ავტორი:

"ოცნებამ“ თქვა, რომ არ აპირებს პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას, თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ ეს პარტია უფრო შორს წავიდეს - ზაზა თავაძე

"ოცნებამ“ თქვა, რომ არ აპირებს პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას, თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ ეს პარტია უფრო შორს წავიდეს - ზაზა თავაძე

საქართველოს საკონტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, პარტია "საქართველოსთვის“ წევრი ზაზა თავაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ "ქართულმა ოცნებამ“ თქვა, არ აპირებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას, გამორიცხული არ არის, რომ მმართველი პარტია უფრო შორსაც წავიდეს.

როგორც ზაზა თავაძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "ნიუსრუმი“ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მათ თქვეს, არ აპირებენ იმპიჩმენტის დაწყებას პრეზიდენტის მიმართ, მათ სიტყვას ფასი არ აქვს.

"საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში წარადგინა ის საკითხები, რომელიც კონსტიტუციით ჰქონდა მინიჭებული. ვხედავთ, რომ ამას მმართველი გუნდიდან სრული ისტერია მოჰყვა. კერძოდ, გამოიყენეს პოლიტსაბჭოს ტრიბუნა და იქიდან მოხდა საკონსიტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით პრეზიდენტის მიმართ დევნის დაანონსება. ორი მიმართულება გაჟღერდა - პირველი იყო ის, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია და სხვის კომპეტენციაში შეიჭრა. შესაბამისად, აქედან შეგვიძლია გავაანალიზოთ და დასკვნა გავაკეთოთ, რომ მმართველი პარტიის მხრიდან ეს ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს იმაზე, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტზე მათ ხელში ჰქონდეთ ბერკეტი, რათა არ მოისმინონ კრიტიკული სიტყვა. მოგეხსენებათ, ისინი კრიტიკული სიტყვის მიმართ ძალიან სენსიტიურად რეაგირებენ. ამის ნათელი მაგალითი იყო თუნდაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბოლოდროინდელი ბატალიები. შესაბამისად, მათი მხრიდან კიდევ უფრო შორს წასვლა არ უნდა გამოვრიცხოთ პრეზიდენტის მიმართ ზეწოლის ნაწილში“, - აცხადებს ზაზა თავაძე.

მისივე განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, საკონტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის მხრივ სუბიექტი შესაძლოა, იყოს როგორც მთავრობა, ისე პარლამენტის წევრთა გარკვეული რაოდენობა.

"კონსტიტუცია ადგენს ჩანაწერს, პირველ შემთხვევაში, თუ ისინი წავლენ კომპეტენციური დავის მიმართულებით, ასეთ შემთხვევაში, სჭირდება პარლამენტის წევრთა 1/5, ეს არის 30 დეპუტატი, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავენ და ისინი მოითხოვენ ხომ არ დაარღვია პრეზიდენტმა რაიმე უფლებამოსილება, რაც ექსკლუზიურად საქართველოს პარლამენტს აქვს მინიჭებული. მეორე მიმართულება შესაძლოა იყოს თვითონ მთავრობის მიერ სარჩელის ინიცირება პრეზიდენტის წინააღმდეგ და აქაც კომპეტენციური დავა იქნება. რატომ ვეძახით ამას კომპეტენციურ დავას? პოლიტსაბჭოზეც აღნიშნეს, რომ პრეზიდენტმა მათ არ შეუთანხმა ვიზიტი, რომელიც უცხოეთში განახორციელა, ეს იყო ერთი საკითხი. მეორე საკითხი იყო ის, რომ პრეზიდენტი ხელს არ აწერს ელჩების დანიშვნას და მესამე საკითხი - თითქოს პრეზიდენტმა დაარღვია პარლამენტის რეგლამენტი, როდესაც მან უკრაინის ელჩის მოადგილე მიიყვანა პარლამენტში. ამ სამ საკითხს ედავებიან სალომე ზურაბიშვილს თუმცა, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ამ კომპეტენციურ დავას არანაირი პერსპექტივა დიდი ალბათობით არ უნდა ჰქონდეს. საკონტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის შესაბამისად, საკონტიტუციო სასამართლოში დავის განხორციელებისთვის აუცილებელი პირობაა, რომ ნორმატიული აქტი წინააღმდეგობაში მოდიოდეს კონტიტუციასთან. ამ შემთხვევაში, პრეზიდენტს გამოცემული უნდა ჰქონდეს ეს ნორმატიული აქტი, რასაც სადავოს გახდის ესა თუ ის მოდავე მხარე. მე, როგორც ვხედავ, ასეთი აქტი ჩვენ სახეზე არ გავქვს, როგორც უცხოეთში ვიზიტთან დაკავშირებით, ისე ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ზაზა თავაძემ და აღნიშნა, რომ პრეზიდენტს ჰქონდა უფლება, რომ ამა თუ იმ წარდგენილ კანდიდატზე უარი ეთქვა, რადგანაც ეს აკრძალული არ აქვს.