ავტორი:

"დღე სადილებს აკეთებს მეომრებისთვის, ღამე თავშესაფარში ჩადიან, ბებია ხელში აყვანილი ჩაჰყავთ" - ციცი ფალავანდიშვილი ოჯახის უკრაინელ წევრებზე და მათ მდგომარეობაზე

"დღე სადილებს აკეთებს მეომრებისთვის, ღამე თავშესაფარში ჩადიან, ბებია ხელში აყვანილი ჩაჰყავთ" - ციცი ფალავანდიშვილი ოჯახის უკრაინელ წევრებზე და მათ მდგომარეობაზე

"ჩემო მეგობრებო, უკრაინა ჩემი მეორე ოჯახია.12 წლის წინ ჩემს ოჯახში შემოვიდა მარინა, რომელმაც კიდევ უფრო გააფერადა და გაალამაზა ჩვენი ოჯახი. ჩემი ლიზი და ნიკუშა ნახევრად უკრაინელები არიან. მარინას მშობლები, ძმა, ბებიები, სანათესაო, მეგობრები ამჟამად უკრაინაში არიან... 24 თებერვლიდან არცერთი ღამე არ გვძინებია.

ახალგაზრდები იბრძვიან, ქალები და ბავშვები სანგრებში ათენებენ ღამეს, ძალიან განვიცდით, მტკივა ჩემი მეორე ოჯახი. არავის გამოგაცდევინოთ ეს აუწერელი მდგომარეობა. მიჯაჭვულები ვართ ტელეფონებს. მადლობა ყველას, ვინც ამ დღეებში გვეხმიანება და დახმარებას სთავაზობს ჩვენს უკრაინელ მეგობრებს... მინდა ჩემი მარინა ისევ ისეთი ხალისიანი, ბედნიერი ვნახო. ვამაყობ, რომ ჩემი გოგო, ჩემი მარინა ამ გმირი ერის შვილია. ღმერთო, უშველე უკრაინას დიდება გმირებს, დიდება უკრაინას“ - ეს მუსიკოს ციცი ფალავანდიშვილის ფეისბუქ სტატუსია.

  • ქალბატონი ციცი ქართულ-უკრაინული ოჯახის წევრია. როგორც ცნობილია, მის შვილს, მუსიკოს გიგი დედალამაზიშვილს უკრაინელი მეუღლე მარინა კარპი ჰყავს, რომელსაც ქართველი საზოგადოება ასევე კარგად იცნობს. ცხადია, რომ ისინი ახლა ემოციურად უმძიმეს მდგომარეობაში არიან.

Ambebi.ge ციცი ფალავანდიშვილს ესაუბრა:

- "უკრაინა არის ჩემი მეორე ოჯახი და უკრაინელები ჩემი ოჯახის წევრები არიან“ - წერთ თქვენს სტატუსში. როდესაც ახლა უკრაინა უდიდეს განსაცდელშია, თქვენი ემოციური მდგომარეობა ადვილი გასაგებია...

- ოჯახის წევრებიც არიან და ოჯახის წევრებიც... მარინას, ჩემს რძალს ვერ ვასხვავებ შვილებისგან. ის ჩემი შვილია. ასე მივიღე და 12 წელიწადია, მაბედნიერებს... ხალისიანი, თბილი და დადებითი ადამიანი. "დედიკო, დედიკო, ხომ იცი, ყველაფერი კარგად არის“ - ეს მისი საყვარელი ფრაზაა... ოთხი შვილიშვილი მყავს (ორი გიგის და ორი ნინის), ირას, მარინას დედას, არასოდეს განუსხვავებია ისინი, მათთვის საჩუქრები ყოველ ჩამოსვლაზე თანაბრად მოჰქონდა. ბავშვები ერთმანეთს და-ძმას ეძახიან, რაც ბუნებრივია. ასე უნდა იყოს.

გიგი დედალამაზიშვილი ოჯახთან ერთად

- თქვენი ოჯახები თავიდანვე ასე კარგად შეერწყა ერთმანეთს...

