ავტორი:

"83 წლის ქალი გააუპატიურე და უნიტაზი მოიპარე. ეს ბრძანებით არ გაიცემა... ეს არის ბრბოს ძალიან დაბალი დონის ცხოველური ინსტინქტების გამოვლენას" - გენშტაბის ექსუფროსი

"83 წლის ქალი გააუპატიურე და უნიტაზი მოიპარე. ეს ბრძანებით არ გაიცემა... ეს არის ბრბოს ძალიან დაბალი დონის ცხოველური ინსტინქტების გამოვლენას" - გენშტაბის ექსუფროსი

რუსეთის ჯარის სამხედრო კულტურის ნაწილი გახდა ასეთი სისასტიკე - ეს არ ჰგავს ისეთ მეთოდურ და სისტემურ განადგურებას, რასაც გერმანელი ფაშისტები აკეთებდნენ, ეს არც "წითელ ტერორს“ ჰგავს. ეს არის ბრბოს ძალიან დაბალი დონის ცხოველური ინსტინქტების გამოვლენა, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში“ "ჯეოქეისის" ექსპერტმა სამხედრო საკითხებში, გენშტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ვახტანგ კაპანაძემ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ვახტანგ კაპანაძე აღნიშნავს, რუსი ჯარისკაცები შეშინებულები და დემორალიზებულები არიან.

"მე დარწმუნებული ვარ, ბრძანებაში არ უწერიათ, რომ 83 წლის ქალი გააუპატიურე და უნიტაზი მოიპარე. ეს, ბრძანებით არ გაიცემა. როდესაც ჯარს ეუბნები, რომ ხისტად მოიქეცი, ამ დროს მეთაურების კოლექტიური თვალის დახუჭვაა, ეს მას აძლევს დაუსჯელობის გრძნობას. როდესაც ჯარისკაცს ამზადებ ბრძოლისთვის და მიმდინარეობს უკრაინელის დემონიზაცია და დეჰუმანიზაცია, ასევე ეს ჯარისკაცი გადაღლილი, შეშინებული და დემორალიზებული, ეს ყველაფერი ჯამში იძლევა იმ სურათს, რაც არის.

ვთვლი, რომ რუსეთის ჯარის სამხედრო კულტურის ნაწილი გახდა რუსების ასეთი სისასტიკე, მათი ხელწერა გახდა. ფსიქოლოგები და სოციოლოგები უნდა არჩევდნენ თუ რატომ ბოროტდება ასე ეს პიროვნება? რატომ აკეთებს ასე?! ეს არ ჰგავს ისეთ მეთოდურ და სისტემურ განადგურებას, რასაც გერმანელი ფაშისტები აკეთებდნენ, მათ რაღაც მიზანი, მეთოდი ჰქონდათ. არც "წითელ ტერორს“ ჰგავს. ეს არის ბრბოს ძალიან დაბალი დონის ცხოველური ინსტინქტების გამოვლენა", - აღნიშნავს კაპანაძე.

მან უკრაინის სამხედრო შეიარაღებაზეც ისაუბრა. როგორც ვახტანგ კაპანაძე განმარტავს, უკრაინას სასწრაფოდ ესაჭიროება მარტივი ბრუტალური, ლეტალური იარაღი.

"უკრაინას ძალიან სჭირდება შეტევითი დარტყმითი ლეტალური შესაძლებლობა, რაც არის ჯავშანტექნიკა და ტანკები. რა მანქანებიც მიიღეს და რაც გასაგზავნად მზადდება, ეს არის მხარდამჭერი მანქანები და არა საბრძოლო.

გასაგებია მოთხოვნა, რომ ნატომ ახალი იარაღი მიაწოდოს. "ლეოპარდი“ რომ მიაწოდონ, გერმანული ტანკი, ან "აბრამსი“ ამერიკული ტანკი, ამას უნდა მომსახურება, უზრუნველყოფა, რემონტი, ხელოსნები უნდა იყვნენ, ტანკი რთული პლატფორმაა, ეს ასე მარტივად არ შეიძლება. საჩქაროდ უნდა იყოს მარტივი, ბრუტალური, ლეტალური იარაღი“,- აღნიშნავს კაპანაძე.~

იხილეთ ასევე: