის საჭირო კოპენჰაგენის კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად, მაგრამ არსებული გეოპოლიტიკური მომენტი, რომელიც შექმნილია, ხელიდან იქნებოდა გაშვებული განაცხადი რომ არ გაკეთებულიყო. ვფიქრობ, განაცხადის გასაკეთებლად სწორი დრო შეირჩა. ასევე არსებობს ისტორიული გამოცდილება, როდესაც ევროკავშირის წევრი გამხდარან ის ქვეყნებიც, რომელნიც არ აკმაყოფილებდნენ ევროკავშირის წევრობის მოთხოვნებს სრულად, მაგალითია 2007 წელს რუმინეთისა და ბულგარეთის მიღება, რაც სრულად პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესია, ამცირებს პროცედურული მოთხოვნების შესრულების საჭიროებას და ზრდის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების შანსებს.

შესაბამისად, არ ველოდები, რომ საქართველო ევროკავშირისგან გადაჭრით უარს მიიღებს წევრობაზე, თუმცა როგორც პროცედურული, ისე შინაარსობრივი თვალსაზრისით, საკმაო გზა გვექნება გასავლელი.

გაწევრიანების განაცხადის შემდეგ ევროკავშირის გადაწყვეტს დაიწყოს თუ არა საკანდიდატო მოლაპარაკებები განმცხადებელ ქვეყანასთან. ვფიქრობ, რომ ასეთი მოლაპარაკებების დაწყება, რაც პირველი ეტაპია, უკვე უმნიშვნელოვანესი მიღწევა იქნება. ამავე დროს, მიუხედავად იმისა, რომ არაფორმალურად ევროკავშირში წევრობის არაერთი ფორმა არსებობს, სრული წევრობის მიღწევამდეც კი, თავისთავად კანდიდატის სტატუსიც კი უამრავ და განუზომლად დიდ შესაძლებლობებს მისცემს ჩვენს ქვეყანას. ეს არის როგორც ფონდებზე წვდომა და მნიშვნელოვანი დაფინანსების მიღება, ასევე ევროკავშირის უშუალო და პრაქტიკული ჩართულობა კანდიდატი ქვეყნის მიერ სავალდებულო რეფორმების გატარებაში. თუ დღემდე ასეთი რეფორმები ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარეობდა, რაც ნაკლებ მონიტორინგს გულისხმობს, კანდიდატობის შემთხვევაში, ეს განისაზღვრება სტაბილიზაციისა და მიერთების ხელშეკრულებით, რომელსაც განსაკუთრებული ვალდებულებითი პროცედურები აქვს“, - აცხადებს ბოძაშვილი.