- რა თქმა უნდა. ჯერ ერთი ყოველ ზაფხულს ჩავდიოდით უკრაინაში და აქაც ბევრი სტუმარი ჩამოგვდიოდა. რაც ახლა იქ ხდება, ეს საშინელებაა და ასმაგად მტკივა... მარინას მშობლები, ბებიები, ძმა, ნათესავები, მეგობრები იქ არიან. გაოცებული ვარ - ეს არის ხალხი, რომელიც არ ტოვებს თავის ქვეყანას!

- როგორ არიან?

- ჩვენი მესიჯები რომ ნახოთ, ისიც გაგაოცებთ - კარგად ვართ, თქვენ მიხედეთ თავს. ჩვენ საკუთარ ქვეყანაში ვართ და აქედან არსად მივდივართ - აქეთ გვაწყნარებენ. ამ დღეებში ამდენი ემოციისგან ვატყობ, რომ გავტყდი, შეუძლებელია ამ მძიმე მდგომარეობის ყურება. ირა, ჩემი მძახალი, დღე სადილებს აკეთებს და უკრაინელ მეომრებს უგზავნიან, ღამე თავშესაფარში ჩადიან, ბებიას სახსრების ისეთი სისუსტე აქვს, რომ იქ ხელში აყვანილი ჩაჰყავთ. ამ მონსტრმა ასეთ მდგომარეობაში ჩააგდო ეს ხალხი.

არც იმაზე დარდობს, რომ მსოფლიოში რეპუტაცია შეელახა და ფაშისტის სახელი დაერქვა. ბევრ რუსს რცხვენია, თქვას, რომ რუსია... მარინას ვერც ვეკითხები, როგორ არის, ზედმეტად, რომ არ ავაღელვო. მასთან კონტაქტი გიგის მეშვეობით მაქვს... შვილებზე სული მელევა, ღმერთო, ბედნიერად მიმყოფე ყველა. ძალიან ვნერვიულობ უკრაინაში მყოფ ჩვენი ოჯახის წევრებზე და მათთვის ვლოცულობ. ხომ ვამბობ, ემოციებს ვეღარ ვთოკავ, მაგრამ ამას ბავშვებს არ ვაგრძნობინებ. მათთან იძულებული ვარ, სხვანაირი ვიყო.

- გიგი და მარინა აქ არიან, ხომ?

- კი, საქართველოში არიან. ამას წინათ, სადღაც დაწერეს, - მარინა ომში წავიდაო. რომ წავიკითხე, ამ სიტუაციაში მყოფმა, შოკი მივიღე. არ ვიცი, რატომ დაწერეს, იმედი მაქვს, გულშემატკივრობის მიზნით, მაგრამ ამის დაწერა და თან, ასე დაუზუსტებლად, არ შეიძლებოდა... მარინას თვითმფრინავში მგზავრობისას ფოტოების გადაღება ილუმინატორიდან უყვარს. ერთი ასეთი ფოტო აუტვირთავს სოციალურ ქსელში ასეთი წარწერით - მიყვარს ჩემი უკრაინა და მას არასოდეს დავტოვებ. როგორც ჩანს, ეს ფრაზა ისე გაიგეს, რომ ომში წავიდა...

გიგი სოციალური ქსელის მომხმარებელი არ არის, რომ ენახა და მეც ვერ ვეუბნებოდი. მერე მაინც შევაპარე, შემთხვევით მარინამ რომ ნახოს, იცოდე-მეთქი. დედა, დაანებე თავი, ნერვებს ნუღარ მოიშლიო, - მითხრა... როგორ ჰგონიათ, გიგი მარინას მარტო გაუშვებდა?! მაშინ ბავშვებს რა ვუყოთ?!

- მოკლედ, ომის ზურგში ხართ...

