ავტორი:

სამი გამოჩენილი ქართველი ქალის: მარო მაყაშვილის, ანა კალანდაძის და ელენე ახვლედიანის ხელნაწერების მიხედვით, შრიფტები შეიქმნა

სამი გამოჩენილი ქართველი ქალის: მარო მაყაშვილის, ანა კალანდაძის და ელენე ახვლედიანის ხელნაწერების მიხედვით, შრიფტები შეიქმნა

კალიგრაფმა დავით მაისურაძემ სამი გამოჩენილი ქართველი ქალის: მარო მაყაშვილის, ანა კალანდაძის და ელენე ახვლედიანის ხელნაწერების მიხედვით, შრიფტები შექმნა.

შრიფტების შექმნამდე რამდენიმე თვით ადრე, ყველა მსურველს საშუალება ჰქონდა, გამოკითხვაში მიეღო მონაწილეობა და თავად შეერჩია ის ქალები, რომელთა ხელნაწერის მიხედვითაც შრიფტის შექმნას ისურვებდნენ.

"20 გამოჩენილი ქართველი ქალიდან, რომლებიც საზოგადოებას წარვუდგინეთ, ყველაზე მეტი ხმა მარო მაყაშვილმა, ანა კალანდაძემ და ელენე ახვლედიანმა დააგროვეს. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, გამოვყოფდი მარო მაყაშვილს - 19 წლის სტუდენტს, რომელიც 1921 წელს, რუსეთის მე-11 არმიასთან ბრძოლის დროს დაიღუპა და საქართველოს დემოკრატიული პირველი რესპუბლიკის ოკუპანტთან წინააღმდეგობის სიმბოლო გახდა. მისი ხელნაწერის გაციფრულებას ვუძღვნით უკრაინელ ქალებს, მათ თავდადებას და გმირობას. სახელოვანი ქალების ხელნაწერების მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს ეროვნულ არქივს, ლიტერატურის მუზეუმსა და ხელოვნების სასახლეს", - აღნიშნავს "ჯეპრას" პროექტის მენეჯერი რუსუდან უსტიაშვილი.

"აქამდე შექმნილი საზოგადო მოღვაწეთა შრიფტებისგან, ამჯერად სამივე შრიფტი ძალიან განსხვავებული გამოვიდა. თითოეულ მათგანში მკვეთრი ინდივიდუალური ხელწერა ჩანს. ანა კალანდაძის ხელნაწერი მსუბუქი, ნაზი და მოქნილი ხაზებით გამოირჩევა. ელენე ახვლედიანის კალიგრაფია გაკრული, მაგრამ ძალიან მწყობრი და დახვეწილია. მარო მაყაშვილის ხელწერა კი ძალიან ბავშვური და გულწრფელია: შეიძლება, ბევრს ჩვენივე სკოლის პერიოდის კალიგრაფია გაგვახსენოს", - ამბობს კალიგრაფი დავით მაისურაძე.

ცნობისთვის, პროექტი "შრიფტების გალერეა“ 2019 წლიდან გამოჩენილი ადამიანების ხელნაწერების მიხედვით შრიფტებს ქმნის და უკვე გაციფრულდა ნიკო ნიკოლაძის, იაკობ გოგებაშვილის, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ხელნაწერები, ცოტა ხნის წინ კი უძველესი ქართული ძეგლების საფუძველზე, ანბანის სამი სახეობის შრიფტი - ანბანდიდი, გრაგნილი და მედეა შეიქმნა.