- რასაც ამ ეტაპზე ვაკეთებთ, იგივე უკრაინელი სტუმრების მიღება-დაბინავება იქნება, თუ სხვაგვარი დახმარება, ამის აფიშირებას არ ვახდენთ, რა საჭიროა?! ყველაფერს ჩვენი ადამიანობით ვაკეთებთ, რომ სულ იოტისოდენა წვლილი მაინც შევიტანოთ და არა იმიტომ, რომ ფოტოები გადავიღოთ, სოციალურ ქსელში დავდოთ. წინა ხაზზე თუ არა, ჩართულები ვართ... სიკეთეს ფასი მაშინ აქვს, როდესაც მას ქვაზე დადებ... ერთმა უკრაინელმა გოგონამ დახმარებისთვის დამირეკა, დედას მეძახიან ყველანი - აქ იყო ჩამოსული, ომი რომ დაიწყო, შვილი ბებიასთან ჰყავდა უკრაინაში დატოვებული. ბავშვთან რომ არ წავიდე, არ შემიძლია, 2 დღეა, ვეღარ ვეკონტაქტებიო... შემდეგ პოლონეთის საზღვარზე იპოვა.

"ჩემს შვილიშვილებს ვეუბნები, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ელენეს უკრაინული ანბანი გადმოუწერია და სწავლობს"

...ეს ბავშვებიც უცებ გაიზარდნენ, თითქოს ამ ორ კვირაში წლები მოემატათ. კი არ ტირიან, სხვადასხვა ქვეყნის საზღვარზე გარინდულები დგანან... მაგრამ აგრესიამ აგრესია არ უნდა დაბადოს. ჩემს შვილიშვილებს ვამშვიდებ, ვეუბნები, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ელენეს უკრაინული ანბანი გადმოუწერია და სწავლობს, რაღაცებს წერს და უკრაინული დროშით სახლში დადის.

მიტინგები რომ იყო, მარტო მიდიოდა, - ხომ უნდა ნახონ, რომ ჩვენ მათთან ვართო.

- გიგი, ქართველი მუსიკოსი უკრაინაში, იქაურმა აუდიტორიამ ძალიან შეიყვარა...

- კი და არც იმის აფიშირება მინდა, როგორ უყვართ და როგორი ურთიერთობა აქვს იქ ადამიანებთან. ახლა ხარკოვში, კიევში და ლვოვში კონცერტები უნდა ჰქონოდა. უკვე დაგეგმილი იყო, მაგრამ ომი დაიწყო... მარინას ოჯახიც დიდ პატივს სცემს ჩემს შვილს და გიგისაც უყვარს ისინი. აბა, სხვანაირად როგორ უნდა იყოს?! გიგის შემოქმედებით მხარეს არასოდეს შევეხები, ეს სხვამ უნდა შეაფასოს, მუსიკოსი კი ვარ, მაგრამ მაინც დედა ვარ. რაც შეეხება მის პიროვნულ თვისებებს, ობიექტურად რომ ვთქვათ, გამორჩეული შვილია, გვერდში მდგომი, მეგობარი, საოცარი მამა და თან, ძალიან მშვიდი ადამიანი...

- "მიხარია, რომ ჩემი მარინა ამ გმირი ხალხის შვილია“ - ამბობთ თქვენ და შეუძლებელია, არ დაგეთანხმოთ. უკრაინელები საოცარ მაგალითებს აჩვენებენ...

- "ბოროტსა სძლია კეთილმან“ - ასე იყო XII საუკუნეშიც, როცა ეს ფრაზა დაიწერა და ასე იქნება ახლაც... დამნაშავე დაუსჯელი არ იქნება. უბრალოდ ჩვენ გვეჩქარება. "სიმართლემ თქვა - შენ ფეხით გაიქეცი, მე ურმით დაგეწევიო“... როგორ არ უნდა დაეწიოს, როცა სამ სლავურ და ქრისტიანულ ქვეყანას შორის ფაქტობრივად ძმათა მკვლელი ომია გაჩარებული... მის გამჩაღებელს ცუდი დღე ელის!.. დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!